"ვასიკოს წასვლით ყველაფერი დავკარგე" - ცნობილი ენდოკრინოლოგის, ელენე გიორგაძის დიდი ტკივილი

"ვასიკოს წასვლით ყველაფერი დავკარგე" - ცნობილი ენდოკრინოლოგის, ელენე გიორგაძის დიდი ტკივილი

ზოგჯერ საკუთარ დაავადებასთან ბრძოლაში ექიმიც უძლურია და ბევრი მცდელობის მიუხედავად, ყველაფერი მაინც ტრაგიკულად სრულდება... მიმდინარე წლის მარტში, სწორედ ავადმყოფობის შედეგად, ცნობილი ენდოკრინოლოგი ვასილ ჩაჩიბაია გარდაიცვალა, რომელმაც დიდი ტკივილი და თბილი მოგონებები დატოვა ოჯახის წევრებში, მეგობრებში, პაციენტებში...

როგორც ახლობლები ამბობენ, 1-ელი სექტემბერი ვასიკო ჩაჩიბაიას დღეა, - შემოდგომის ამ პირველ დღეს 63 წელი შეუსრულდებოდა... ვინც ამ ადამიანს იცნობდა, ამბობს, რომ ის იყო კაცი, რომელიც გახსნილი იყო ყოველგვარი სიახლისთვის. საქმეში უშიშარი, თავდადებული, უანგარო, პროფესიონალი...

მას უკავშირდება ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის დაარსებაც - ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ...

თუ მისი ცხოვრების გზას გავყვებით, ცნობილი ხდება, რომ დამთავრებული ჰქონდა პატრის ლუმუმბას სახელობის მოსკოვის ხალხთა მეგობრობის სამედიცინო უნივერსიტეტი. ასპირანტურაში ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების აკადემიაში ენდოკრინული ქირურგიის სპეციალობით ჩაირიცხა.

შესრულებული აქვს სამეცნიერო შრომები, რის შემდეგაც მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისა და დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ენდოკრინულ ქირურგიაში.

10 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა N3 კათედრის ასისტენტი და შემდგომში პროფესორი გახლდათ.

12 წელი თბილისის მე-4 კლინიკურ საავადმყოფოში ენდოკრინულ დარღვევათა და ენდოვიდეოქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის დაფუძნების შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე ამავე ინსტიტუტის ქირურგიული განყოფილების გამგე იყო. მისი ხელმძღვანელობით 5000-ზე მეტი ქირურგიული ოპერაცია შესრულდა.

ბატონი ვასილი ცნობილი ენდოკრინოლოგის, ელენე გიორგაძის მეუღლე გახლდათ. ქალბატონი ელენეს მეუღლეზე ახლა წარსულში საუბარი ცრემლის გარეშე არ შეუძლია.

ელენე გიორგაძე:

- რთულია ამ თემაზე ლაპარაკი. მე და ჩემს მეუღლეს განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, - თითქმის 30 წელი (ცოტა დააკლდა) ერთად გავიარეთ. ჩემთვის გამორჩეული ადამიანი იყო. მხოლოდ მეუღლე არ ყოფილა - ჩემი საყვარელი ადამიანი, კოლეგა და უახლოესი მეგობარი გახლდათ. ამიტომ ურთიერთობაშიც აბსოლუტურად ყველა კომპონენტი გვქონდა, მისი წასვლით კი ყველაფერი დავკარგე, დამაკლდა...

24 საათის განმავლობაში ერთად ვიყავით... ახლა საშინელი სიცარიელეა და საოცარი მარტოობის შეგრძნება მაქვს. თუმცა ალბათ ამის თქმა სირცხვილია მაშინ, როცა 2 არაჩვეულებრივი ქალიშვილი მყავს, კარგი სიძეები და 2 შვილიშვილი, რომლებიც ცდილობენ, დარდი ყველანაირად შემიმსუბუქონ...

გარდა ამისა, მე და ვასიკოს ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა და თითოეული მის გარდაცვალებას ძალიან განიცდის. დღეს ისინიც ჩემ გვერდით არიან... დიახ, ვასიკო ჩემი მეორე ნახევარი იყო... ალბათ ჩემი წარმატებები ისე როგორც მას, არავის უხაროდა. ზუსტად ისე ახარებდა, როგორც მშობელს შვილის წარმატება... როდესაც ცნობილი ექიმი გავხდი, არადა, ამ დროს არანაკლები სახელის მქონე სპეციალისტი იყო, ამბობდა, მე ელენე გიორგაძის მეუღლე ვარო...

როცა დავიწუწუნებდი, - გადავიღალე და რაიმე ახალი საქმის დაწყების დრო აღარ მაქვს-მეთქი. არასდროს მაძლევდა მოშვების უფლებას. მუდმივად გვერდში მედგა, მამხნევებდა და ძალას მმატებდა. დღითი დღე ვგრძნობ და ვრწმუნდები, რომ მამოძრავებელი და გამწევი ძალა დავკარგე. ვასიკო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული იყო...

- როგორ შეხვდა საკუთარ ავადმყოფობას?

- იმის შემდეგ, რაც დიაგნოზი გაიგო, ამაზე საერთოდ არ ლაპარაკობდა. ბოლო წუთამდე თავის ხასიათს ინარჩუნებდა, არაფერზე უთქვამს, ახლა ამის დრო არ არის და აღარ გავაკეთებო. ძალიან ძლიერი პიროვნება იყო - ყოველთვის გაღიმებული სახითა და იუმორის გრძნობით სავსე. აქეთ გამხნევებდა და არავის აჩვენებდა, თვითონ რას განიცდიდა...

1-ელ სექტემბერს 63 წლის გახდებოდა...

დიახ, ენერგიით, ძალითა და სიცოცხლით სავსე წავიდა. ამიტომაც არის, რომ ბევრი ადამიანი მართლა გულით განიცდის მის გარდაცვალებას... ყველგან სიკეთეს, სიყვარულს თესავდა. ოპტიმისტი იყო, მის გვერდით ნებისმიერი საქმე მსუბუქად მეჩვენებოდა.

ხომ გეუბნებით, სულ ერთად ვიყავით, ერთად ვმუშაობდით ვცხოვრობდით და ვისვენებდით. უცხოეთში ტრენინგებსა და კონფერინციებზეც თან დამყვებოდა იმისთვის, რომ საქმიდან თავისუფალ დროს ისევ ერთად ვყოფილიყავით. მეგობრები რომ ვიკრიბებოდით, ქალბატონების შეკრებაზეც კი ჩვენთან ერთად იყო, ბოლოს უკვე ვერც კი ვხვდებოდი, მე ვიყავი მათი მეგობარი თუ ვასიკო. ყველა მიჩვეული იყო იმას, რომ ჩვენ გვერდით უნდა ყოფილიყო... ცოტა ხნის წინ კი ყველა ერთად დაგვტოვა... არაჩვეულებრივი მამა, ბაბუა გახლდათ, შვილიშვილებს მისი სახით ბევრი დააკლდათ. არც ვიცი, ვინმეს კიდევ თუ შეუძლია შვილებს მისცეს იმდენი, რაც მან შეეძლო. ამასთან, იყო შესანიშნავი ძმა, შვილი, სიძე, ამხანაგი, ვერ მოვნახე მხარე, რაშიც შეიძლება, რომ ცუდი ყოფილიყო. ჰქონდა თვისება არავის დაკლებოდა და ყურადღება, სიყვარული და თანადგომა არ გამოეხატა.

ძალიან ჭირს იმასთან შეგუება, რომ ვასიკო აღარ არის...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი