გაიცანით 19 წლის მეეზოვე გოგონა, რომელიც ექიმობაზე ოცნებობს: "თბილისში ქირის ფული იყო საჭირო და დასუფთავებაში დავიწყე მუშაობა"

გაიცანით 19 წლის მეეზოვე გოგონა, რომელიც ექიმობაზე ოცნებობს: "თბილისში ქირის ფული იყო საჭირო და დასუფთავებაში დავიწყე მუშაობა"

19 წლის ქრისტინე ტუფურია ნაძალადევის რაიონში, დასუფთავების სამსახურში მუშაობს და თბილისის ქუჩების სისუფთავეზე დილიდან ზრუნავს.

გოგონა, რომელიც სამუშაოს პარალელურად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტის მე-3 კურსის წარმატებული სტუდენტია, ინტერნეტსაზოგადოებას ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გაიცნო. საკუთარი თავის შესახებ უფრო ვრცლად AMBEBI.GE-ს მკითხველს თავად ქრისტინე უამბობს:

"თბილისში მე და ჩემი და ვცხოვრობთ, ჩემი ოჯახი აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ცხოვრობს. რახან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვცხოვრობდი, როცა ჩავაბარე, სწავლა სახელმწიფომ დამიფინანსა. ჩემს მშობლებს შემოსავალი არ აქვთ, თბილისში საცხოვრებლად კი ქირის ფული იყო საჭირო, ამიტომ თბილისის დასუფთავების სამსახურში დავიწყე მუშაობა".

- რამდენად რთულია სწავლასთან ერთად მუშაობა?

- სხვათა შორის თავიდან ძალიან გამიჭირდა, მუშაობას დილის 7 საათზე ვიწყებ და 11 საათზე ვასრულებ. სწავლაში ხელი რომ არ შემშლოდა ლექტორებს დაველაპარაკე და სხვადასხვა ჯგუფთან ერთად ვესწრები ლექციებს. ნელ-ნელა შევეჩვიე ამ სიტუაციას, ხალხმაც გამიცნო. თან ძალიან კარგი უფროსი და თანამშრომლები მყავს, სამსახურიც ხელს მიწყობს, რომ სწავლაში ხელი არ შემეშალოს.

- როგორც ვიცი სტაჟირებასაც გადიოდი...

- სანამ დასუფთავების სამსახუში დავიწყებდი მუშაობას, ერთ-ერთ კლინიკაში სტაჟიორად ვმუშაობდი, მაგრამ ხელფასს არ ვიღებდი. რთულია კლინიკაში დაიწყო მუშაობა. 24 საათი მიწევდა ყოფნა, ლექციებიც უნდა გამეცდინა და შემოსავალიც არ მქონდა, ისიც კი არ ვიცოდი, როდის მომცემდნენ ხელფასს, ამიტომ დავანებე თავი და თბილისის დასუფთავების სამსახურს მივმართე. გალში დღეს საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, ამიტომ შემოსავალი მჭირდებოდა.

ადრე გალში ხიდი იყო, საიდანაც ხალხი აფხაზეთიდან გადმოდიოდა, ეხლა ის ხიდი აღარ არსებობს, რუსებმა ჩაკეტეს გადასასვლელი. იცვლება საბუთების საკითხიც. ყოველ თვე ახალი საბუთია გასაკეთებელი და აფხაზებისთვის ეს ერთგვარი ბიზნესია. ხალხს არ აქვს დასაქმების საშუალება. თავი სხვადასხვა სეზონზე მოსული მოსავლით გააქვთ. წელს თხილის იმედი გვქონდა, თუმცა მოსავალი საერთოდ არ მოვიდა...

რაც შეეხება თბილისში ჩამოსვლას, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ მქონია. მე ქართული სკოლა დავამთავრე და შემდეგ ეს სკოლა რატომღაც რუსული გახდა. აფხაზებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ ჩვენ საქართველოში გვინდა ცხოვრება, მათ ურჩევნიათ იქედან წამოვიდეთ, დავტოვოთ ტერიტორია, რადგან ჩვენს ნასახლარებში რუსებს ასახლებენ, რჩებათ სახლები და ტერიტორიები.

დაახლოებით ერთი წელია სახლში არ ჩავსულვარ, ახალი საბუთი მაქვს გასაკეთებელი და თუ ვერ გავაკეთე ალბათ ვეღარც ჩავალ.

აფხაზეთი დღეს ჯოჯოხეთს უფრო გავს ვიდრე სამოთხეს, საშინელი სანახავია მიტოვებული და გადამწვარი სახლები, დაცარიელებულია ყველაფერი და მიწასთანაა გასწორებული. ვინც იქ დარჩა, ცდილობს სახლებს მოუარონ თორემ საშინელი მდგომარეობაა. დიდი სურვილი მაქვს ეს მდგომარეობა გამოსწორდეს, კიდევ ძალიან მინდა კლინიკაში დავიწყო მუშაობა. ქართველი სტუდენტები უცხოეთში წასვლაზე ფიქრობენ, მაგრამ მე არ მინდა, ვერ ველევი საქართველოს. მინდა, რომ აქ ვიმუშაო და წარმატებული ექიმი გავხდე.

ფოტო: გოგა ჩანადირი

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

აჭარაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, მინდა ყველას შევახსენო, რომ იძულებული გაგვხადეს შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება" - ცერცვაძე

ნაირა კანალდია, რომელსაც აფხაზეთის ომის ყველაზე მძიმე ამბავი უკავშირდება, გარდაიცვალა