"როცა მეუღლე დავკრძალე, მაშინ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი..." - ვინ არის ბიჭუნა, რომელიც შს მინისტრმა პირველ კლასში მიაცილა

"როცა მეუღლე დავკრძალე, მაშინ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი..." - ვინ არის ბიჭუნა, რომელიც შს მინისტრმა პირველ კლასში მიაცილა

პირველი ზარი დღეს საქართველოს ყველა სკოლაში დაირეკა. პატარები სკოლაში მშობლებმა გააცილეს, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც... 7 წლის ზუკა ზოიძეს მამა არ ჰყავს, მისი მამიკო 2009 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. გმირი პოლიციელის შვილი სკოლაში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა წაიყვანა. როგორც ზუკას დედამ, მაია ფარტენაძემ AMBEBI.GE-ს უამბო, მინისტრის გამოჩენას ზუკა განსაკუთრებულად ელოდა და ამისთვის დილით ადრე გაიღვიძა:

- ორი შვილის დედა ვარ, მყავს მარიამი და ზუკა. ზუკა წელს პირველად წავიდა სკოლაში. მას სმენის პრობლემები აქვს, ამიტომ სკოლა "ნერგებში" შევიყვანეთ. სანამ სწავლა დაიწყებოდა, ის აქტიურად ემზადებოდა სასწავლო წლისთვის, ვასწავლეთ კითხვა, უკვე დამარცვლაც შეუძლია. მოულოდნელად გავიგეთ, რომ მას სკოლაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი წაიყვანდა. ზუკა მოუთმენლად ელოდა, გაღვიძება ძალიან უჭირს, მაგრამ დღეს ადრე გაიღვიძა და მოემზადა ბატონი გიორგის დასახვედრად. მინისტრის მოსვლა ძალიან გაეხარდა, არ ელოდა საჩუქრებს და საჩუქრებიც რომ გადასცა, ამან განსაკუთრებულად გაახარა.

ჩემი მარიამიც სამინისტროს თანამშრომლებს მიყავთ ყოველწლიურად სკოლაში, მაგრამ მინისტრის მოულოდნელი სტუმრობა და ზუკას გვერდით დგომა ამ განსაკუთრებულ მომენტში, ძალიან სასიხარულო იყო ჩვენთვის. მიხარია, რომ მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან დღეს მან ეს დიდი ნაბიჯი შს მინისტრთან, მისი მხარდაჭერით, მასთან ერთად გადადგა. მე ყველაზე მეტად ვგრძნობ ზუკას სიხარულს და სიამაყეს, რომ მამამისი ახსოვთ და პატივს სცემენ. ზუკამ იცის, რომ მარტო არ არის, რომ მის გვერდით დგას გიორგი მღებრიშვილი და მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გიორგის მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, თანაგრძნობისთვის, სიხარულისთვის, იმედისთვის, ეს ჩენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- რა საჩუქარმა გაახარა ზუკა ყველაზე მეტად?

- უამრავი საჩუქარი მოუტანა მინისტრმა, თუმცა ყველაზე მეტად ლეპტოპმა გაახარა. გვაქვს ლეპტოპი, მაგრამ ზუკა და მარიამი ხშირად კინკლაობდნენ ერთი ლეპტოპის გამო, ახლა კი ორივეს საკუთარი ლეპტოპი ექნება და ზუკას ეს ამბავი ძალიან ახარებს.

- როდის დაიღუპა თქვენი მეუღლე?

- ჩემი მეუღლე ზურა ზოიძე, აჭარის სასაზღვრო პოლიციის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. საკუთარ სამსახურზე არასდროს საუბრობდა და არც ვიცი ზუსტად რა მოხდა... ღამე დაურეკეს და უთხრეს, რომ სარფის საზღვარზე იყო რაღაც შემთხვევა, სასწრაფოდ გავიდა სახლიდან და აღარც დაბრუნებულა... მაშინ ორი წლის და ექვსი თვის იყო მარიამი, როცა ზურა დავკრძალეთ მერე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მამის სახელი დავარქვი, მაგრამ ზურას ვერ ვეძახი. ბავშვი უმძიმესი, მეოთხე ხარისხის სმენადაქვეითების დიაგნოზით დაიბადა. მეუღლის გარდაცვალების და ბავშვის გაჩენის შემდეგ, სასაზღვრო პოლიციაში დავიწყე მუშაობა. რთული იყო ჩემთვის ორი შვილის მარტო გაზრდა, მაგრამ ეს შევძელი!

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"არ იტიროთ, ხალხო... ანიტამ დაგვავალა, მისი სახელით არასდროს გაჩერდეს სიკეთე" - ანი­ტა ფა­ცა­ციას მშობლების მიმართვა, რომელსაც უცრემლოდ ვერ მოისმენთ

მნიშვნელოვანი სიახლე აბიტურიენტებისთვის - 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩაბარდება

ქართველი ლექტორის და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ამბავი - "საკუთარი რელიგია შექმნა... სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდა"