ახალი საგნები სკოლებში: რას ისწავლიან მოსწავლეები "მე და საზოგადოების" და "თავდაცვა-უსაფრთხოების" გაკვეთილებზე

ახალი საგნები სკოლებში: რას ისწავლიან მოსწავლეები "მე და საზოგადოების" და "თავდაცვა-უსაფრთხოების" გაკვეთილებზე

უახლოეს დღეებში თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში საგანი "მე და საზოგადოება" შევა. პირველ გაკვეთილს მესამეკლასელ მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლებიც დაესწრებიან. საგაკვეთილო თემა კი "ჩემი ოჯახია".

როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ განუცხადა, მშობლების დასწრება წინა თვეებში არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო გადაწყდა.

"გაკვეთილი სადამრიგებლო საათის ფარგლებში ჩატარდება, ანუ არასავალდებულო ნაწილია და ვინც სურვილს გამოთქვამს, ისინი დაესწრებიან. ჩვენც გავტესტავთ, თუ როგორ წარიმართება საგნის სწავლება. პირველი თემა - "ჩემი ოჯახი" მთლიანად დამუშავებული აქვთ. ამ ერთ თემას გაივლიან და მერე შევხედავთ შედეგებს - შეიძლება სხვა თემებზე გადავიდნენ, შეიძლება მთელ წელზე გაიწეროს," - განაცხადა ჩიქობავამ.

150-ე სკოლის გარდა უახლოეს მომავალში პილოტირებას კიდევ რამდენიმე სკოლა გეგმავს. მათ შორის საგარეჯოს 1-ელი, რუსთავის მე-6, თბილისის 156-ე და ზესტაფონის მე-6 სკოლები. ჩიქობავას თქმით, პედაგოგებმა თემები თავად დაამუშავეს და წლის განმავლობაში, თავიანთი შესაძლებლობიდან გამომდინარე, საგანს ეტაპობრივად დაამატებენ.

"მოგეხსენებათ, ეს საგანი წელს არ ინერგება. უბრალოდ ჩვენ რამდენიმე სკოლასთან საპილოტე რეჟიმში ვიმუშავეთ. პედაგოგებმა თავიანთი გეგმები მოამზადეს. ჯერჯერობით სახელმძღვანელო არ არსებობს და საპილოტე სკოლებში პედაგოგებმა წარმოადგინეს გეგმა, თუ როგორ ააგებდნენ თავად საგაკვეთილო პროცესს. მომავალი წლიდან კი ყველა სკოლაში სავალდებულო საგნად შევა. უკვე სახელმძღვანელოც მზად იქნება და პედაგოგებიც გადამზადდებიან," - აღნიშნა მარიამ ჩიქობავამ.

ამას გარდა საქართველოს სკოლებში ახალი საგანი შედის. საგნის სამუშაო სახელწოდებაა - "თავდაცვა და უსაფრთხოება". განათლებისა და თავდაცვის სამინისტროები ახალი საგნისათვის საჭირო სახელმძღვანელოზე უკვე მუშაობენ. ბავშვებისათვის განკუთვნილი წიგნების გარდა საჭიროა პედაგოგებისათვის სახელმძღვანელოს შემუშავება და მათი გადამზადება. ახალი საგანი არჩევით საგნებს, საშუალო და საბაზო საფეხურებზე მხოლოდ ამის შემდეგ დაემატება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ განუცხადა, ინიციატივა, რომელიც თავდაცვის სამინისტროსგან წამოვიდა, სიამოვნებით გაიზიარეს. თუმცა, საგნის სათაური, შესაძლოა შეიცვალოს.

"სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთოება" - ასეთი საგანი სკოლებში პრინციპში ახლაც ისწავლება. მე-4, მე-8 და მე-12 კლასებში ეს საგანი სავალდებულოა. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ გვაქვს საგანი " სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა". ეს საგანი საშუალო საფეხურზე არჩევითია. ამ კურსის გაძლიერება გვინდა. არსებული არჩევითი კურსი გადამუშავდება.

აღმოჩნდა, რომ თავდაცვის სამინისტროში სახელმძღვანელოზე მუშაობენ, რაც ძალიან დიდი პლუსია, რადგან 30-მდე არჩევითი საგანი გვაქვს და სახელმძღვანელო 3 თუ 4 მათგანში არსებობს. ამდენად, თუკი ამ კურსს სასწავლო რესურსი შემოეშველება, ის უფრო მეტად პოპულარული გახდება," - განაცხადა ჩიქობავამ.

საგნის მიზანი მოსწავლეებისათვის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემების, სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ჩვენებაა. ჩიქობავას თქმით, მასში შევა მასალა "სამოქალაქო თავდაცვიდანაც" - თუ როგორ უნდა მოიქცნენ საგანგებო სიტუაციების დროს. თეორიასთან ერთად ბავშვები პრაქტიკასაც გაივლიან - დაიგეგმება მოსწავლეების წაყვანა სამხედრო ბაზაზე და ა.შ.

სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესში საგნობრივი ექსპერტების გარდა პროფესიონალი ავტორებიც ჩაერთვებიან. ამის შემდეგ პედაგოგები გადამზადდებიან და საგანი სკოლებში მხოლოდ ამის შემდეგ შევა. განათლების სამინისტროში იმედოვნებენ, რომ დაინტერესებას ბევრი სკოლა გამოხატავს.

რაც შეეხება იმას, თუ როდიდან დაიწყება სკოლებში ახალი საგნის სწავლება, ჩიქობავას თქმით, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანში დასრულდება სახელმძღვანელოზე მუშაობა.

"თემები შერჩეულია, შინაარსი განსაზღვრულია, პირველადი ვერსია არსებობს. ახლა იგი მოსწავლის საჭიროებებს უნდა მოერგოს და მასწავლეების მეთოდოლოგიური ნაწილი უნდა გაიმართოს. აქ არა მხოლოდ მოსწავლის წიგნი, არამედ პედაგოგის სახელმძღვანელოც იგლისხმება, სადაც გაკვეთლების მიხედვით გაიწერება ნიმუშები.

მაქსიმალურად კარგ ხარისხზე გვინდა გავიდეთ. მომავალ სექტემბრამდე რაღაც მოესწრება, მაგრამ დროის გამო ხარისხზე უარს ვერ ვიტყვით. ამიტომ, შევხედავთ, როგორ წარიმართება მუშაობა. შევეცდებით, რომ მომავალი სასწავლო წლისათვის მზად იყოს," - აღნიშნა ჩიქობავამ.

"ინტერპრესნიუსი"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ