უჰაერო, "დაბეტონებული" ქალაქი - რა პრობლემები აწუხებთ ყველაზე მეტად თბილისელებს

უჰაერო, "დაბეტონებული" ქალაქი - რა პრობლემები აწუხებთ ყველაზე მეტად თბილისელებს

თბილისში დაახლოებით 1 120 000-მდე მოქალაქე ცხოვრობს. ქალაქის მოსახლეობის ნაწილს ყველაზე პრობლემატურად ავარიული შენობები, ახალი მშენებლობები, განათლების ინფრასტრუქტურა, გამწვანება, უსაფრთხოება და სოციალური დაცვა მიაჩნია.

შესაბამისი კვლევა ფონდმა "ღია საზოგადოება საქართველომ" ჩაატარა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ "თბილისში არსებული ვითარების ზოგადი შეფასებისას რესპონდენტების 56% აცხადებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისი არასწორად ვითარდება. კვლევის ფარგლებში თბილისის 3 000 მოსახლე გამოიკითხა.

მართლაც, ქაოტური მშენებლობები, ავტომობილების რაოდენობა, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ჰაერის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია, ქალაქის მცხოვრებლებს დისკომფორტს უქმნის. ჩვენ სხვადასხვა უბანში მცხოვრებ მოქალაქეებს ვკითხეთ, ჩამოთვლილი პრობლემებიდან, ყველაზე მეტად რომელი აწუხებთ, გამოკვეთილი საკითხები კი სპეციალისტებმა შეაფასეს.

21 წლის ერეკლე ბავშვობიდან აღმაშენებლის გამზირზე ცხოვრობს. ამბობს, რომ ჰაერში ჟანგბადის არსებობას ვეღარ გრძნობს: "დაახლოებით 4 წელია, აქ ცხოვრება შეუძლებელი გახდა, ამდენი ავტომობილი, გამონაბოლქვი და მშენებლობები... ქუჩები გაუმწვანებელია, ყველაფერი დაბეტონდა, არადა ვფიქრობ, რომ ამას შეიძლება ეშველოს, უბრალოდ ხელისუფლებამ უნდა მოინდომოს."

41 წლის ნინოსაც, რომელიც დაახლოებით 10 წელია, ვაკეში ცხოვრობს, იგივე პრობლემა აწუხებს. ამბობს, რომ გამწვანებას მხოლოდ კორპუსების აივნებზე თუ ნახავ:

"ჩემი კორპუსის წინ წიწვოვანი ხეები იდგა, ფაქტობრივად, ჭავჭავაძის გამზირის ფილტვები, რომლებიც გაჩეხეს და მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა დაიწყეს, თან იმდენად ახლოს, რომ ფანჯრები ერთმანეთს უყურებენ. გამწვანება არა, ხმაური, დაბინძურებული ჰაერი, მშენებლობები და ამის გამოსასწორებლად არაფერი კეთდება" - აღნიშნავს ნინო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უკანასკნელი კვლევა გვიჩვენებს, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში აზოტის დიოქსიდი ნორმაზე მაღალია:

"სექტემბერში დედაქალაქის 18 წერტილი გადავამოწმეთ, შედეგები დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიაში გავგზავნეთ და საბოლოო მონაცემები ევროკავშირის ნორმატივებს შევადარეთ. შედეგად, აზოტის დიოქსიდის დაბინძურება ნორმის ფარგლებში იყო გლდანის პირველ მიკროში, საბურთალოზე - ბენდელიანის ქუჩაზე და მზიურის პარკის ტერიტორიაზე. აზოტის დიოქსიდით ყველაზე მაღალი დაბინძურება დაფიქსირდა მელიქიშვილის ქუჩაზე, ასევე ავლაბრის მოედანზე, ტაშკენტის ქუჩასა და მეტროსადგურ "დელისთან", კინოსკოლის წინ, მარჯანიშვილის მოედანზე, დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩაზე, ვაკეში არაყიშვილის ქუჩაზე, მუხიანში გობრონიძის ქუჩასა და დიღომში მიქელაძის ქუჩაზე.

აღსანიშნავია, რომ ოზონისა და ბენზოლის მაჩვენებლის გადაჭარბება არსად არ ყოფილა, ნორმაზე გადაცდენა მხოლოდ აზოტის დიოქსიდის შემთხვევაში დაფიქსირდა, რაც რა თქმა უნდა, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვთანაა დაკავშირებული", - განმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, მარინა არაბიძე.

მისივე განმარტებით, საშუალო წლიური მონაცემებით, ოზონის შემცველობა წერეთლის გამზირზე 1,4-ჯერ აღემატებოდა ნორმას, ხოლო 9-ჯერ ვარკეთილში.

რაც შეეხება მშენებლობებს, რომლებიც მწვანე საფარის შემცირების ძირითად მიზეზად იქცა, მათ დარეგულირებას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფი აპირებს. ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მერაბ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ არასწორი ურბანული განვითარების შედეგად, დედაქალაქის არაერთი უბანი ეკოლოგიური და უსაფრთხოების პრობლემების წინაშე დგას:

"განაშენიანების ინტენსივობის ზრდასთან ერთად, ერთმანეთთან შენობების სიახლოვეც იზრდება, რაც სახლების განიავებასა და განათებას პრობლემებს უქმნის. რაღაც დროის განმავლობაში ბინაში მზე აუცილებლად უნდა აღწევდეს, რაც ამ შემთხვევაში დარღვეულია. როცა მოსახლეობის რაოდენობა გადაჭარბებულია და შენობები ერთმანეთთან ნორმატიულზე ახლოს 10-12 მეტრში დგას, ბუნებრივია, იქ განათების კოეფიციენტები ნორმაში არ არის. ასევე არ შეიძლება, რომ სამ, ოთხ და ხუთოთახიანი ბინა ცალმხრივი ორიენტაციით იყოს და არასრულფასოვნად ნიავდებოდეს", - დასძენს მერაბ ბოლქვაძე.

ურბანისტის თქმით, საშუალო ინტენსივობის 4-5 სართულიან განაშენიანებაში 120-150 ადამიანი, ხოლო მაღალი ინტენსივობის განაშენიანებაში ჰექტარზე 240-280 მცხოვრები უნდა იყოს, რაც სპორტის სასახლის უკან, ალექსიძის ქუჩაზე, ყიფშიძის ქუჩის ფრაგმენტზე, დოლიძე-ბალანჩივაძის ქუჩის ცალკეულ მონაკვეთებში, სვანიძის ქუჩაზე, ზემო ვაკესა და ვერაზე, ხორავასა და ბარნოვის ქუჩებზე დარღვეულია:

"მიზეზი საცხოვრებელი ზონის კოეფიციენტის გაყიდვაა, რასაც თბილისის მერია წლების განმავლობაში ახორიცელებდა. კოეფიციენტად დადგენილია 2,5, ინვესტორების მიერ მომზადებულ პროექტში კი წლების განმავლობაში კოეფიციენტები 5,6 და 7-მდე იზრდებოდა, თუმცა ჩვენ გენერალურ გეგმაში გავითვალისწინეთ, რომ კოეფიციენტების გაყიდვა აიკრძალება," - დასძენს მერაბ ბოლქვაძე.

გამონაბოლქვი ნაკლებად, მაგრამ საზოგადოებრივი წესრიგის პრობლემა განსაკუთრებით აწუხებს 22 წლის მერაბს, რომელიც რამდენიმე წელია გლდანის მცხოვრებია. თითქმის ყოველ ღამით, როცა ქალაქი ძილისთვის ემზადება, მერაბის მიკრო რაიონში ჩხუბის ხმა ისმის:

"ამის გამო თავს დაცულადაც არ ვგრძნობ. ცოტა ხნის წინ პატრულის ეკიპაჟი უბნებს ამოწმებდა ხოლმე, მაგრამ ბოლო პერიოდია, აღარ დამინახავს, არსებული ვითარება კი დისკომფორტს მიქმნის" - გვეუბნება მერაბი და ამ პრობლემას ხელისუფლების ინერტულობას უკავშირებს.

გამოკითხვის შედეგებს აფასებს იურისტი ლევან ალაფიშვილი. მისი თქმით, მოქალაქეებს მენტალურად ჰქონდათ და აქვთ განცდა, რომ გამგეობა არის ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელება, ამიტომ თუნდაც საზოგადოებრივი წესრიგის საკითხის მოსაგვარებლად არა მის, არამედ ცენტრალური ხელისუფლების ჩარევას ელოდებიან:

"გამგეობა არ არის პასუხისმგებლობის მქონე, დამოუკიდებელი ორგანო, არც მოქალაქეებს აქვთ ამის განცდა, ამიტომ საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას მისგან არ ითხოვენ, რაც უნდა შეიცვალოს," - განმარტავს იურისტი.

შეკითხვაზე, რამდენად კარგად ასრულებს საპატრულო პოლიცია თავის მოვალეობას, პასუხობს, რომ მსგავსი კვლევითა და კერძო შემთხვევებზე დაყრდნობით ამის თქმა რთულია.

მიუხედავად იმ მძიმე პრობლემებისა, რაც კვლევის შედეგად გამოიკვეთა, მოქალაქეებმა პოზიტიურად შეაფასეს გარე განათება, დაგვა-დასუფთავება და ტურისტული ინფრასტრუქტურა, ხოლო ისეთი სფეროები, როგორიცაა ტრანსპორტი, გზები, რეკრეაცია, ქალაქის ძველი უბნების რეკონსტრუქცია, საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, ჯანმრთელობის დაცვა, საგანმანათლებლო პროგრამები, კულტურის ინფრასტრუქტურა, კულტურული ღონისძიებები, სპორტი და ახალგაზრდობა, თბილისელების ნეიტრალურ შეფასებას იმსახურებს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

ფოტო: ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი