როდის იქცევა ხალი ავთვისებიან სიმსივნედ - სიმპტომები და რეკომენდაციები დერმატოვენეროლოგისგან

როდის იქცევა ხალი ავთვისებიან სიმსივნედ - სიმპტომები და რეკომენდაციები დერმატოვენეროლოგისგან

მედიცინა დღესდღეობით კანზე არსებულ ხალს (სხვადასხვა ფერის და ფორმის შეიძლება იყოს) დიდი აღტაცებით ვერ ხვდება, რადგან ეს წარმონაქმნები ადამიანს ხშირად პრობლემებს უქმნის. თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთს ხალი მთელი ცხოვრების მანძილზე უსაფრთოდ ჰქონდეს.

ხალი კანზე არსებული პიგმენტური ლაქაა, რომელიც ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება ან ცხოვრების მანძილზე უჩნდება... როდის წარმოადგენს ის ადამიანისთვის საფრთხეს, როგორ მოვუაროთ მას და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხალი კანის კიბოდ არ გარდაიქმნას, ამ თემაზე AMBEBI.GE-ს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დერმატოვენეროლოგი ირაკლი კუტალია ესაუბრება:

- ხალი კანზე არსებული წარმონაქმნია, რომელიც შეიძლება იყოს თანდაყოლილი, ან აქტიური რუჯის შედეგად წარმოქმნილი... სხეულზე ხალების რაოდენობა და შესახედაობა დროთა განმავლობაში შესაძლებელია, შეიცვალოს. ზოგიერთი მათგანი, დროთა განმავლობაში ისე ქრება ან ჩნდება, რომ ვერც ვამჩნევთ. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ხალის გადაგვარებას, აქტიური რუჯია.

- რა უნდა ვქნათ, რომ ხალი არ აღმოჩნდეს საშიში და როგორ განვსაზღვროთ ხალის ავთვისებიანობის (ონკო) რისკი?

- თუ ხალზე აღმოაჩინეთ შემდეგი სახის ერთ სიმპტომს მაინც: გენეტიკურ მიდრეკილებას, ასიმეტრიულ ფორმას, ფერის შეცვლას ან სისხლდენას, შესაძლოა, ეს იყოს ხალის ავთვისებიანობის მაჩვენებელი, რისთვისაც აუცილებლად ექიმ დერმატოლოგს უნდა ესტუმროთ.

საერთოდ კი უნდა მოვერიდოთ მზის სხივებს, არ უნდა გავიღიზიანოთ ხალი შეხებით. იმისთვის, რომ არ გამოგვეპაროს ხალის გადაგვარების პროცესი, თუ კი შევნიშნავთ რომელიმე სიმპტომს, შემდეგი გართულებების აცილებისთვის დაუყოვნებლივ ექიმ-დერმატოლოგს დიაგნოსტიკისთვის უნდა ვესტუმროთ. კანის კიბოს შემთხვევაში, საწყის ეტაპზე, დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა განკურნების თითქმის 100-პროცენტიან შედეგს გვაძლევს.

- მელანომა, როგორც მედიკოსები ამბობენ, პიგმენტური უჯრედების გადაგვარების შედეგად განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც უმეტესად კანზე წარმოიქმნება. იმასაც ამბობენ, რომ ბოლო დროს ის ყველაზე მზარდი სიმსივნეა. რა იწვევს მას?

- ადამიანები საათების განმავლობაში მზის სხივებს სხეულს უფიცხებენ, რათა ნამზეურის სასურველი ფერი მიიღონ, მაგრამ ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ ამ ეგზოტიკური სილამაზის მონიჭების გარდა, მზის სხივებს საკმაოდ დიდი ზიანის მიყენებაც შეუძლია ჯანმრთელობისთვის. ერთ-ერთი უარყოფითი გავლენა, რაზეც მზის სხივებმა შეიძლება იქონიოს, კეთილთვისებიანი ხალია, რომელიც შესაძლოა გადაგვარდეს და ავთვისებიან სიმსივნედ - მელანომად გადაიქცეს...

მოერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას, რუჯის მიღების დრო განსაზღვრული უნდა იყოს - დილის და საღამოს საათები, რათა თავიდან ავიცილოთ ხალის ასეთი არასასურველი გართულება. მოკლედ, მელანომა კანის კიბოა. ადამიანების ინფორმირების მიზნით სხვადასხვა სოციალურ კამპანიას ვატარებთ, რათა იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ზრუნვა კანის ჯანმრთელობაზე.

- არსებობს ასევე ხალის დაზიანების მექანიკური ტრავმები. როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს ადამიანები?

- ხალისთვის მექანიკური ტრავმაც ძალზე სახიფათოა. ეს არის - ხალის გაკაწვრა, მოგლეჯა, მასზე ტანსაცმლის მუდმივი ხახუნი, სამართებლით ან სავარცხლით დაზიანება და ა.შ. ამიტომ თუ ხალი სხეულის ისეთ ადგილასაა, სადაც ხშირია მისი ტრავმირება, სასურველია, მოცილდეს.

- არ არის საშიში ხალის მოცილება?

- არა. პირველ ეტაპზე კეთდება ხალის დიაგნოსტიკა, რომ დადგინდეს ონკოლოგიის რისკი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქირურგიული ჩარევა. ევროპული გამოცდილებით, კერძოდ, გერმანიაში თუ ექიმს ეჭვი ეპარებოდა ხალის ავთვისებიანობაში, მას აშორებდა და მერე მორფოლოგიაზე აგზავნიდა. მორფოლოგიური კვლევის შედეგად, ყველა მოშორებული ონკოლოგიური ხალი 1%-ზე ნაკლებს შეადგენდა. ამ პრევენციის გამო გერმანიაში კანის კიბოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

- იმისთვის, რომ ხალი არ გარდაიქმნას სერიოზულ საფრთხედ, საპრევენციოდ რა რეკომენდაციების მიცემა შეგიძლიათ?

- პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ მუდმივი შემოწმებით და დიაგნოსტიკით, დღესდღეობით არსებობს ისეთი თანამედროვე აპარატები, რომელიც ხალის რისკფაქტორებს ავტომატურად ადგენენ და ექიმს დინამიკაში მინიმალური ცვლილების გამოვლინებაში ეხმარება.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE