როგორ გადაარჩინა ნოე ჟორდანიას მთავრობამ ნაცისტებისაგან ქართველი ებრაელები - ისტორია, რომელიც ფილმის სიუჟეტს გავს

როგორ გადაარჩინა ნოე ჟორდანიას მთავრობამ ნაცისტებისაგან ქართველი ებრაელები - ისტორია, რომელიც ფილმის სიუჟეტს გავს

1933-1945 წლებში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ ევროპის ტერიტორიაზე ებრაელების, ბოშების, საბჭოთა ტყვეების, შავკანიანი გერმანელების, პოლონელი ინტელექტუალების, იეჰოვას მოწმეების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მიმართ განხორციელებული გენოციდი. ოფიციალურად მიღებული საერთაშორისო ისტორიოგრაფიის მონაცემებით, გენოციდის შედეგად დაღუპული ებრაელების რაოდენობა 6 მილიონს აჭარბებს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა შუბითიძე გვიამბობს ისტორიას, თუ როგორ გადაარჩინეს წამებით სიკვდილს ნოე ჟორდანიას მთავრობის წევრებმა ქართველი ებრაელები:

- მეორე მსოფლიო ომიდან ცნობილია ზოგიერთი ადამიანის ვინაობა, რომლებმაც ებრაელები სიკვდილს გადაარჩინა - მაგ. ოსკარ შინდლერი, რომელმაც 11 ათასი პოლონელი ებრაელი იხსნა სიკვდილისგან. ასეთ ადამიანებს შორის ყოფილან ნოე ჟორდანია და მისი ემიგრანტული მთავრობის წევრები. გვიამბეთ მათ შესახებ...

- გარდაცვალებამდე (2002 წ. ისრაელი) პროფესორმა აბონ ციციაშვილმა დაწერა შესანიშნავი, 800-გვერდიანი წიგნი "ებრაელები და საქართველო", რომელიც გამოვიდა 2003 წელს და ეს არის ქართულ - ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის უკვდავი ძეგლი. წიგნის რედაქტორი გახლავართ და ჩემივე ინიციატივით ხაშურში ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა მისი სახელი, სურამში ცენტრში არსებულ სკვერს "ქართულ - ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის სკვერი" და ერთ- ქუჩას იერუსალიმის ქუჩა.

აბონ ციციაშვილს ამ წიგნში მოთხრობილი აქვს სწორედ ეს ამბავი - ქართული მთავრობის მიერ ებრაელთა გადარჩენისა. ამ საქმეში ქართველებმა ღირსეული სიტყვა თქვეს დანიელ ხალხთან ერთად. ასევე დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინა ბუდაპეშტში შვედეთის საელჩოს ატაშემ რაულ ვალენბერგმა, რომელმაც 100 ათასამდე უნგრელი ებრაელი გადაარჩინა, იაპონელმა დიპლომატმა სუციხარიმ 10 ათასზე მეტი ლიტველი ებრაელი იხსნა, 45 ათასი ებრაელი გადარჩა ესპანეთის დიქტატორის ფრანკოს მითითების შედეგად და ა. შ. თუმცა, გერმანელებმა მაინც მოახერხეს 6 მილიონი ებრაელის მოსპობა.

- როგორ მოხდა იმ დროისთვის ეს მართლაც გასაოცარი ფაქტი?

- 1944 წელს 16 ოქტომბერს პარიზის მთავარმა რაბინმა ჟაკობ კაპლანმა წერილი გაუგზავნა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას, რომელშიც დიდ მადლობას უხდის იმ დიდსულოვანი თანადგომისთვის, რაც "თქვენ გაუწიეთ ჩვენს თანამემამულე ებრაელებს. თქვენი უანგარო მეცადინეობით, საფრანგეთის ოთხწლიანი ოკუპაციის დროს მათ არ შეხებიათ რასისტული რეჟიმის სუსხი. ჩემთვის ცნობილია ის დიდი მადლიერება, რასაც თქვენი თანამემამულე ებრაელები გამოხატავენ თქვენს მიმართ. თავს მოვალედ ვრაცხ, პარიზის ებრაული თემის სახელით გადმოგცეთ მადლობის სიტყვები. თქვენი კეთილშობილებისა და სამართლიანობის გამო".

ლეო ელიგულაშვილის გადმოცემით, ბიძამისთან იოსებ ელიგულაშვილთან (დამოუკიდებელ საქართველოში ფინანსთა მინისტრის მოადგილე) მისულა ოჯახში ნოე ჟორდანია პარიზში, სადაც მოიწვია ევგენი გეგეჭკორი, მიხეილ კედია, რომელიც ბერლინში ე.წ SS-ის პოლკოვნიკი იყო და უთხრა "ჩვენი ებრაელობა უნდა გადავარჩინოთო". ებრაულ გვარებს გაუკეთეს ქართული დაბოლოებები: მაგ. "რაბინოვიჩი" - "რაბინაშვილი", "გუბერნიცკი" -" გუბერნიძე" და ა. შ. ამ ხერხით არა მარტო ჩვენ, ქართველი ებრაელობა გვიხსნეს, არამედ ასობით, რუსი და სხვა ქვეყნის ებრაელები.

ასევე წაიკითხეთ: "ქართველი შინდლერი"

ებრაელებმა შემდეგნაირად გამოხატეს მადლიერება ქართული მთავრობის მიმართ. იერუსალიმში არის II მსოფლიო ომში დაღუპული 6 მილიონი ებრაელის ხსოვნის ინსტიტუტი "იად- ვა-შემის" ("ხელი და სახელი") მუზეუმი. მის შესასვლელთან ხეივანში ხეები არაებრაელთა სახელზეა დარგული, რომელთა ღვაწლით არაერთი ებრაელი გადაურჩა სიკვდილს. ესენი მსოფლიოს ხალხთა წმინდანებია...

ვიქტორ ხომერიკი ბათუმში

1980 წლის 27 ივნისს პარიზის ქართულმა სათვისტომომ, კერძოდ ვიქტორ ხომერიკმა წერილი გაუგზავნა ლეო ელიგულაშვილს. რომელშიც თხოვდა მას, რომ ნოე ჟორდანია, ევგენი გეგეჭკორი, კონსტანტინე კანდელაკი, ნოე ცინცაძე, ალექსანდრე ქორქია და მიხეილ კედია ღირსეულად ყოფილიყვნენ მოხსენიებულნი "იად-ვა- შემში".

იმავე წელს ლეო ელიგულაშვილმა საფრანგეთში მცხოვრები ებრაელების სახელით წერილი გაუგზავნა ისრაელის მთავრობას, რათა მსოფლიოს ხალხთა წმინდანების რიცხვში "იად-ვა-შემში" მოეხსენებინათ ზემოთხსენებული პირები, რომლებმაც ასობით ებრაელი იხსნეს უეჭველი სიკვდილისგან.

სამწუხაროდ, მაშინ ეს კეთილშობილური ცდა მარცხით დამთავრდა. ქართველებს კვანტი ისევ ქართველმა დაუდო.

პარიზის უნივერსიტეტის ქართული ენის პროფესორმა გიორგი შარაშიძემ დაწერა, რომ მიხეილ კედია იყო "ეს-ეს-ის" პოლკოვნიკი და ნაცისტიო. ამ წერილის საპასუხოდ "იად- ვა-შემ"-ის ინსტიტუტმა ვეტო დაადო ამ საქმეს.

იმედია ამ ინტერვიუს ისრაელის საელჩოს თანამშრომლებიც წაიკითხავენ. მე მინდა მივმართო ელჩს, რომელსაც პირადად ვაჩუქე აბონ ციციაშვილის ეს წიგნი 2016 წლის სექტემბერში ხაშურობის დღესასწაულზე, დაინტერესდეს ამ საკითხით, ხელახლა შეისწავლოს და გაუგზავნოს ახალი წერილი "იად-ვა- შემ"- ის დირექციას, რათა აღნიშნული ქართველები დაგვიანებით მაინც იქნენ მოხსენიებულნი მსოფლიოს ხალხთა წმინდანებში.

თუ მაინცდამაინც ამოიღონ ამ სიიდან მიხეილ კედია (არადა ის იყო მთავარი ამ საქმეში ჟორდანიასთან ერთად), დანარჩენები კი დატოვონ... ასეთი გადაწყვეტა საქმის კიდევ ერთ დადებით შტრიხს შესძენს ქართულ-ებრაულ 26 საუკუნოვან მეგობრობას, რომელიც კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს დღეს.

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE

ფოტოები: ეროვნული ფოტომატიანე; უჩა ოქროპირიძე

გოგონას, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

სკანდალური განქორწინებები - ცნობილი ქართველი წყვილები, რომელთა დაშორებამ საზოგადოება აალაპარაკა

ლოტო "იმედზე" გადადის