ცნობილი ფიზიკოსის მატარებელში ნაპოვნი სიყვარულის ამბავი

ცნობილი ფიზიკოსის მატარებელში ნაპოვნი სიყვარულის ამბავი

ალბათ ყველა ადამიანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეჰპარვია სიყვარულის მარადიულობაში ეჭვი, მაგრამ არიან წყვილები, რომელთა შემხედვარეს საპირისპირო განცდა გიჩნდება. ჟურნალისტებს ხშირად ისეთი ამბების მოსმენა გვიწევს, რომლის მსგავსი ზღაპრებსა და რომანებში თუ წაგვიკითხავს, თუმცა, სინამდვილეში, რეალურ ადამიანებზეა და არა - მწერლების მიერ გამოგონილ პერსონაჟებზე.

ზოგიერთი რესპონდენტი პირადი განცდების შესახებ ღიად საუბრობს, ზოგსაც საჯაროდ მსჯელობის ერიდება ან უბრალოდ არ სურს. ზოგჯერ ასეთ უთქმელობაში ისეთი დიდი გრძნობა აღმომიჩენია, რომ ჩაძიების გარეშეც, ყველაფერი ნათელი გამხდარა. არ მინდა ის ადამიანები ჩამოვთვალო, რომელთა გრძნობა წლებს არ გაუხუნებია, რადგან აუცილებლად ვინმე გამომრჩება. ამიტომ გადავწყვიტე, ამ თემას არა რამდენიმე, არამედ ერთი "მთავარი გმირი" ჰყოლოდა და არჩევანი ჯუმბერ ლომინაძეზე შევაჩერე.

ფიზიკოსთან შინ სტუმრობისას, პირველი, რაც თვალში მოგხვდებოდათ, მისაღები ოთახის კედლებზე გამოფენილი მეუღლის ფოტოები იყო და ისიც მართალია, დიდი ტკივილით, თუმცა, გულწრფელად და ბევრს საუბრობდა ქალზე, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. ყველაფერი კი ასე დაიყო:

1953 წლის ივლისი, კურსკის ვაგზალი, მატარებელი #13. შემთხვევითი შეხვედრა ერთ-ერთ კუპეში. ბიჭი 22 წლისაა, გოგონა 21-ის. ეს ის წამია, როცა შეხედავ და ხვდები, რომ...

"მოსკოვიდან თბილისში მივდიოდი, მაშინ მესამე კურსზე ვიყავი. გამომგზავრებამდე ილია ვეკუას ქალიშვილმა, ლამარამ დამირეკა და მითხრა, ერთად წავიდეთო. ავედით მატარებელში და დავსხედით. მატარებელი უკვე უნდა დაძრულიყო, როცა გვერდით კუპეში ორი გოგონა შევარდა. ლამარამ რომ დაინახა, ერთ-ერთ მათგანს გადაეხვია. ეს ლია იყო. თურმე, მეგობრები ყოფილან. ლამარამ ლია და მე ერთმანეთთან წარგვადგინა. რა ვიცი, ალბათ, ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო... მისთვის სიტყვა "მიყვარხარ" არასოდეს მითქვამს, ამის თქმა როგორ შეიძლება?! გამოხედვა, ურთიერთგაგება და წლების ურთიერთობა ისედაც ამის ნათელი დასტური იყო.

ზუსტად მახსოვს, რა ეცვა - სიფრიფანა კაბაში იყო, პედიკიურგაკეთებული და გრძელი თმით. ცოტა ხანში ლამარას ქორწილი ჰქონდა, ორივე დაპატიჟებული ვიყავით და ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ზაფხული ერთად გავატარეთ და მოსკოვში რომ დავბრუნდით, 1954 წლის 1-ლ აპრილს ხელის მოწერა გადავწყვიტეთ. მმაჩის ბიუროში რომ მივედით, ერთმა სიმპათიურმა ქალბატონმა უკან გამოგვიშვა, ამ დღეს ხელის მოწერა როგორ შეიძლებაო? მეორე დღეს ისევ მივედით და ხელი მოვაწერეთ. რატომღაც, ქართული წეს-ჩვეულებები დავარღვიეთ და მშობლებს არ შევატყობინეთ. მერე რესტორან "არაგვში" წავედით მე, ლია და ჩემი მეუღლის ის მეგობარი, რომელიც ჩვენი გაცნობის დღეს მას მატარებელში ახლდა...

რთულ პირობებში ვცხოვრობდით. 1954 წლის 30 დეკემბერს ჩემი შვილი გიორგი დაიბადა. ვცხოვრობდით უნივერსიტეტის საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულზე. ცალკე ოთახში, ერთ პატარა ლოგინზე მე და ლიას გვეძინა. გოგასთვის ლოგინი არ გვქონდა. სამი სკამი ერთად დავუდგით და დავაწვინეთ. საერთოდ, ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია და გული მწყდება, რომ თავის დროზე ბევრი ცნობილი პიროვნება არ გადავიღე და მათ შორის ის, თუ როგორ ეძინა თვეების გიორგის სკამებზე.

ცოლი ყველას უყვარს, მაგრამ მე მას მაინც, განსაკუთრებულად ვიხსენებ. ფიცხი ვარ და ლია მეუბნებოდა, გურული რომ ხარ, იმიტომო. თვითონ მშვიდი იყო. არაჩვეულებრივი დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან. ლამაზთან ერთად, უაღრესად განათლებული პიროვნება იყო. ღმერთმა შეგვახვედრა ერთმანეთს, ერთნაირი ფსიქოლოგიის იდეოლოგიის ადამიანები და ერთმანეთს ვავსებდით", - ასე იხსენებდა მეუღლეს 80 წლის ჯუმბერ ლომინაძე. ის ამ ასაკშიც კი ძველებური შემართებით მუშაობდა. წლოვანებაზე საუბარი არ უყვარდა და ამბობდა, - მთავარია, გული 40-50 წლის კაცივით მაქვსო. ყოველთვის აქტიური იყო. კლასიკა და ჯაზი იტაცებდა, ბევრი ფოკუსი იცოდა და ამ ხელოვნებით ბევრს აოცებდა. მის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა ფოტოხელოვნებას. თვითონაც იღებდა. თავისი პორტრეტებიდან კი მინდია მიდელაშვილის გადაღებული ორი სურათი განსაკუთრებით მოსწონდა. მეუღლის და მასთან გადაღებულ ფოტოებს გამორჩეულად უფრთხილდებოდა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი