თბილისის დროშა, გერბი და გასაღები - როგორ შეიქმნა დედაქალაქის სიმბოლოები, რომლის შესახებ ბევრ თქვენგანს არაფერი სმენია

თბილისის დროშა, გერბი და გასაღები - როგორ შეიქმნა დედაქალაქის სიმბოლოები, რომლის შესახებ ბევრ თქვენგანს არაფერი სმენია

ყველა ქალაქს თავისი სიმბოლიკა აქვს, მათ შორის, თბილისსაც აქვს საკუთარი დროშა, გერბი და გასაღები, თუმცა ამ ყველაფერს დიდი დატვირთვა არც ერთ დროში მიეცა. მეტიც, ალბათ ამ სიმბოლიკის შესახებ თბილისელების უმეტესობას იშვიათად, ან საერთოდ არაფერი სმენია... 

ამ ყველაფრის შექმნაზე ფიქრი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებას დაუწყია. "პირდაპირ მთავრობიდან იყო მოთხოვნა, თბილისის გერბი შექმნილიყო," - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში

აწგარდაცვლილი მხატვარი ემირ ბურჯანაძე, რომელსაც წილად ხვდა თბილისის სიმბოლიკის ავტორი ყოფილიყო.

"რთული ამოცანის წინაშე დავდექით - როდესაც არსებობს ძლიერი და ლამაზი ლიტერატურული ქარგა, სახვით ხელოვნებაში უკვე სხვა გზა და ხერხია მოსაძებნი, რომ ცნობილ ლეგენდას, რომლითაც თბილისელებს თავი მოგვაქვს, მიუსადაგო. მოკლედ, მაშინდელი მთავრობის პირველი პირებისგან სიმბოლიკის შექმნაზე დიდი მოთხოვნა იყო და მხატვრებს პირადად შეგვხვდნენ...

ამბობდნენ, უამრავი უცხოელი ჩამოდის, ყველას თავის ქვეყნის, ქალაქის სიმბოლოები სუვენირად ჩამოაქვს, სანაცვლოდ კი, ვერაფრით ვპასუხობთო...

ბოლოს ისე მოხდა, რომ მე დამეკისრა, შემექმნა თბილისის სიმბოლიკა. საქმეს დიდი ინტერესით, სიყვარულით და შიშით შევხედე. იოლი არ იყო, მაგრამ დრომ თავისი მოიტანა და გარკვეული მუშაობისა და ძალისხმევის შემდეგ მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს...

ამ სიმბოლოებმა ამდენი წელია არსებობის უფლება მოიპოვა და ბედნიერად ვთვლი თავს, რომ თბილისის სიმბოლიკის მთელი ატრიბუტიკის ავტორი გახლავართ, მაგრამ საბოლოოდ ამ ყველაფერმა ცხოვრებაში თავისი მხატვრული სახიერება ვერ პოვა".

ქალაქის დროშა

თბილისის დროშა სწორკუთხა ფორმისაა - თეთრ ფერზე მკვეთრი, ურთიერთგადამკვეთი, ფართო, მუქი ცისფერი და შედარებით ვიწრო ოქროსფერი ზოლები აქვს.

გადაკვეთის ადგილი აქცენტირებულია თბილისის გერბის გრაფიკული გამოსახულებით მუქ წითელ ფონზე, რომლის ირგვლივ შვიდი ოქროსფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავია განლაგებული. ზოლების ასეთი ურთიერთდამოკიდებულება სიმბოლურია.

თბილისის დროშა ოთხფეროვანია: თეთრი, მუქი ცისფერი, ოქროსფერი და მუქი წითელი, ხოლო შესრულებისთვის იგულისხმება სამი ფერი თეთრ ფონზე.

ქალაქის გერბი

თბილისის გერბი, როგორც ქართული ფარი, მრგვალი ფორმის, დამწერლობით შექმნილი კომპოზიციაა. ასომთავრული "თან" ასონიშნის გრაფირებით აგებული ხოხბისა და მიმინოს განზოგადებული მხატვრული ფორმა და ასოთა თანმიმდევრობა ერთ მთლიან სიმბოლოდ აღიქმება და გამოხატავს დედაქალაქის ლეგენდის არსს. გერბის ზემოთა ნახევარსფეროს კიდეზე განლაგებულია შვიდი შვიდქიმიანი ვარსკვლავი. ძირითად გამოსახულებას ეხვევა მუხის რტო - მარადიულობისა და ძლიერების სიმბოლო, რომლის ძირშიც იქმნება ჯვრისებური ტიხარი, სადაც ასომთავრულად (მრგვლოვანი) და ნუსხა-ხუცურად ჩაწერილია "თბილისი".

გერბის ღერძულ დაბოლოებას წარმოადგენს წყლის თემა.

თბილისის გერბი დედაქალაქის ლეგენდაზე აღმოცენებული ჰერალდიკური ნიშანია.

ქალაქის სიმბოლური გასაღები

როგორც გასაღების ზოგადად მიღებული ფორმა შედგება სამი ნაწილისაგან: გვირგვინი, ღერო და გასაღების ენა. გვირგვინი წარმოადგენს ორი მშვილდისებური, ტრაპეციული კვეთის შეპირდაპირებულ ფორმას, რომლის ზემო ნაწილში, ორივე მხარეს ამოკვეთილია წარწერა "თბილისი". ქვემო ნაწილში კი ორივე მხარეს დაძერწილია მუხის რტო. მშვილდისებური ფორმების შეერთებისას პლასტიკური ნაკეცები ორივე მხარეს ქმნის ისრის გამოსახულებას. გვირგვინის ცენტრალური კომპოზიცია გამოხატავს დედაქალაქის ლეგენდის თემას ხოხობისა და მიმინოს რელიეფური გამოსახულებით. მთლიანად გვირგვინი ეყრდნობა ღეროს, რომლის თავი ბროწეულის (სიმრავლის სიმბოლო) ფორმისაა. გასაღების ღერო "თბილისური აივნის" რიკულს მოგვაგონებს და მთავრდება სიმეტრიულად შეწყვილებული ფრთისებური ენით.

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქალაქის სიმბოლობს პრაქტიკული დატვირთვა ეძლევა, საპატიო თბილისელის წოდებას უკავშირდება. წოდება დაწესდა თბილისის სახალხო დეპუტათთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1979 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებით. წოდებას ანიჭებს თბილისის მერი სახელმწიფო ან საზოგადო ორგანიზაციის წარდგინებით, რომელსაც წინასწარ იხილავს თბილისის მერიასთან არსებული მრჩეველთა საბჭო. წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის; უცხო სახელმწიფო მოქალაქეებს - განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თბილისის წინაშე. წოდებას ძირითადად ანიჭებენ ყოველი წლის ოქტომბერში "თბილისობის" დღესასწაულზე. თბილისის საპატიო მოქალაქეს გადაეცემა ამ წოდების დიპლომი და სხვა რეგალიები, მათ შორის თბილისის გასაღები, ამასთან თბილისში მცხოვრები სარგებლობს სხვადასხვა შეღავათით.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი