ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელსაც ბანკმა გვარი "აჩუქა"

ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელსაც ბანკმა გვარი "აჩუქა"

მსახიობი ედმონდ მინაშვილი მეორე გვარსაც (აბაშიძე) ატარებს. ამბობს, რომ თავადური გვარი ერთ-ერთმა ბანკმა აჩუქა. ის გვიამბობს, სპონტანურად მიღებულმა გადაწყვეტილებამ როგორ გაუკვალა გზა წარმატებისკენ...

- 2010-2011 წლებში ერთ-ერთი ბანკის სარეკლამო პროექტში ვმონაწილეობდი. გაიხსენეთ "ედმონდის დღიურები", გრძელი თმა მქონდა, ფულს ვმარხავდი და მერე მთელი დედამიწა ჩემს დამარხულ ფულს ეძებდა... მოკლედ, რეალურად, ედმონდ მინაშვილი ვარ - იმერელი გლეხი, მაგრამ როდესაც რეკლამის კასტინგზე გავედი და დამამტკიცეს, ამიხსნეს: შენი გმირი მისტიკური პირია, მდიდარი. მას შენს სახელს დავუტოვებთო. ვინაიდან ჩემი პერსონაჟი არისტოკრატიული ფენის წარმომადგენელი იყო, თავადი, ამიტომ, აბაშიძედ მიმაწერეს და ახლა ყველა აბაშიძედ მიცნობს. აი, ასე "მაჩუქა" ბანკმა გვარი...

- სახელი როგორ შეგირჩიეს?

- "გრაფ მონტე კრისტო" - ედმონდ დანტესი. ბაბუაჩემი ამ წიგნსა და გმირზე გიჟდებოდა...

- მსახიობობა რატომ გადაწყვი­ტეთ?

- მეექვსე კლასში ვიყავი და ერთხელაც, სკოლიდან სახლში რომ მოვედი, ტელევიზორში წარმოდგენა გადიოდა - ვიღაც კაცი საოცრად ახალისებდა დარბაზს, ხუმრობდა, მღეროდა. ვუყურებდი და ისე გამიტაცა, რომ დამთავრდა, დედა გავაოცე, - თეატრალურში უნდა ჩავაბარო-მეთქი. ის სპექტაკლი კი მარჯანიშვილის თეატრის წარმოდგენა - "ძველი ვოდევილები" იყო, ხოლო მსახიობი, ვინც მე ამანთო, ვასო გოძიაშვილი. მას მერე დედას ვაშანტაჟებდი, მსახიობი თუ არ გამოვალ, გავლოთდები და ცუდი ბიჭი გავხდები-მეთქი. დედას, როგორც მშობლების უმეტესობას, უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. სკოლა რომ დავამთავრე, ჯერ ატესტატიც არ მქონდა აღებული, გიგა ლორთქიფანიძის განცხადება მოვისმინე ტელევიზიით: თეატრალურ უნივერსიტეტში 21-23 ივნისი საბუთების მიღების ბოლო ვადააო. 21 ივნისი იყო და ვთქვი, - დედა, სასწრაფოდ უნდა წავიდეთ თბილისში-მეთქი... მოკლედ, ყველა საჭირო საბუთი ერთ დღეში მოვაგროვე. 22-ში ღამე მატარებლით წამოვედი და 23-ში აქ ვიყავი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - წამოსასვლელი ფული არ მქონდა და სკოლის ბანკეტის შეგროვილი თანხიდან ვისესხე. კლასელებს ვუთხარი, თბილისიდან რომ ჩამოვალ, დავაბრუნებ, მამიდა მომცემს-მეთქი. იმედი მქონდა, რომ 23-ში საბუთებს შევიტანდი, ბანკეტზე ჩავიდოდი და მერე უკვე გამოცდებზე წამოვიდოდი, მაგრამ შევიტანე თუ არა, მითხრეს, 25-ში გაქვს პირველი ტურიო. ამიტომ, ბანკეტზე ვერ ვიყავი... ჩემი კლასელების ბანკეტის ვიდეოს რომ ვუყურებ, გულში სევდა მაქვს, - ერთი მხრივ მიხარია, რომ ის გავაკეთე, რაც მინდოდა, მაგრამ გული მწყდება, რომ იქ არ ვიყავი.

- გამოცდები ადვილად ჩააბარეთ?

- საოცარი ჟიური დამხვდა: ლილი იოსელიანი, გოგი მარგველაშვილი, ლეილა კაპანაძე, მანანა ბერიკაშვილი, გიორგი შალუტაშვილი, კოტე ფურცელაძე, კოტე მახარაძე. ადამიანები, ვინც მხოლოდ ტელევიზორში მყავდა ნანახი და მათ წინაშე 16 წლის, სოფლიდან ჩამოსული ბიჭი წარვდექი. გამოცდაზე დიდხანს გამაჩერეს და გავაკეთე აბსოლუტურად ყველა სისულელე, რაც შეიძლებოდა. ერთმა წევრმა მითხრა, - თქვენი სახელი სად გვხვდება, თუ იცითო? - ალექსანდრე დიუმას "გრაფ მონტე კრისტოში", ედმონდ დანტესი-მეთქი. - კიდევ, სად? თუ მსახიობობა გინდა, უნდა იცოდეო, მერე დასძინა: ვინმე შექსპირი გაგიგონიაო? დავიძაბე, ვინმე შექსპირი უცებ წარმოვიდგინე, კიდევ ხომ არ იყო უილიამის გარდა სხვა-მეთქი. - ვინმე არა, უილიამ შექსპირი კი გამიგონია-მეთქი. - ეს უზრდელიც ყოფილაო, - ჩათვალა, რომ თავხედურად ვუპასუხე: - მერე "მეფე ლირში" რომ ედმონდი არის, არ იციო? - ის ედმუნდია-მეთქი, - ამაზე სულ გადაირია. იმის მერე ჩემზე გადაკიდებული იყო... გამოცდიდან რომ გამოვედი, კოტე მახარაძემ თავზე ხელი გადამისვა: შენ გამო ბევრი ვიბრძოლე. იმედია, არ გამიცრუებ იმედსო. ღმერთმა გაანათლოს მისი სული, მის საფლავზე ხშირად მივდივარ...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი