სასტუმრო ”ბილტმორ თბილისი” ყოფილ ”იმელის” შენობას ისტორიულ როლს უბრუნებს

სასტუმრო ”ბილტმორ თბილისი” ყოფილ ”იმელის” შენობას ისტორიულ როლს უბრუნებს

საჯარო ლექციების ციკლი, სახელად, ”ბილტმორის აკადემია” თბილისის ყველაზე მაღალი სასტუმროს ისტორიულ ნაწილს, ე.წ. იმელის შენობას, საკუთარ ისტორიულ როლსა და მნიშვნელობას დაუბრუნებს. სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტს სასტუმრო ”ბილტმორ თბილისი” 29 სექტემბერს დაიწყებს. პროექტის ფარგლებში ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ლექციებს ამჟამინდელი სასტუმროს და ყოფილი ”იმელის” შენობის ისტორიულ ნაწილში - ამფითეატრში ჩაატარებენ.

„ბილტმორის აკადემია“ ყველა დაინტერესებულ პირს უმასპინძლებს. ადგილი სიმბოლურია. ეს არის ის ისტორიული დარბაზი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პარლამენტის სხდომები ტარდებოდა. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის კონსტიტუცია 1995 წელს სწორედ ამ დარბაზში მიიღეს.

"ბილტმორის აკადემიის" პირველი სამი სესიის ლექტორები და განრიგი უკვე ცნობილია. 29 სექტემბერს აკადემიას ფილოლოგი და პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი გახსნის თემით „მხატვრული ლიტერატურის ძალა“. ლექციაზე საუბარი იქნება ლიტერატურის დანიშნულებაზე, მის როლზე ადამიანის ჩამოყალიბებაში, წარმოსახვის განვითარებასა და სოციალურ ადაპტაციაში. განხილული იქნება მასალა უძველესი ეპოსიდან (გილგამეში, ჰომეროსი) ოცდამეერთე საუკუნის ავტორებამდე, როგორც ერთიანი კულტურული ქსელის ნაწილები.

შემდეგი სესია 6 ოქტომბერს გაიმართება. პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე და ფილოლოგი გიორგი ლობჟანიძე ისაუბრებს თემაზე - "სამოთხე და ჯოჯოხეთი აბრაამულ რელიგიებში". თემის მიხედვით, რელიგიის ერთ-ერთ საფუძველს იმქვენიურის (მიღმიერის) რწმენა წარმოადგენს. მიღმიერის რწმენა კი ეფუძნება ღვთაებრივი საზღაურის იდეას, რაც ჯოჯოხეთისა და სამოთხის შესახებ არსებულ წარმოდგენებში გამოიხატება. ლექციაზე საუბარი იქნება აბრაამულ რელიგიებში განვითარებულ (იუდაიზმი, ქრისტიანობა ისლამი) ამ წარმოდგენებზე.

კიდევ ერთ ლექციას "ბილტმორის აკადემიაში" პოსტმოდერნისტი მწერალი და ჟურნალისტი ანა კორძაია-სამადაშვილი 12 ოქტომბერს ჩაატარებს. მისი სასაუბრო თემაა "დიდი ოცნებები, დიდი იმედები, დიდი ტყუილი: მზეთუნახავების, დევგმირების, ბოროტებისა და სიკეთის შესახებ".

„ბილტმორის აკადემიის“ ფარგლებში სასტუმროს კარი ღია იქნება ყველასთვის, ვინც ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების საკითხებით არის დაინტერესებული ან უბრალოდ, ყოფილი „იმელის“ შენობის ისტორიული ნაწილის მონახულება სურს. სესიებზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის სრულიად უფასოა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი