როგორი ტაფა და ქვაბია საუკეთესო კერძის მოსამზადებლად და რომელია ჯანმრთელობისთვის სახიფათო - საჭირო რჩევები დიასახლისებს

როგორი ტაფა და ქვაბია საუკეთესო კერძის მოსამზადებლად და რომელია ჯანმრთელობისთვის სახიფათო - საჭირო რჩევები დიასახლისებს

ტაფა და ქვაბი - სამზარეულოს მთავარი ატრიბუტებია, რომლებიც ყველა ოჯახში მოიპოვება. რაც დრო გადის, კერძების მომზადებისთვის განკუთვნილი ჭურჭლის არჩევანიც იზრდება, შესაბამისად დიასახლისებსაც უმარტივდებათ სამზარეულოში ტრიალი, თუმცა ახალ ტექნოლოგიებთან ერთად, ჩნდება ახალი, ჯანმრთელობისთვის სახიფათო შემცველობის პროდუქცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში საშიში დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხდება. რა უნდა იცოდეთ, როცა სამზარეულოსთვის ახალ  ჭურჭელს ყიდულობთ - ყველა კითხვაზე გიპასუხებთ "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია".

იმისთვის, რომ საკვები კარგად მომზადდეს, საჭიროა ჭურჭელი თანაბრად გახურდეს, ყველაზე თანაბრად კი სიმხურვალე თუჯის, კერამიკისა და ტეფლონის დაფარვიან ჭურჭელზე ნაწილდება. ყველაზე სწრაფად კერძი ტეფლონისა და უჟანგავი მეტალის ჭურჭელში მზადდება, ასევე შედარებით მალე მზადდება კერძი ემალის ჭურჭელში. შუშის, კერამიკისა და თუჯის ქვაბში კი, იგივე საკვების მომზადებას, თითქმის ორჯერ მეტი დრო სჭირდება. ყველაზე ნაკლებად საკვებს ტეფლონისა და კერამიკის ზედაპირიანი ტაფა იკრავს, ასევე არ იკრავს საჭმელს თუჯის ჭურჭელიც, თუმცა კერძების მოსამზადებლად თუჯს შედარებით მეტი ცხიმი სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია თქვენმა მომზადებულმა კერძმა ჭურჭელში დიდი ხანი შეინარჩუნოს მაღალი ტემპერატურა, ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი თიხისა, თუჯის და უჟანგავი მეტალის ჭურჭელია.

უჟანგავი მეტალის ქვაბებსა და ტაფას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს, მათი სახელური არ ხურდება და ამ მხრივ ისინი კომფორტულია. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, თუჯისა და თიხის ჭურჭელი მძიმეა, ამიტომ მათი ყოველდღიური გამოყენება არ არის კომფორტული, თუმცა თუჯის, ისევე როგორც უჟანგავი მეტალისა და შუშის ჭურჭლის ზედაპირი ყველაზე რთულად ზიანდება და მათი გამოყენების ვადა, სხვა ტაფებთან შედარებით მეტია, ამ მხრივ ყველაზე ცუდი ტეფლონის ჭურჭელია, რადგან მისი ზედაპირი ყველაზე მარტივად ზიანდება.

იხილეთ ვიდეო: გაიგეთ ჭურჭლის შემადგენლობის შესახებ, რომელშიც საკვების მომზადება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, ან სარისკოა

ყველაზე ადვილად მოსახმარი თუჯის, უჟანგავი მეტალის, კერამიკისა და ტეფლონის დაფარვიანი ქვაბები და ტაფებია. ახლა გავარკვიოთ რომელი მათგანია უსაფრთხო და რომელი იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს.

დღეს ყველაზე პოპულარული ტეფლონის ტაფა და ქვაბია, რომელმაც დიასახლისების გული გამოსვლისთანავე მოიგო, ის შედარებით მსუბუქია, არ იკრავს საკვებს, სჭირდება ცოტა ცხიმი და მარტივად ირეცხება, თუმცა მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ ჭურჭელი ტეფლონის დაფარვით, განსაკუთრებით საშიშია, რადგან ის მაღალ ტემპერატურაზე გამოყოფს ისეთ ტოქსიურ ნივთიერებას, რომელიც პერფროროქტან მჟავაა.

ამიტომ თუ თქვენ ტეფლონის დაფარვიანი პროდუქციის შეძენის სურვილი გაქვთ, გაითვალისწინეთ, რაც უფრო ბევრი ტეფლონის ფენით არის დაფარული ჭურჭელი, მით უფრო ხარისხიანი და უსაფრთხოა. ფენების რაოდენობა კი შეფუთვაზე უნდა იყოს მითითებული. გარდა ამისა უმნიშვნელოვანესია, რომ დაფარვა არ დაზიანდეს, რადგან სწორედ დაზიანებული ადგილებიდან ხდება ტოქსიური ნივთიერებების გამოყოფა. ამიტომ იცოდეთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მასთან მეტალის კოვზი და არ გარეცხოთ ის უხეში სარეცხი საშუალებებით. სწორი მოხმარების შემთხვევაში ტეფლონის დაფარვიანი ჭურჭლის ვადა 5 წელია.

ტაფებისა და ქვაბების დასამზადებლად ყველაზე საშიში მასალა ალუმინია - ის ყველაზე რბილი მეტალია და შესაბამისად კოვზით მორევისას, მისი პატარა ნაწილაკები კერძში მარტივად ხვდება, ასეთი ჭურჭლის ხშირი გამოყენების შემთხვევაში, დიდი ალბათობით ორგანიზმში დასაშვებ ნორმაზე გაცილებით მეტი ალუმინი დაგროვდება.

თუმცა, არსებობს თანამედროვე ალუმინის ჭურჭელი, რომლის ზედაპირზეც დამცავი ფენებია, ამიტომ თუ ასეთ ჭურჭელს შეიძენთ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოტ მასთან მეტალის კოვზები და ჩანგლები, ასევე არ გარეცხოთ ის უხეში საშუალებებით. ასევე ალუმინის ტაფისა და ქვაბის ფსკერი არ უნდა იყოს 3 მილიმეტრზე ნაკლები. ალუმინის ქვაბის ყიდვისას დააკვირდით მის სახელურს, უმჯობესია სახელური მიმაგრებული ქონდეს და არა მიდუღებული, რადგან მიდუღებული სახელური ჭურჭელს მარტივად მოტყდება.

ყიდვისას ხშირად ჩვენს ყურადღებას ფერადი, ემალის ზედაპირიანი ჭურჭელი იპყრობს. რა უნდა ვიცოდეთ ემალის შესახებ? ემალის დაფარვიანი ქვაბები უსაფრთხოა, იქამდე სანამ მისი ზედაპირი დაზიანდება, ამოტეხილი ადგილებიდან კი ხდება ისეთი მძიმე მეტალების კერძში მოხვედრა, რომელიც შემდგომში ადამიანის ორგანიზმში გროვდება.

რაც შეეხება თუჯის ჭურჭელს, საუკეთესო თუჯის ჭურჭელი უნდა იყოს მძიმე, დაახლოებით 3 ლიტრიანი ხარისხიანი თუჯის ქვაბი, უნდა იწონიდეს მინიმუმ 4 კილონახევარს, გარდა ამისა, თუჯის ჭურჭელი არ უნდა იყოს პრიალა ზედაპირიანი, რაც უფრო დიდი ფორები აქვს მას და რაც უფრო მუქია უკეთესია. თუჯის ჭურწელი უსაფრთხოა, თუმცა როგორც უკვე ვთქვით ის მძიმეა და ამსთანავე მასში კერძის მომზადებას ბევრი ცხიმი სჭირდება. ასევე მძიმეა, თუმცა უსაფრთხოა კერამიკის ჭურჭელიც. უსაფრთხოებით გამოირჩევა ცეცხლგამძლე შუშის ქვაბიც, რომლის ხარისხის დადგენა მასზე დაგკვირვებითაცაა შესაძლებელი, კარგი შუშის ქვაბი არ უნდა იყოს დაბურული, ამასთანავე მასში არ უნდა იყოს ჰაერის ბურთულები.

უსაფრთხოებისა და კომფორტულობის თვალსაზრისით, ყველაზე კარგი უჟანგავი მეტალის ქვაბები და ტაფებია. მთავარია ისინი ხარისხიანი იყოს. მე გასწავლით როგორ აარჩიოთ კარგი უჟანგავი მეტალის ჭურჭელი. პირველ რიგში იცოდეთ საუკეთესო უჟანგავი მეტალის ჭურჭელს ფსკერზე უნდა ეწეროს 18/10, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში 18 პროცენტი ქრომი და 10 პროცენტი ნიკელია.

საყურადღებოა სამზარეულოს ის ინვენტარი, რომლებსაც კერძების მომზადების დროს ვიყენებთ. ნიჩბებსა და კოვზებზე უნდა იყოს მარკირება, რომ აღნიშნული ნივთები საკვების მოსამზადებლადაა განკუთვნილი, ხის კოვზები არ უნდა იყოს ლაქით დაფარული, ან შეღებილი, თუმცა მიუხედავად დადებითი თვისებებისა, სამზარეულოს ხის ინვენტარსაც აქვს უარყოფითი მხარე, ის ადვილად იწოვს როგორც საკვებს, ასევე სარეცხ საშუალებებს და ამ მხრივ ის სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ. ყველაზე კარგი სილიკონის ნიჩბებია, რომელიც არ აზიანებს ჭურჭელს, უძლებს 280 გრადუს ტემპერატურას და აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

იხილეთ ვრცლად გადაცემა "არცოდნა აკრძალულია"

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

ღია და საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისას - 20 ლარით, განმეორებისას კი - 50 ლარით დაჯარიმდებით - პარლამენტი ხვალ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს

გორში 91 წლისა და 87 წლის ცოლ-ქმარმა კოვიდი დაამარცხა - "ქალი ინსულტგადატანილია, აწუხებდა გულის უკმარისობა, არითმია"