ავტორი:

"კიბომ ტკივილი არ იცის, როცა აგტკივდებათ, შეიძლება უკვე გვიანი იყოს!" - რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ ექიმს

"კიბომ ტკივილი არ იცის, როცა აგტკივდებათ, შეიძლება უკვე გვიანი იყოს!" - რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ ექიმს

ამ ვერაგი დაავადებით ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება. კიბოს ასამდე სახეობაა ცნობილი, ის შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ წერტილში. ადრეული გამოვლენისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში ამგვარ დაავადებათა მესამედი იკურნება, ბევრი კი ლეტალური შედეგით სრულდება.

ცნობილია, რომ ავთვისებიანი სიმსივნე კეთილთვისებიანისგან მკვეთრად განსხვავდება: ის უკონტროლოდ იზრდება და ვითარდება, მისი უჯრედებიც უსასრულოდ იყოფა და თავისივე მსგავს უჯრედებს წარმოშობს. ამ მძიმე დაავადების შესახებ მედიცინის აკადემიური დოქტორი დალი თუშიშვილი გვესაუბრება:

- ონკოლოგიური დაავადებების შესახებ მრავალი ჰიპოთეზა არსებობს, მაგრამ ბევრი მათგანი ვერ ასახავს სინამდვილეს. სიმსივნური უჯრედი ვითარდება ავტონომიურად.

ადამიანის ორგანიზმში მილიონობით უჯრედია, მარტივად რომ ვთქვათ, ეს უჯრედები იყოფიან და თითოეული დედისეული უჯრედი აჩენს შვილეულ უჯრედს. მილიონობით ახალწარმოქმნილი უჯრედიდან ერთი შეიძლება გამოვიდეს ატიპური, სიმსივნური, ანუ მახინჯი. ეს უჯრედი თავის მხრივ ათის ნაცვლად აჩენს ათასს, ანუ უფრო სწრაფად მრავლდება, ვიდრე ჯანმრთელი უჯრედი, აღწევს სხვადასხვა ორგანოში, ცირკულირებს სისხლისა და ლიმფის გზით და სადაც დაიბუდებს, იმ ადგილიდან ვრცელდება კიბო მთელ ორგანიზმში.

- რა როლს ასრულებს ამ დაავადების წარმოშობაში გენეტიკა?

- ავთვისებიანი სიმსივნის წარმოშობის მიზეზი სხვადასხვა თეორიის მიხედვით სხვადასხვაგვარია, მაგრამ მყარი პოზიცია, მყარი ვერსია, თუ საიდან წარმოიქმნება სიმსივნური უჯრედი, ჯერჯერობით არ არსებობს.

გენეტიკა ნამდვილად თამაშობს გადამწყვეტ როლს, მაგრამ არც ეს არის საკმარისი საფუძველი ორგანიზმში კიბოს განვითარებისათვის.

- მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ძველ დროში ეს დაავადება ძალზე იშვიათად გვხვდებოდა.

- ადრეულ წლებში იყო ჭლექი, ქოლერა, შავი ჭირი… კიბო ეტყობა ამ ეპოქის სენია, მე ონკოლოგიაში 38 წელიწადია ვმუშაობ. ის დაავადებები, რომლებიც ადრე მხოლოდ ასაკოვან ადამიანებში გვხვდებოდა, ახლა 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებშიც კი ხშირია, ანუ კიბო ძალიან გაახალგაზრდავდა.

იყო ასეთი მეცნიერი კოჰეინი, რომელიც ამბობდა, ადამიანები რომ ას წლამდე და უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ, ალბათ ყველა სიმსივნით დაიღუპებოდაო. შეიძლება კიბოს ინკუბაციის პერიოდი იმდენ ხანს გაგრძელდეს, რომ ადამიანი ამას ვერც გრძნობდეს და სულ სხვა დაავადებით დაიღუპოს. კოჰეინის აზრით, ყველა ადამიანში არის ამ დაავადების ჩანასახი, რომელიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე აუცილებლად განვითარდება…

- კიბოს წარმოშობას ყველაზე ხშირად ნიკოტინს აბრალებენ…

- მე უამრავი პაციენტი მყოლია, რომელსაც სიგარეტი არასოდეს მოუწევია, ერთ-ერთი მათგანი სიგარეტის სუნზეც კი ცუდად ხდებოდა, პასიური მწეველიც არასოდეს ყოფილა, მაგრამ ფილტვის კიბოთი დაიღუპა, დიდი ხანია შეხება მაქვს ასეთ პაციენტებთან და ვერ ვიტყვი, რომ ფილტვის კიბო მწეველებში ჩნდება, არამწეველებში კი - არა. ვერც იმას ვიტყვი, რომ ძუძუს კიბო გათხოვილებს არ უჩნდებათ, გაუთხოვრებს - კი… ეს დაავადება მსგავს სტატისტიკას არ ემორჩილება.

ყველაზე ცუდი იცით რა არის? - ათასობით პაციენტი მოსულა ჩემთან, რომელსაც ჰქონია ვთქვათ, სარძევე ჯირკვლის კიბო, მოსულა დაწყლულებული მკერდით, რომელიც შემზარავი შესახედი იყო, როცა ვსაყვედურობდი, თავს იმართლებდნენ, არ მტკიოდა და ექიმთან ამის გამო არ მივედიო. ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ კიბომ ტკივილი არ იცის, როცა აგტკივდება, შეიძლება უკვე გვიანი იყოს. შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს ერთი ორგანოს სიმსივნე, მაგრამ ასტკივდეს სულ სხვა რამ. ხშირად მოდიან სულ სხვა ორგანოს ტკივილით და კერას სულ სხვა ადგილას ვპოულობთ. ძირითადად ტკივილი ბოლო სტადიაში ვლინდება.

ამიტომ, როდესაც პაციენტი რაიმე კვანძს, ან სიმაგრეს აღმოაჩენს, აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან. თვალხილული სიმსივნეების დროული აღმოჩენა რთული არ არის, რაც შეეხება შინაგან ორგანოებს, იმასაც თავისი სიმპტომები აქვს. როდესაც ქალი ტკივილს გრძნობს მუცლის არეში, აწუხებს წელის ტკივილი, როდესაც კუჭის მოქმედებაა გართულებული, ან პირიქით… მოკლედ, როდესაც რაღაც საეჭვო სიმპტომებს ვგრძნობთ, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, გადავიღოთ რენტგენი, გავიკეთოთ ექოსკოპია და ა.შ…

ძალიან საყურადღებოა ხალები, ხალი შეიძლება ისე განვითარდეს, რომ ვერც იგრძნოთ, მაგრამ ეს წარმონაქმნი უყურადღებოდ ნამდვილად არ უნდა დატოვოთ. არსებობს გამოკვლევები - დიაგნოსტიკური, მამოგრაფიული, ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ციტოლოგიური კვლევაა, რომლის შედეგადაც დგინდება წარმონაქმნი ავთვისებიანია თუ კეთილთვისებიანი. ჯერ აუცილებლად უნდა გაკეთდეს ციტოლოგიური კვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ განისაზღვროს მკურნალობის მეთოდი და მიმართულება.

- ქალბატონო დალი, რამდენად შედეგიანია ამ დროს ოპერაციული ჩარევა?

- თუ ოპერაცია დროულად, პირველ სტადიაზევე გაკეთდა, სრული განკურნებაც შესაძლებელია, მეორე-მესამე სტადიის შემთხვევაში, პროცესი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს და პაციენტს სიცოცხლე შეძლებისდაგვარად გაუხანგრძლივდეს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სიმსივნურ წარმონაქმნზე დანის დადება საერთოდ არ შეიძლება.

ხათუნა ჩიგოგიძე, AMBEBI.GE