ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი - "12 წლისას წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მეკეთებინა ე.წ. ქმრის ოჯახში, რომელიც ნანახი არ მყავდა"

ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი - "12 წლისას წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მეკეთებინა ე.წ. ქმრის ოჯახში, რომელიც ნანახი არ მყავდა"

"მესამე სამყარო" - ასე უწოდებს დასავლური საზოგადოება ავღანეთს, რომელიც წლებია, მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. "ბედნიერია ის, ვისაც გაუმართლებს და იმ ჯოჯოხეთიდან წამოსვლას შეძლებს, მნიშვნელობა არ აქვს, სად წახვალ, რადგან ავღანეთის ფონზე, ყველგან სამოთხეა", - ამბობენ ავღანელი ჟურნალისტები, რომლებმაც მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილის დატოვება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად შეძლეს...

მათ შორისაა ახალგაზრდა მეინა ქაუროსი, რომელიც ქაბულიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ამჟამად ლონდონში მცხოვრები ადგილობრივი ჟურნალისტის, ნაჯიბულა ქურაიშის დახმარებით, ავღანეთიდან გაიქცა. მისივე თქმით, ამით ის ან სიკვდილს გადაურჩა, ან დასახიჩრებას... მას ინტერნეტით დავუკავშირდით. 29 წლის მეინამ სამშობლოში გამოვლილ უმძიმეს პერიოდზე ჟურნალისთვის - "გზა", გულახდილად ისაუბრა...

- თავდაპირველად, ინგლისის ქალაქ ჩელსიში ჩამოვედით, სადაც სოციალური სააგენტოს თანამშრომლები ჩვენზე ზრუნავდნენ. უცნობი ადამიანების მზრუნველობა ჩემთვის იმდენად უცხო იყო, რომ კი არ მშველოდა, უფრო მეტად მაგდებდა დეპრესიაში. ხანდახან ძალიან პირადულ კითხვებსაც მისვამდნენ. ავღანელი ქალისთვის, ნებისმიერი სახის პირადი თემა, ოჯახის წევრთან, დედასთან ან დასთანაც კი დახურულია. იქ ქალის მთავარი ფუნქცია მორჩილება და მოთმინებაა... ამას ასწავლიან თითქმის ყველა ქალს, ბავშვობიდან და ამ პრინციპითვე ზრდიან. სამწუხაროდ, იმ მცირე გამონაკლის ოჯახში, სადაც გოგონა პიროვნებად ყალიბდება, მე ვერ მოვხვდი...

ოჯახში, ჩემ გარდა, კიდევ 8 დედმამიშვილი ვიყავით. სამი უფროსი და მყავს, სამივე 11-12 წლის ასაკში გაათხოვეს. მესამე, ჩემზე ორი წლით უფროსი იყო და დედასავით მივლიდა, ამიტომ მის გათხოვებასთან შეგუება ძალიან გამიჭირდა. ის ადგილობრივ მწყემსს, რომელიც სავარაუდოდ, მამაჩემზე 5 წლის უფროსი მაინც იქნებოდა, მეხუთე ცოლად გააყოლეს, უფრო სწორად - 30 სული ცხვრისა და რამდენიმე ტომარა ბურღულეულის ფასად მიჰყიდეს... შეწინააღმდეგებას, რა თქმა უნდა, ვერავინ გაბედავდა, მაგრამ მახსოვს, ქალებისა და გოგოების წრეში მოტრიალე ჩემი, ჯერ კიდევ ბავშვური აგებულების დის ტირილისგან დასივებული თვალები... დედა მას თავის ღირსეულად დაჭერას სთხოვდა. ჩემს 12 წლის დას, რიქშას ნერვიულობისგან მუხლები ეკვეთებოდა, მაგრამ ჩემი მშობლები ამას ვერც ამჩნევდნენ. იმ კაცს, ჩემი დის ქმარს, ქაბულის გარეუბნებში რაღაც ფარდულები ჰქონდა, მუყაოს ქაღალდებისა და ფიცრებისგან ნაშენი, რომელსაც ავღანეთის პროვინციებიდან ჩამოსულებზე აქირავდება. ჩვენს ფონზე, ის შეძლებულად ითვლებოდა... ცოტა ხანში გაირკვა, რომ საშინელი ხასიათი ჰქონდა. ჩემი დის სხეულზე დამწვრობები შევნიშნე... დედას შევჩივლე, მან კი მითხრა, რომ მუსლიმი ქალისთვის ყველაფერზე მთავარი ოჯახის სიწმინდეა და რიქშა ქმრის ხასიათს უნდა შეეგუოსო... დედას არც ვამტყუნებ, ის ასე გაიზარდა და სხვანაირად ვერ წარმოედგინა. ჩემი დის მეტოქეები, ანუ იმ კაცის სხვა ცოლები მას არ ახარებდნენ, რადგან რიქშა მათ შორის ყველაზე ლამაზი, ახალგაზრდა იყო და პოტენციურ მეტოქედ აღიქვამდნენ...

- ისედაც ხომ იყვნენ მეტოქეები...

- სხვა რამეს ვგულისხმობ - ლამაზი ცოლი, ლამაზ ქალიშვილებს ნიშნავს. იქ კი ძალიან უფრთხილდებიან გოგონებს, რადგან გოგოს რძლად "ყიდულობენ" და რაც უფრო ლამაზია ქალი, მით მეტი ღირს. შედარებით შეძლებულ ავღანელებს ორი ან მეტი ცოლი ჰყავდათ და ყველანი ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ცოლები ცდილობდნენ, მეტოქეების შვილები დაესახიჩრებინათ, რათა თავიანთი ქალიშვილების უფრო ძვირად გაყიდვის შანსი ჰქონოდათ... იქ უფულო ოჯახს რძლის ყიდვის საშუალება არ აქვს. ამიტომაც, კაცებს ხშირ შემთხვევაში, არატრადიციული სექსუალური ცხოვრება აქვთ და არც პატარა ბიჭების გაუპატიურება წარმოადგენს სიახლეს... ერთი სიტყვით, დიდი მიხვედრა არ უნდოდა, რომ ჩემი და კოშმარში ცხოვრობდა. ერთ დღესაც, ის სახლში ატირებული მოვიდა. თურმე, ადგილობრივ პოლიციას ჩემს სიძეზე კომპრომატები ჰქონია, "თალიბებს" ეხმარებაო და დააკავეს... ჩემმა დამ მოძალადე ქმრისგან კი ამოისუნთქა, მაგრამ მის ნათესავებთან ერთად უწევდა ცხოვრება...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი