პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, კონკურსი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე" გამოცხადდა

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, კონკურსი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე" გამოცხადდა

ორგანიზაცია "განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტი" (EARI), პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად, ახორციელებს პროექტს "ჟურნალისტები კონსტიტუციაზე".

როგორც "ამბები.გე"-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, იურისტმა ლევან ალაფიშვილმა, ჟურნალისტმა ლუბა ელიაშვილმა და ორგანიზაცია "განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტის" წარმომადგენელმა თამარ დემეტრაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და მედიას კონკურსის დეტალები გააცნეს.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, პროექტი ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში გავრცელებული ჟურნალისტური ნაშრომების კონკურსს.

"განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტის" ინფორმაციით კი, 5 წევრისგან შემდგარი ჟიური (მათგან სამი ჟურნალისტი და ორი კონსტიტუციონალისტი) გამოავლენს 2017 წელს გამოქვეყნებული მასალებიდან საუკეთესოებს (I და II ადგილები) შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი, საუკეთესო რადიო სიუჟეტი, საუკეთესო ელექტრონული ნაშრომი, საუკეთესო საგაზეთო ნაშრომი. პროექტის ბოლოს გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულებს პრეზიდენტი დაასახელებს.

"ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. კონკურსის სხვა მონაწილეებს გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები. საპრიზო ადგილებზე გასული ავტორები დაჯილდოვდებიან: I ადგილისთვის - 1500 ლარით, II ადგილისთვის - 1000 ლარით. ჟიურისთვის წინასწარ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმებია: საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის სიღრმისეულად გაშუქება; საკითხის ობიექტურად გაშუქება, გადმოცემის სიმარტივე, საკითხზე ჟურნალისტის კომპეტენტურობა. კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 2017 წელს მომზადებული მასალები. ჟურნალისტებმა საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარადგინონ 18 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით. ჟიურის წევრებს ექნებათ ორი კვირა საკონსკურსო ნაშრომების გასაცნობად და შესაფასებლად", - განმარტავენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, ჟიურის შემადგენლობა ასეთია: თამარ ჩიქოვანი, ზვიად ქორიძე, ლუბა ელიაშვილი, კონსტანტინე ჩოკორაია, ლევან ალაფიშვილი. საკონკურსო ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: instituteeari@gmail.com საკონტაქტო ტელ.: 593 62 94 96; 558 45 11 12

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, "განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტის" (EARI) მიზანია სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლება; თვითმმართველობებში კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ხელშეწყობა ტრენინგების, ვორქშოფების მოწყობითა და კონკურსების ორგანიზებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი