"აფხაზეთი რუსეთის იყო და 10 წელიწადში მთლიანად ჩვენი გახდებაო..." - რას ყვება უცხოეთში მცხოვრები ქართველი რუსების დამოკიდებულებაზე

"აფხაზეთი რუსეთის იყო და 10 წელიწადში მთლიანად ჩვენი გახდებაო..." - რას ყვება უცხოეთში მცხოვრები ქართველი რუსების დამოკიდებულებაზე

რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს წლებია ახორციელებს, რაც ცხადია აისახება ამ ორი ქვეყნის მოქალაქეების ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაზე. მაგალითად, რუსეთის მოქალაქეების ნაწილს საკუთარი ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკის გამო, სოჭი რუსეთის საკუთრებად მიაჩნია და ახლანდელ ვითარებასაც სამართლიანს უწოდებს.

რუსული პროპაგანდის უარყოფითი შედეგი არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც იკვეთება. ეკა ჭელიძე, რომელიც უკვე 10 წელია ვენაში ცხოვრობს, AMBEBI.GE-ს უყვება, რომ მას არაერთხელ გამოუცდია რუსი ტურისტების უარყოფითი დამოკიდებულება. ამის ნათელ მაგალითად კი ერთ შემთხვევას იხსენებს, როცა აგვისტოს ომის გასაპროტესტებლად, ქართველებმა ავსტრიის დედაქალაქში საპროტესტო აქცია ჩაატარეს:

"ამ ზაფხულს აგვისტოს ომის გასაპროტესტებლად ქალაქის მთავრობისგან უფლება ავიღეთ და ვენაში, მთავარ მოედანზე, სადაც თავს ყველაზე მეტი ტურისტი იყრის, აქცია ჩავატარეთ. ტრანსპარანტებზე ჩანდა, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპაციას ახდენს, რაც იქ გამვლელ რუსებს, აშკარად არ ესიამოვნათ. სამართალდამცველებთან მივიდა ორი რუსი ახალგაზრდა და საყვედურით მიმართეს, რატომ გვაძლევდნენ აქციის გამართვის უფლებას. მერე ჩვენთან მოვიდნენ და გვითხრეს, ტყუილად აპროტესტებთ, აფხაზეთი მაინც რუსეთის იყო და 10 წელიწადში უკვე მთლიანად ჩვენი გახდებაო. გაივლიდნენ ოჯახები, რომლებიც აგრესიას გამოხატავდნენ, ერთმა წყვილმა შუა თითიც კი დაგვანახა," - იხსენებს ეკა ჭელიძე და დასძენს, რომ ტრანსპარანტებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები კითხულობდნენ და რუსებში აგრესიას ესეც იწვევდა.

მისივე თქმით, ახლა მომხდარი შემთხვევები არაფერია 2008 წლის ომის დროს განვითარებულ მოვლენებთან. როგორც ეკა ჭელიძე იხსენებს, მაშინ რუსები ქართველებს ვენაში ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა ორი მათგანი დააკავეს კიდეც:

"ზოგი გვეუბნებოდა, წადით და თქვენს სახლებში იყვირეთო, პლაკატებსაც კი გვიხევდნენ. რუსებს არც მაშინ მოსწონდათ და არც ახლა არ სიამოვნებთ, აგვისტოს ომს რომ ვაპროტესტებთ, ზოგიერთმა მათგანმა სიმართლეც კი არ იცის. მაგალითად, სტუდენტი რომ გავხდი, ერთი რუსი კურსელი მყავდა, რომელსაც ეგონა, რომ სოჭი რუსეთის ტერიტორია იყო და რეალურად, რუსეთმა ჩვენი ტერიტორიების ოკუპირება კი არ მოახდინა, არამედ იქ მცხოვრები ხალხი გაათავისუფლა. ასევე ეგონა, რომ თუ საქართველოში ჩამოვიდოდა და რუსულად დაილაპარაკებდა, მას აუცილებლად ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, რაც ქართველების მიმართ რუსეთში ერთი პერიოდი, ნამდვილად ხდებოდა. აქედან გამომდინარე, რუსების ნაწილს საკუთარი ხელისუფლების ქმედებებზე ზუსტი წარმოდგენა არ აქვს. ის, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ანექსია მოახდინა, ვენაში ლექტორებმა და სტუდენტებმაც არ იციან, რაც ჩემი აზრით, ჩვენი ბრალიცაა, რადგან ამ პრობლემის საკმარისად პოპულარიზაციას არ ვახდენთ," - აღნიშნავს ეკა ჭელიძე.

ავსტრიაში მცხოვრები ქართველის განმარტებით, რუსები აგრესიულები ძირითადად, მაშინ ხდებიან, როდესაც ყურადღება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე მახვილდება, -"სხვა შემთხვევაში და სხვა დროს, არცერთი რუსის მხრიდან არ ყოფილა დაპირისპირება, ხშირად აქ რაღაცებში მეხმარებიან კიდეც, მაგალითად, საქველმოქმედო ღონისძიებებში," - დასძენს ეკა ჭელიძე.

რატომ აქვს რუსების ნაწილს ქართველებისა და აგვისტოს ომის მიმართ ასეთი დამოკიდებულება? საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გიორგი გობრონიძის განმარტებით, ეს რუსული პროპაგანდის დამსახურებაა:

"საზოგადოებრივი განწყობები იმ საინფორმაციო ფონის მიხედვით ყალიბდება, რომელსაც კონკრეტული სახელმწიფო ქვეყნის შიგნითა თუ გარეთ წარმართავს. ცხადია, საქართველოს მიმართ ასეთი აგრესიული დამოკიდებულება რუსების დიდ ნაწილს არ აქვს, ერთი ნაწილი კი მოქცეულია იმ საინფორმაციო ველში, რომელიც ირწმუნება, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კი არ მოახდინა, არამედ იმ ტერიტორიებზე მცხოვრები ერები განადგურებისგან გადაარჩინა. ცხადია, ეს ხელისუფლების დამსახურებაა. არ ვიცი, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ ბოლო პერიოდში კვლევებმა აჩვენა, რომ რუსეთის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილს ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდება, ხოლო ვისაც მიუწვდება, საინტერესოა, რამდენად ეცნობა საკუთარი ქვეყნის შესახებ დაწერილ კრიტიკულ მასალებს," - განმარტავს გობრონიძე.

სპეციალისტის თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების შესახებ უცხოეთის მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ვერმიწოდება, შესაბამის სფეროში ჩვენი ქვეყნის გამოუცდელობასაც უკავშირდება:

"ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, ამ ყველაფერს ახლა ვიწყებთ, ყველაფერი სირთულეებს უკავშირდება. გვინდა თუ არა, რუსეთის ფედერაციასთან საინფორმაციო ომს ვაწარმოებთ, ასეთ დროს კი, სამწუხაროდ, ჩვენი განცხადებები ძირითადად, ემოციური მარკერებითაა გაჯერებული, ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკას პრაგმატიზმი აკლია, შესაბამისად, შედეგიც სახეზეა. ასევე, პრობლემაა, რომ უცხოეთში არსებულმა აკადემიურმა გარემოცვამ ჩვენს შესახებ არ იცის, რადგან საქართველოში სამეცნიერო ლიტერატურა თითქმის არ იქმნება, შესაბამისად, საზღვარგარეთ ვერ ეცნობიან და ჩვენს შესახებაც ცოტა რამ სმენიათ," - განმარტავს გობრონიძე.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ასევე აღნიშნავს, რომ როგორც ხელისუფლების, ისე არასამთავრობო სექტორის მიერ უცხოელ კოლეგებთან ოკუპაციის პრობლემაზე საუბარი, მუდმივად უნდა ხდებოდეს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

"თავის ტკივილი და თავბრუსხვევა აწუხებდა" - როგორია საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის მდგომარეობა, რომელსაც 5 ივლისს თავს დაესხნენ

"მიჰაუსმა" 1-წლის იუბილეზე გრანდიოზული პრიზები გაათამაშა

"ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფი, რომელსაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, კლინიკიდან გაწერეს