თბილისი ულამაზესი ქალბატონებით ყოველთვის გამორჩეული იყო. ქართველი მანდილოსნების სილამაზეზე ლეგენდები დადიოდა.
სიყვარულის გამო, ქართველი მამაკაცები უამრავ გმირობას ჩადიოდნენ.
საუკეთესო მანდილოსნებს შორის, ბუნებრივია კიდევ უფრო საუკეთესოებიც არსებობდნენ, ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო თვალავაძე. მას ბუბუსიას ეძახდნენ. ბუბუსია თვალავაძეზე უამრავი ბიჭი იყო შეყვარებული, როგორც გიზო ნიშნიანიძე თავის მოგონებებში იხსენებს, ბუბუსიას თბილისში "შავ ბრილიანტს" ეძახდნენ.
"ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი ქალბატონი ბუბუსია თვალავაძე გახლდათ. თბილისში მას "შავ ბრილიანტს" ეძახდნენ. მისი ღიმილიც კი საკმარისი იყო, რომ მთელი თბილისი კარგ გუნებაზე დამდგარიყო", - წერს ნიშნიანიძე.
ბუბუსია თვალავაძე მომღერალ დათკა გამრეკელზე გათხოვდა. დათკა გამრეკელს ქართული ვოკალის მშვენებას უწოდებდნენ. ის გასული საუკუნის 40-იანი წლების თბილისის კერპად იქცა.
ამბობდნენ, რომ ბუბუსიას და დათკას ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარული არ ჰქონდათ, თუმცა მათი წყვილი ულამაზესი იყო.