"მცდელობა ჰქონდა ყოველდღე, დღეს დააგვირგვინა" - დირექტორს, რომლის ბაღიდანაც აღსაზრდელი გადმოვარდა, შესაძლოა უფლებამოსილება შეუჩერდეს

"მცდელობა ჰქონდა ყოველდღე, დღეს დააგვირგვინა" - დირექტორს, რომლის ბაღიდანაც აღსაზრდელი გადმოვარდა, შესაძლოა უფლებამოსილება შეუჩერდეს

თბილისის მერი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ავალებს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც კონკრეტული შემთხვევისას ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში, რომელიც 206-ე ბაღში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გავრცელდა.

"თბილისის მერია გმობს მომხდარს და მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ამასთანავე, თბილისის მერი ავალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას უშუალოდ ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე.

მოვუწოდებთ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, თავი შეიკავონ არაეთიკური განცხადებებისგან. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბავშვო ბაღში მუშაობს მონიტორინგის სამსახური, რომლის შედეგებიც დაახლოებით 2 საათში გახდება ცნობილი.

"რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არ უნდა მომხდარიყო. ჩემი აზრით, ალბათ, გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან, მეორე სართულიდან გადახტა. აქედან გამომდინარე, მონიტორინგის სამსახური მაშინვე მივიდა ბაღში. მიმდინარეობს მოკვლევა. დავადგენთ უყურადღებობა იყო მიზეზი, თუ რაიმე კონკრეტული ფაქტი მოხდა. დამატებით ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით მედიასაშუალებებს. მეც ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, როგორც ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვისაც უშუალოდ ევალებოდა ბავშვზე ყურადღება, ალბათ, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მოვლენებს არ მინდა გავუსწრო, მონიტორინგის შედეგები გვეცოდინება, ალბათ, 2 საათში და შესაბამისად, მივიღებთ უმკაცრეს ზომებს. მომხდარი ფაქტი საკმაოდ დასაფიქრებელი და მძიმეა", - განაცხადა თემურ თორდინავამ.

რაც შეეხება ზემო ფონიჭალაში 206-ე საბავშვო ბაღის დირექტორს, რომლის პასუხისმგებლობის საკითხი დგას, ამბობს რომ მეორე სართულიდან გადმოვარდნილ მცირეწლოვანს გადმოხტომის მცდელობა აქამდე რამდენჯერმე ჰქონდა. მარინა გოგოლაძის თქმით, ბავშვთან მასწავლებლები და აღმზრდელები იყვნენ, თუმცა გაურკვეველია, როგორ მოხდა შემთხვევა:

"არავითარი მეორე სართულიდან გადმოხტომა არ იყო, რომელი სართულიდან უნდა გადმომხტარიყო?! ბავშვი არის ინკლუზიური და პირველი სართულიდან გადმოხტა. ყველა იქ ვიყავით, მაგრამ ინკლუზიური ბავშვები მოგეხსენებათ... მცდელობა ჰქონდა დღეს კი არა, ყოველდღე და დღეს დააგვირგვინა", - განაცხადა "რუსთავი 2"-თან საუბარში 206-ე ბაღის დირექტორმა მარინა გოგოლაძემ.

რაც შეეხება ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობას, ის სტაბილურად მძიმეა. როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 3 წლის ბავშვს მოტეხილობები ამ ეტაპზე არ აღენიშნება, მას მარცხენა ფილტვი აქვს დაზიანებული.

"დაიწყო ანტიშოკური მკურნალობა. შემდგომი კვლევებისა და მკურნალობისათვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. ამ დროისათვის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილურია. როგორც თავის, ასევე კისრის კომპიუტერული კვლევა ჩაუტარდა, მაგრამ ამ ეტაპზე მოტეხილობები არ არის. ამ ეტაზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. დინამიკური დაკვირვება გაგრძელდება", - განაცხადა ბავშვის მკურნალმა ექიმმა.

"პირველი 15 წუთი არის უფასო, შემდეგ კი..."  - 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება

"ბათუმის ბულვარში კარვები დაიდგმება და ადამიანებს შევთავაზებთ ნებაყოფლობით ტესტირებას" - ამირან გამყრელიძე

ტურისტულ რეგიონებში კაფე-ბარების, რესტორნების და სასტუმროების პერსონალს ინტენსიური ტესტირება ჩაუტარდება