ვინ არის 24 წლის გოგონა, რომელიც გარდაცვლილი მეუღლის სახელით უამრავ გაჭირვებულს ეხმარება

ვინ არის 24 წლის გოგონა, რომელიც გარდაცვლილი მეუღლის სახელით უამრავ გაჭირვებულს ეხმარება

24 წლის ეკა კობაიძის ცხოვრება 3 წლის წინ მოულოდნელად შეიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევას მისი მეუღლის - 21 წლის თორნიკე ბოხუას სიცოცხლე შეეწირა. ახალგაზრდა გოგონა მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდა, 10 თვის შვილით საყვარელი ადამიანის გარეშე დარჩა...

ეკა პროფესიით ბუღალტერია, მარტოხელა დედას ბევრი გაჭირვებული ოჯახი იცნობს, რადგან გარდაცვლილი მეუღლის სახელით ქველმოქმედებას ეწევა. მისი ინიციატივით "ფეისბუქზე" გვერდი შეიქმნა, რომლის მეშვეობით ეკა და მისი მეგობრები გაჭირვებული დედებისა და ბავშვების შესახებ ინფორმაციას იღებენ და ეხმარებიან მათ. AMBEBI.GE ეკა კობაიძეს ესაუბრა:

- მე და თორნიკემ ერთმანეთი მისაღებ გამოცდებზე გავიცანით. უკარება ვიყავი და ვერავის წარმოედგინა "გეპეიში" გამოცდებზე ვინმეს თუ გავიცნობდი, მაგრამ ეტყობა ბედი იყო. იცით, რომ გამოცდების დასრულების შემდეგ აბიტურიენტები ცალ-ცალკე გამოდიან საგამოცდო ცენტრიდან, ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც, მაგრამ როცა გამოცდიდან გამოვედი, დამიძახეს და უკან მიმაბრუნეს, ზუსტად მაგ დროს გამოვიდა თორნიკეც, ტელეფონის ნომრები გავცვალეთ, მითხრა: გამაგებინე, როგორ ჩააბარე გამოცდაო და იმის მერე სულ ერთად ვიყავით. მასზე საუბარი ყოველთვის მიჭირს, ჩემს მეგობრებთანაც კი ვერ ვსაუბრობ. 21 წლის ვიყავი, როდესაც მოხდა ტრაგედია, რომელსაც თორნიკეს და მისი ორი მეგობრის სიცოცხლე შეეწირა.

- რა მოხდა 2013 წელს?

- თორნიკე მეგობრებთან ერთად იყო, თავად არ სვამდა, ბიჭებმა დალიეს და მეგობართან მიდიოდნენ. საჭესთან თორნიკე იჯდა, ვარკეთილის ხიდებთან მოყინულ გზაზე მოუცურდა მანქანა და ტრაქტორს შეეჯახნენ. 5 ადამიანიდან 3 დაიღუპა. მაშინ ჩვენი შვილი ლუკა 10 თვის იყო. ის რაც მოხდა, ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმა იყო. ჩავიკეტე, შევიცვალე, არაფერზე ფიქრი არ შემეძლო, მაგრამ დედაჩემი, ჩემი დედამთილი, ჩემი შვილი, ჩემი ოჯახი და მეგობრები დამეხმარნენ ამ ტკივილის გადატანაში.

რთული გზა გამოვიარე, ჩაკეტილობამ კიდევ უფრო გამიმძაფრა ეს ტკივილი და დღემდე არ მაქვს გადატანილი. მე და თორნიკეს საერთო მიზნები გვქონდა, ჩემი დედამთილი იტალიაში ცხოვრობს, გვინდოდა სახლი გვეყიდა, ის ჩამოგვეყვანა საქართველოში და ჩვენი შვილისთვის საუკეთესო მომავალი მიგვეცა, მაგრამ უცებ შეიცვალა ყველაფერი და ახლა მარტო ვცდილობ ჩვენი საერთო მიზნების ასრულებას. თორნიკე ოჯახის ერთადერთი შვილი იყო, ვიცი დედამისს შვილს ვერ შევუცვლი, მაგრამ ჩემთვის ის ნამდვილად დედასავით არის და ყველაფერში გვერდში მიდგას, მინდა შვილის მაგივრობა გავუწიო და ჩამოვიყვანო. ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც მე და თოკას გვინდოდა.

- რატომ ეწევით ქველმოქმედებას თორნიკეს სახელით?

- სხვების დახმარებას ადრეც ვცდილობდი, მაგრამ ერთი წლის წინ, მეგობრებთან ერთად აქტიურად დავიწყე გაჭირვებულ ბავშვებზე ზრუნვა. მოძღვართან რომ ვიყავი, მან მითხრა, დაეხმარე სხვებს თორნიკეს სახელით და ეს შეგიმსუბუქებს სულიერ მდგომარეობასო. მისი სულისთვის სხვა რისი გაკეთება შემიძლია... ამ ყველაფერმა მიბიძგა, რომ რეალობაში გადამეტანა დიდი ხნის სურვილი - ოთხ მეგობართან ერთად მოვიძიეთ გაჭირვებული ბავშვების წერილები, რომლებსაც ელემენტარული მოთხოვნები ჰქონდათ, სოციალურ ქსელში გავაკეთეთ გვერდი და ზუსტად ერთ დღე-ღამეში, კეთილი ადამიანების დახმარებით 25 ბავშვი გავახარეთ. ჩემი მიზანი არის თორნიკეს სულისთვის გავაკეთო რაღაც და ეს რაღაც არის ადამიანების დახმარება.

- ალბათ ამ დროის განმავლობაში, რაც ქველმოქმედებას ეწევით, ბევრ გაჭირვებულ ადამიანს შეხვდით... რომელიმე მათგანი განსაკუთრებით თუ დაგამახსოვრდათ?

- არ დამავიწყდება მრავალშვილიანი დედა, რომელსაც საწოლი არ ჰქონდა ბავშვებისთვის, პატარებს ფიცარზე ეძინათ და სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. ამას ისიც ემატებოდა, რომ დედა ბავშვებს შიმშილის მოსაკლავად ძირითადად წყალს ასმევდა. ასევე დედა, რომელიც ორ შვილთან ერთად სასაფლაოზე ცხოვრობდა.

- როგორ გიკავშირდებიან გაჭირვებული ოჯახები?

- სოციალურ ქსელში გვწერენ ჩვენი გვერდის მეშვეობით "ერთად დავეხმაროთ ბავშვებს", ასევე გვირეკავენ. არის შემთხვევები, როცა რეალურად არ უჭირთ და დახმარებას ითხოვენ, ამიტომ გავამკაცრეთ წესები და მხოლოდ უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს ვეხმარებით პროდუქტებით და ნივთებით.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი