კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:33 / 27-09-2017
როგორ იქეიფეს ქართველმა დეპუტატებმა ვისკით პარლამენტში - პოლიტიკოსების სახალისო ისტორიები ალკოჰოლზე
ღვინო და ქართველები ერთგული მეგობრები არიან. ამ სიყვარულმა და ურთიერთგაგებამ დროის მკაცრ გამოცდას თავი ჩინებულად გაართვა. ისინი ძმაკაცობენ, ერთმანეთს არ ღალატობენ და ჭირსა თუ ლხინშიც გვერდიგვერდ არიან. საქართველოში ღვინის სმის კულტი ხელოვნების დონეზეა აყვანილი და იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ბახუსთან დაკავშირებით მრავალი მოგონება არ გააჩნდეს.

ამბის მთავარი გმირი დღეს "ბატონი ბახუსი" იქნება და ამ "პერსონაჟთან" დაკავშირებულ რამდენიმე "საინტერესო მოგონებას" შემოგთავაზებთ ქართველი პოლიტიკოსებისგან. ვერ გეტყვით, ამჟამინდელი საპარლამენტო სესიების მიმდინარეობისას ხალხის რჩეულები ალკოჰოლურ სასმელებს ეძალებიან თუ არა, მაგრამ იყო დრო, როდესაც ამ "სიამოვნებაზე" ქართველი პარლამენტარები უარს არ ამბობდნენ.


ირაკლი ბათიაშვილის მოგონებებიდან:

"საგაზაფხულო სესიის ბოლო დღე იყო, მახსოვს, გვიან ღამემდე იყო საკითხების განხილვა. ეტყობა, იმდენად გადაღლილები იყვნენ ზოგიერთი კოლეგები (სახელსა და გვარს არ დავასახელებ), რომ თან მოშივდათ, თან მოსწყურდათ. მოვიხედე უკან და ვხედავ, პატარა "ზაკუსკა" აქვთ მოტანილი, სუნიც მეცა, საკმაოდ მაღალი ხარისხის სასმელი იყო, თუ არ ვცდები, ვისკი. მოდიო, მეძახდნენ, მაგრამ არ შევუერთდი. ცოტა იქით გადავჯექი. მერე, მოღალატეს მეძახდნენ. თვითონ კარგ ხასიათზე იყვნენ. დიდი ჟივილ-ხივილი ჰქონდათ. უცბად მოიყარეს თავი სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებმა, რომლებიც გამეტებით აკრიტიკებდნენ და ლანძღავდნენ ერთმანეთს. მაგრამ იქ სრული იდილია სუფევდა. შემდეგ ეს ამბავი გახმაურდა. მოგვიანებით პარლამენტის იმდროინდელმა ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა კოლეგების რეპუტაცია დაიცვა და აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევას ერთადერთხელ ჰქონდა ადგილი. თან ისიც დაამატა, რომ მიპატიჟება არც მან მიიღო.

ანალოგიური "შემთხვევა" საქართველოს პარლამენტის მორიგ სხდომებზე ოფიციალურად აღარ დაფიქსირებულა. ისე, კი, "სამუშაო საათების" დასრულების შემდეგ იცოცხლეთ, თუ საჭიროა ქართველი პოლიტიკოსები სასმელზე, მით უმეტეს კარგ საზოგადოებაში ქეიფსა და დროსტარებაზე უარს არ ამბობენ.


ყოფილი პარლამენტარი კობა ამირხანაშვილი იხსენებს:

"ერთ მშვენიერ დღეს დაბადების დღე აქვს "დიდ კაცს" - კობა დავითაშვილს. ყველანი ვემზადებით ღონისძიების ჩასატარებლად და გვინდა, კარგად აღვნიშნოთ ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. წავედით ერთ-ერთ რესტორანში. ჩატარდა კონკურსი თამადის დანიშვნაზე და კახა კუკავამ გაიმარჯვა. გაუბრწყინდა კახას სახე და ემზადება, კარგი სიტყვაკაზმულობით რომ გაგვაოცოს. მას სიტყვა-პასუხი კი აქვს, როგორიც საჭიროა, მაგრამ "გაბარიტებით" ვერაა ისეთი, რომ სვავებივით კაცები დაათროს. ვამჩნევთ, შეძლებისდაგვარად ისხამს ღვინოს მუცელში, რომ თანამესუფრეების დაცინვის ობიექტი არ გახდეს. თანდათან ვხედავთ, კახას მუცელი ებერება. ეს შენიშნა იუბილარმაც და ხმამაღლა შესძახა - ე, მანდ, მაგ ოქროსავით კაცს რამე არ მოუვიდეს, მიმიხედეთო. ამასობაში აიღო ყანწი ჩვენი პარტიის წევრმა ქალბატონმა, რომელსაც "მათე ბიჭს" ვეძახით, მე და კუკავას დაგვიწყო შეგულიანება - ესაა თქვენი დალევა?! მიდით, შეუბერეთ, ბიჭებოო... კახა დგას გაბერილი მუცლით და წონასწორობას კარგავს. მე კი ვზივარ, მაგრამ ვაი, იმ ყოფას. მაინც არ ვჩერდებოდი და კუკავას დავცინოდი, ნეტავი, რამდენი ლიტრი ჩაისხი მაგ მუცელში-მეთქი.

ამასობაში, მე მოვიყუდე ფიალით ღვინო და მომენტალურად გავითიშე. ცხვირი ჩავყავი შიგ და ფშვინვაც ამომხდა. როგორც იქნა, თანაპარტიელებმა და მათ შორის "მათე ბიჭმა" მომიკიდეს მხარზე და სახლამდე მიმათრიეს, ხოლო წრუწუნასავით მუცელგაბერილი კუკავა მარტო "მათე ბიჭის" გაცილებას
დასჯერდა და თავის ფეხით გაეცალა იქაურობას. რომ არა ყოჩაღი "მათე ბიჭი", ჩვენი მომხედავი კაციშვილი არ იყო - ქართული სუფრისა და კარგი ღვინის გადამკიდე, ისე ვიყავით ყველანი უკლებლივ გათიშულები".


თბილისის ყოფილი მერი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ნიკო ლეკიშვილი იგონებს:

"ერთი პერიოდი "სუხოი ზაკონი" გამოცხადდა. არ შეიძლებოდა დალევა, რესტორანში ქეიფი. ერთ დღესაც, კახეთში, "ზაოდობაზე" წავედით მთელი ჩემი სამეგობრო წრე და მაგრად ვიქეიფეთ. ერთ-ერთი მეგობარი იმ დროს ქარხნის დირექტორი იყო, მეორე მეგობარს კი ჩუმად მისთვის სურათები გადაუღია. ქეიფი რომ დავამთავრეთ, წამოვედით თბილისში. გავიდა რამდენიმე დღე. ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე ვარ და ჩემმა მდივანმა შემომიტანა წერილი, რომელსაც თან ახლავს ფოტოები და წერილი - აი, ნახეთ ფაქტები, თქვენი დირექტორები რა დღეში არიან, გთხოვთ, მიიღოთ ზომებიო. ფოტოზე კი ის ჩემი მეგობარია გადაღებული ხელში უზარმაზარი ყანწით, მეორე სურათზე კი ხელები აქვს გაშლილი და წინ დიდი სუფრა და საჭმელ-სასმელი ჩანს. მაშინვე მივხვდი, ვინც იყო ამ ანონიმური ფოტოებისა და წერილის ავტორი.



გადავურეკე ჩემს მდივანს და ვუთხარი ჩემს მეგობარზე - ამა და ამ ქარხნის დირექტორს დაურეკეთ და უთხარით, სასწრაფოდ აქ გაჩნდეს-მეთქი. გაკვირვებია, ნეტავ თვითონ რატომ არ მირეკავს პირადადო. რომ მოვიდა, მოსაცდელში ვაცდევინე ერთი საათი. ამას მიჩვეული არ იყო და სულ მთლად გადაირია, გული გაუსკდა თურმე შიშით, ნეტავ რა ხდება, ეტყობა, რამე სერიოზულიაო. კომპრომატები ჩემს მაგიდაზე გავშალე და ერთი საათის შემდეგ შემოვუშვი ოთახში. ვუთხარი: რა არის, ყველაფერს მიკეთებთ, რომ პრობლემა შემიქმნათ, დაგიშავეთ რამე, ქეიფს უნდა გადამაყოლოთ-მეთქი? გადაირია, რას ვაკეთებ, რა პრობლემებს გიქმნიო. გადახედა ფოტოებს და... ჯერ პატარა ჭიქებით ხელში იყო გადაღებული, მერე ცოტა დიდით, მერე დიდი ყანწით და... დაიწყო გინება: ოხ, ჭიჭინაძე, მე შენი... არ გამისკდა გულიო... მერეღა მიხვდა, რაშიც იყო საქმე, მაგრამ ხუმრობა გვაპატია მეგობრებს".


ბახუსთან "ახლო ურთიერთობა" ყოფილ პარლამენტარს, ცნობილ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანსაც გააჩნია. ერთხელ "ამ გატაცების" გამო ბატონი ჯანსუღი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამ ამბავს ედუარდ შევარდნაძის იმდროინდელი მრჩეველი, თემურ მირიანაშვილი ყვებოდა.

"ჯანსუღ ჩარკვიანი "პახმელიაზე" ბრძანდებოდა და რუსთაველზე სუფთა ჰაერზე სეირნობდა. ჩაუარა იუსტიციის სამინისტროს. გახსოვთ, ალბათ, იუსტიციის მინისტრობის პერიოდში სააკაშვილმა სამინისტროს წინ თეთრ ფორმაში გამოწკეპილი ბიჭები რომ გააშეშა. იმ დროს ჯანსუღსაც თეთრები ეცვა. გაუსწორდა მათ, ეგონა, სარკეში ჩავიხედე და თავს გაორებულად ვხედავო. ცოტა არ იყოს შეშინდა კაცი, თვალები მოიფშვნიტა. მერე იფიქრა, ეს ორი კაცი თაბაშირის მანეკენი იქნებაო და მათ ყურადღებით დააკვირდა. ამ დროს ერთმა ბიჭმა თვალები დაახამხამა. შეხტა ჯანსუღი, მერე წამოიძახა, გაცოცხლდით, თქვე დალოცვილებოო და მკვირცხლად გაქუსლა, უკანმოუხედავად".

ქართველ პოლიტიკოსებს დალევა კი უყვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ "გატაცებას" ზომიერების ფარგლებში ეძლევიან. აი, რუსეთის ყოფილი პირველი პირი ბორის ელცინი კი "ბახუსთან" ზომაზე მეტად "დაძმაკაცებული" გახლდათ. აი, რას იხსენებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი ბორის ელცინთან "სამსახურეობრივ" ურთიერთობაზე:

"70-იანი წლების დასაწყისში გაგრის კომკავშირულ სტრუქტურებში ვმუშაობდი. ქალაქში მთელი რიგი სანატორიუმები კომპარტიის ლიდერებისთვის იყო გათვალისწინებული და ყველა რესპუბლიკიდან ჩამოდიოდნენ საპატიო სტუმრები დასასვენებლად. ჩემი მოვალეობა იყო მათი დახვედრა-გამასპინძლება და მეც კეთილსინდისიერად ვასრულებდი დაკისრებულ საქმეს.

ერთხელაც დამავალეს, ამა და ამ სანატორიუმში სვერდლოვსკის პირველი მდივანი ისვენებს და ხილი და სასმელი მიუტანეო. ავიღე ორი ყუთი, ერთში ყველანაირი ხილი ჩავაწყვე, მეორეში - ნაირ-ნაირი საუკეთესო სასმელები და მივადექი. კარზე წარწერას შევხედე, მაინც ვინ არის ეს ბედნიერი-მეთქი და წავიკითხე: "ბორის ნიკოლაევიჩ ელცინ". მე სახელი მაინტერესებდა, როგორ მიმემართა, თორემ გვარი, ელცინი იქნებოდა თუ ტიმოფეევი, სულ ერთი იყო. დავრეკე ზარი და კარი მისმა მეუღლემ გამიღო:

- ჩტო ვი ხატიტე? - მეკითხება. ამ დროს ელცინიც გამოჩნდა, ხილის ყუთს თვალი აარიდა და სასმელებს გაბრწყინებული სახით მიაჩერდა.
- ვოდკა?
- ვოდკა ი კონიაკ, - გავახარე.
- ვოტ ეტა და! - გადაირია, თავის ხელით შეიტანა ყუთი და მეც შემიპატიჟა, რუსები მარტო არ სვამენო. უარს როგორ ვეტყოდი. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და კარგად რომ შეღამდა, ნახევარი ყუთი ცარიელი იყო. რა სადღეგრძელო აღარ დავლიეთ: ძმობის, მეგობრობის, ქართველი და რუსი ხალხის მარადიული სიყვარულის... რამდენჯერმე აცრემლებულმა გადამკოცნა, ქართველების სიკეთეს ცხოვრებაში არ დავივიწყებო. თურმე, ვისთან სვამ და რა ძმობაზე ელაპარაკები. გავიდა დრო და სწორედ ამ კაცმა არ დამაკარგვინა გაგრა და აფხაზეთი?

მეორე დილას ძლივს ავდექი, თავი მისკდებოდა. ხელმძღვანელმა დამიბარა და ღიმილით მითხრა, რომ ახალი "საპატიო დავალება" უნდა შემესრულებინა - "ცოტა ხნის წინ ელცინმა დამირეკა, ძალიან კმაყოფილი ვარ და სანამ აქ ვიქნები, ეგ კაცი არ მომაშოროთ გვერდიდანო"...

სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის გიორგი გაჩეჩილაძე
13:08 / 16-10-2017
გავაზელი
0
ძაან "სახალისო" ისტორიებია, მოვკვდი სიცილით.
ვაი ჩვენს პატრრონს უბედურს.
11:03 / 05-10-2017
bbb
1
ქეიფისთვისააა ადამის მოდგმა და გასაკვირია??
მსგავსი სიახლეები
უძველესი ნივთები ადამიანებს ყოველთვის იზიდავდა. მათ გარშემო სპეციფიური განწყობა იქმნება, რის
მსოფლიო ლიდერებიც კი უძლურნი არიან კლიმატურ ცვლილებებთან
თანამედროვე მიდგომებით, შესაძლებელია გამოითვალოს ღვინის მომხმარებლის სისხლში ალკოჰოლი
სადღესასწაულო თუ სხვა სუფრებს, ტრადიციულად, ალკოჰოლურის გარდა გაზიანი სასმელებიც ამშვენებს
კოჭას სამკურნალო თვისებებს სულ უფრო ხშირად იყენებენ ხალხურ მედიცინაში
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ეს სასმელი საზიანოა
სასმელი, რომლის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ, აუმჯობესებს მეხსიერებასა და სმენას
"იმას, რასაც დღეს ეყრება საფუძველი 20-25 წლის შემდეგ უდიდესი შედეგები ექნება"
სასმელი, რომლის მომზადებაც სახლში შეგიძლიათ, უამრავ დაავადება კურნავს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:40 / 23-10-2017  Image ავარია ხაშურთან: საჩხერის "ჩიხურას" ავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია გუნდის კაპიტანი
ფეხბურთელები ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ დედაქალაქში მოემგზავრებოდნენ
13:09 / 23-10-2017  Image ვინ იქნება და რა ქონებას ფლობს დედაქალაქის საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე?
თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება
10:45 / 23-10-2017  Image Monolith City - მონოლით ჯგუფის პასუხი მომავლის გამოწვევებს
Monolith City შენდება ძველ თბილისში, ორთაჭალაში, გორგასლის მოედნიდან 400 მეტრის მოშორებით
12:15 / 23-10-2017  Image 5 პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო - ერთ-ერთს მხოლოდ 75-მა ადამიანმა მისცა ხმა
საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს
09:00 / 23-10-2017  Image ზეციური იერარქია - ყველაფერი, რაც ანგელოზთა დასების შესახებ უნდა იცოდეთ
"ანგელოზებად" იწოდებიან მხოლოდ ზეციურ ძალთა ყველაზე ქვედა საფეხურზე მყოფი არსნი
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49