რას ყვება ანაკლიაში დაღუპული გოგონას ახლობელი და რა წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა დედამ შვილის სიკვდილამდე

რას ყვება ანაკლიაში დაღუპული გოგონას ახლობელი და რა წინასწარმეტყველური სიზმარი ნახა დედამ შვილის სიკვდილამდე

აგვისტოს დასაწყისში მთელი საქართველო შეძრა ტრაგიკულმა ცნობამ იმის შესახებ, რომ ანაკლიაში ნარკოტიკების ინტოქსიკაციით 21 წლის გოგონა, ნათია თავართქილაძე გარდაიცვალა.

ნათია ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Gem Fest-ს, ესწრებოდა, იქ სულ რაღაც 3 დღის გატარებას გეგმავდა. 3 აგვისტოს, 5-ის ნახევრისთვის, სოციალურ ქსელში ფოტო ატვირთა. რამდენიმე საათში კი ნარკოტიკებით მოწამლული საავადმყოფოში მოხვდა. 8-საათიანი მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თიკო კობახიძე მხატვარია. 27 ივლისს სოციალურ ქსელში საკუთარი ნახატი ატვირთა, რომელიც ასე დაასათაურა: "კოშმარული სიზმარი". დაინტერესებულ მეგობრებს კი კომენტარებით ასე აუხსნა: "აუ, გოგოებო, საშინელი სიზმარი იყო, პატარა ფურცელზე რთული გადმოსაცემია".

თიკო კობახიძის მეგობარი, მარიკა ხიდირბეგიშვილი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ამ სიზმრის ნახვის შემდეგ დედა შვილს სთხოვდა, ანაკლიაში არ წასულიყო, მაგრამ ვერაფერს გახდა.

მარიკა ხიდირბეგაშვილი:

- ნათია ანაკლიაში მეგობრებთან ერთად წავიდა. ისინი ყვებიან, რომ შევიდნენ ამ ფესტივალის ტერიტორიაზე და კოქტეილი დალიეს. ამის მერე ბიჭები ცალკე ცეკვავდნენ და გოგონები - ცალკე. ცოტა ხანში კი ნათია ვეღარ დაუნახავთ. 4 საათი ეძებდნენ. ამ დროის განმავლობაში ნათიას ტელეფონზე უამრავი მესიჯია შესული - სად ხარო და პასუხს არ სცემდა. არავინ იცის, სად იყო ის 4 საათი.

მერე აღმოჩნდა, რომ ზღვის სანაპიროზე იყო და იქვე მყოფ ვიღაც ბიჭს უთხრა, ცუდად ვარო. იქ მცხოვრები ყოფილა ის ბიჭი, რომელმაც მაშინვე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. აქედან უკავშირდებოდნენ ჩვენი ახლობელი ექიმები ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმებს და ეუბნებოდნენ, ახლა ეს გაუკეთეთ და ახლა ის გაუკეთეთო... როგორც მითხრეს, იქიდან პასუხობდნენ, სძინავს და ძილში გამოვაო. თუ სისხლში რაღაც ჰქონდა, როგორ გამოვიდოდა ძილში! ეს მოყოლილი ამბავია. შეიძლება არც არის მართალი და მართლაც ყველაფერი იღონეს ექიმებმა. 4 აგვისტოს, დღის 12 საათისთვის გარდაიცვალა.

- ეჭვი გაქვთ, რომ იმ კოქტეილში იყო გარეული ნარკოტიკი, რომელიც ფესტივალის ტერიტორიაზე დალია?

- მათ ბიძაშვილს, ნინო კობახიძეს, რომელიც სამართალდამცავ სტრუქტურებშია ნამუშევარი, იმ დღესვე უთხრეს, რომ კოქტეილში იყო ჩასხმული ნარკოტიკი "ბიო" და ამ სახით მიიღო ნათიამ. ამ ანალიზის პასუხიც მიიღო. არ ვიცი, ნათიას მეგობრების კოქტეილშიც იყო თუ არა ეს "ბიო" გარეული, მაგრამ ეს ბავშვი შეეწირა. ამ ფესტივალიდან 40 ადამიანი გადაუყვანიათ საავადმყოფოში. ფაქტია, რომ იქ ძალიან საშინელი რაღაც ხდებოდა.

- რამდენი დღით იყო ნათია ანაკლიაში წასული?

- 3 დღით. მეორე დღეს კი გარდაიცვალა. დედამისი ყოველ წუთს ელაპარაკებოდა, მუდმივად იცოდა, სად იყო და რას აკეთებდა. ათას სისულელეს წერენ, დედას ყურადღება მიექციაო... ვერ გადმოგცემთ, როგორი დედაა თიკო, ერთი წამით არ მოუცილებია გვერდიდან. ცხოვრებაში პირველად გაუშვა და... წერენ, მაღალჩინოსანი დედა ჰყავდა და იმიტომ გამოცხადდა ეს განგაშიო, რაც ტყუილია. თიკო პრემიერის აპარატში ერთი რიგითი თანამშრომელია. უკეთილშობილესი ადამიანია, ხატავს, წერს... გარეგნობით მუდამ გამორჩეული ქალი იყო და შვილებიც - ასეთივე, ძალიან კეთილი ადამიანები არიან.... ნათიას მამა 7 თვის წინ გულით გარდაიცვალა. ნათიას ერთი და ჰყავს, გათხოვილია და 9 თვის შვილი ჰყავს. დაც არაჩვეულებრივი გოგოა, ყველას რომ უყვარს, ისეთი. ნათია ხომ, ვინც იცნობდა, საერთოდ ყველას უყვარდა.

- ნათიას დედას ამ უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე "კოშმარული სიზმარი" დაუხატავს. ხომ არ იცით, რა დაესიზმრა?

- ამ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე ესიზმრა, თითქოს ნათიასთან ერთად ზღვის სანაპიროზე იყო, ძალიან ლამაზი ლურჯი ზღვა ყოფილა. უცებ კი ზღვიდან მყინვარივით სამკუთხედი ამოსულა, რომელიც წახნაგოვანი ყოფილა. თიკო ყვება, საშინელი სანახავი იყო და ხმელეთისკენ რომ მოვიხედე, იქითაც იგივე სურათი იყოო.

ის სამკუთხედი დაიმსხვრა, გადაგვიარა თავზე და ფეხზე რომ წამოვდექი და მივიხედ-მოვიხედე, ხალხი აქეთ-იქით ეყარა, ზღვის ნაპირი თევზებით იყო სავსე და ნათია არსად ჩანდა, დავრბოდი და ვეძებდიო. ვითომ თბილისში ჩამოვედი, მერე უკან წავედი და ვყვიროდი, ზღვამ დამღუპა, ზღვამ დამღუპა და ჯვარზე მეკიდა ხელიო. თიკოს უხვეწნია ნათიასთვის, არ წახვიდეო... პირველი ხელფასით უყიდია ნათიას ამ ფესტივალის ბილეთი ფასდაკლების პერიოდში რამდენიმე თვის წინ და, როცა დედა ეუბნებოდა, არ წახვიდეო, თურმე შეუვალი სახე უხდებოდა. მთელი წელი უამრავჯერ ულაპარაკიათ ამაზე, მაგრამ მტკიცედ ჰქონია გადაწყვეტილი იქ წასვლა...

რუსუდან ადვაძე

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი