რა ღირს თურქეთში ქართველი ქალი?

რა ღირს თურქეთში ქართველი ქალი?

საზღვარგარეთ ცხოვრებისა და მუშაობის მსურველ ადამიანებზე არაერთხელ დაწერილა, ისიც კარგად იცის საზოგადოებამ, რომ უამრავი ადამიანი აღმოჩნდა ტრეფიკინგის მსხვერპლი, მაგრამ თუ ქართველები საკუთარ თანამემამულეს უცხო ქვეყანაში უცხოელზე გაყიდდნენ და ეს საქმიანობა მათი შემოსავლის წყაროდ გადაიქცეოდა - არ მჯეროდა და ალბათ ვერც თქვენ წარმოიდგენდით. ჩემი რესპონდენტი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდა, სრულიად გამაოგნებელ ამბავს მიყვება...

ქეთი, 33 წლის:

- დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში ისეთ სამსახურს ვეძებდი, სადაც ნორმალურ გასამრჯელოს მივიღებდი, მაგრამ ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ აქ სამუშაოს შოვნა არც ისე იოლია... როდესაც დასაქმების ყველანაირი იმედი ამომეწურა, სახლში ჩავიკეტე. სწორედ იმ პერიოდში ჩამოვიდა თურქეთიდან დეიდაჩემი და როცა ჩემი პრობლემის შესახებ შეიტყო, თურქეთში წასვლა შემომთავაზა. მითხრა, რომ იქ მუშაობას დამაწყებინებდა ქაღალდის ქარხანაში, სადაც წლების განმავლობაში თავად მუშაობდა. მისმა წინადადებამ მომხიბლა. დეიდა საბუთების მოწესრიგებაში დამეხმარა და თურქეთში გავემგზავრე.

- დეიდა დიდი ხანია, რაც თურქეთში ცხოვრობს?

- 2006 წლიდან და, ასე თუ ისე, ერკვევა იქაურ საქმეებში (იღიმის). იქ ბებიაჩემმა წაიყვანა, რომელიც, სხვათა შორის, 1997 წელს საკუთარმა დისშვილმა ჩაიყვანა უცხო ქვეყანაში და უთხრა, რომ მოხუცი კაცის მომვლელად დააწყებინებდა მუშაობას. როცა ბებია ჩავიდა, დისშვილმა 1.000 დოლარად გაყიდა თურქ კაცზე... ბებიაჩემის ორივე და დღეს თურქეთშია გათხოვილი. ბებოს დისშვილმა ჯერ საკუთარი და გაყიდა, მას კი დეიდებიც მიაყოლა. ბევრი გაყიდული ქალი საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებასაც ვეღარ ბედავს და ბედს ეგუება.

- ბებოსაც ასე დაემართა?

- ბებიას გაუმართლა: იმ კაცმა, რომელსაც მიჰყიდეს, ცოლად შეირთო და გარდაცვალების შემდეგ, საკმაოდ სოლიდური ქონება დაუტოვა. თავიდან კი ძალიან განიცადა ბებომ, მაგრამ წასასვლელი აღარსად ჰქონდა და ბედს შეეგუა. მერე, როცა იმ კაცთან ხელი მოაწერა, უკვე აღარც განიცდიდა უცხო ქვეყანაში ცხოვრებას (იღიმის). ბებოს კი გაუმართლა, მაგრამ გაყიდული ქალების უმრავლესობა ან ბორდელში ხვდება, ან ოჯახში, სადაც მოახლეცაა და ოჯახის უფროსის ხასაც.

- ბებია იმ კაცის ერთადერთი ცოლი იყო?

- არა, მას ცოლი და 5 შვილი ჰყავდა. ბებიაჩემი პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ შეირთო. ბებოს თავის გერებთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს. დღესაც თურქეთში ცხოვრობს, სახლში ზის და პენსია - 800 ლირაც (დაახლოებით 800 ლარი) აქვს. არაფერი უჭირს, მშვენივრად ცხოვრობს...

- ქეთი, თურქეთში ქართველებს დღესაც ყიდიან?

- კი, იქ ჩასულ ქართველებს საკმაოდ დიდი ბიზნესი აქვთ. ინტერნეტით ეცნობიან ქართველ ქალებს, რომლებიც უმუშევრები არიან და მათ თურქეთში სამსახურს სთავაზობენ - ოჯახებში დასაქმებასა და მაღალანაზღაურებად სამსახურს ჰპირდებიან. მოტყუებული ქალი თურქეთში ჩადის, შემდეგ ის მიჰყავთ ოჯახში და პასპორტს ართმევენ. ცაში გამოკიდებულ ქალს აღარც ხელფასს აძლევენ და არც არანაირი უფლება არა აქვს უცხო ქვეყანაში. ოჯახი, რომელიც ამ ქალს ყიდულობს, საშუალოდ, 1.000 დოლარს იხდის და შეუძლია, მთელი ცხოვრების განმავლობაში მოახლედ ჰყავდეს.

ქალსაც, იქ დარჩენის გარდა, სხვა გზა აღარ დარჩენია: პასპორტი არა აქვს, რომ საზღვარი გადმოლახოს, თუმცა პასპორტი რომც ჰქონდეს, უფულოდ სად წავა?! ჩვენ სადაც ვცხოვრობდით, იმ ქალაქიდან ასობით კილომეტრის რადიუსში დასახლებული პუნქტი არ შეგხვდებათ, მძღოლი კი ცხადია, უფასოდ არსად წაგიყვანს - მაშინვე ჟანდარმს გამოუძახებს და ციხეში გიკრავენ თავს ან დეპორტი არ აგცდება, ამას კი ყველაზე მეტად უფრთხიან ქართველები: არ უნდათ საქართველოში ხელცარიელი ჩამოსვლა, მით უმეტეს მაშინ, თუ ისეთ ოჯახში არიან მოხვედრილი, რომლის უფროსებიც შვილებთან გასაგზავნ 1-2 თეთრს აძლევენ.

იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ხერხით საკუთარ პასპორტს ისევ ხელში ჩაიგდებენ და საზღვრის გადმოლახვას შეეცდებიან, თურქული სახელმწიფო სამუდამოდ "ადეპორტებს" მათ ქვეყნიდან, ქართველები კი კანონდამრღვევს საზღვარზე 2.500 ლარს ახდევინებენ.

- თუ ადამიანს ეს თანხა არა აქვს?

- ამ შემთხვევაში, ისევ თურქეთში ბრუნდებიან და ციხეში ხვდებიან. უამრავ ადამიანს უწევს ციხეში ჯდომა, რადგან საზღვარზე გადასახდელი 2.500 ლარი არ გააჩნია. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო და იმასაც აღვნიშნავ, რომ დღემდე ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია თურქეთში, ვინც პატიოსნად მუშაობს და აღებული გასამრჯელოთი საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებს ეხმარება, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ოჯახის წევრებს ატყუებენ, - ოჯახში ვმუშაობთო და თავს მეძაობით ირჩენენ, მათ შორის, გათხოვილი ქალებიც არიან...

როდესაც თურქეთში მივდიოდი, ჩემთან ერთად 2 გოგონა მგზავრობდა და არც მალავდნენ, თუ რა სამუშაოს ეწეოდნენ უცხო ქვეყანაში. მათ გზაშივე ურეკავდნენ თურქი კლიენტები და ეკითხებოდნენ, - როდის ჩამოხვალთო? ტერმინალში "მამაშა" დახვდათ და თავისთან "წალალა"... იქ ყოფნისას, უამრავი საშინელი ამბავი გავიგე. ერთი გოგონა, რომელიც ბორდელს მიჰყიდეს, ერთ-ერთ კლიენტს შეუყვარდა და იმ კაცმა გამოაპარა. გოგონა, თავის გადამრჩენელთან ერთად, საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდა, რადგან თურქეთში ამ ბიჭს მოსაკლავად დასდევდნენ: წყვილი საკმაოდ ძლიერ კლანს დაუპირისპირდა...

- ბებიაშენიც ხომ არაა ამ "ბიზნესში" ჩაბმული?

- არ ვიცი, ჩემთვის არ უთქვამს. გამორიცხული ნამდვილად არ არის, რომ მასაც გაეყიდა ქალები. მისი დისშვილი დროს უქმად არ კარგავს: ვიდრე მე საქართველოში გამოვემგზავრებოდი, რუსთაველი ქალი ჩაიყვანეს მოტყუებით, რომელიც ვინმე ჰუსეინისთვის უნდა მიეყიდათ. ახლახან საკუთარი ძმისშვილი ჩაიყვანა, რომელმაც მამიდამისისთვის სამწუხაროდ, ფეხი მოიტეხა და ჯერ კიდევ კოჭლობს. ასე რომ, მისი გაყიდვა ვერ მოახერხა - ინვალიდს არავინ ყიდულობს. ჰოდა, ახლა მეორე ძმისშვილის წაყვანას გეგმავდა, რომელიც უკვე გაყიდული ჰყავს და ფულიც აღებული აქვს.

- საკუთარ საქმიანობას შენც არ გიმალავდნენ?

- ისინი ამ თემაზე ჩემი თანდასწრებით ლაპარაკობდნენ; იცოდნენ, რომ ვერაფერს გავაწყობდი და ვერც საქართველოდან მოტყუებით ჩამოსულ ქალებს გავაფრთხილებდი... სხვათა შორის, ბებოს დისშვილმა მეც შემომთავაზა, - ჩამოიყვანე ქალები და ჩვენი "ბიზნესის" წილში გაგიყვანთო... ლამის გადავირიე, ისეთი "კონცერტი" მოვუწყვე, თავი კარგად დავამახსოვრე.

- თავად როგორ გადაურჩი გაყიდვას?

- გამიმართლა. ბებიას საქართველოში დაბრუნება და აქ ცხოვრება სურს. მე რომ გავეყიდე, აქ ფეხს ვეღარ ჩამოადგამდა - დედაჩემისთვის რა პასუხი უნდა გაეცა?! ამიტომაც მიფრთხილდებოდა. მის დისშვილს კი ჩემი გაყიდვის სურვილი ნამდვილად ჰქონდა. კლიენტებიც გამომიჩნდნენ, სახლში მოგვადგნენ და ბებოს ჩემს გაყიდვაზე დაელაპარაკნენ.

- და შენ ეს იცოდი?

- (იღიმის) კი, ჩემი თანდასწრებით ელაპარაკებოდნენ, არც კი მოერიდათ. აქ ქართველები ფულის გამო ერთმანეთს ყიდით და ალბათ შენც გასაყიდად ჩამოგიყვანესო, - მითხრეს. ზიზღით გვიყურებენ და ვერც შეედავები: რასაც იქ ქართველი ქართველს უკეთებს, თურქი ამას საკუთარი ხალხის წარმომადგენელს არ აკადრებს. ჰოდა, ამის გამო, ქართველებს "ფულის ღორებს" გვეძახდნენ.

- რა შემთხვევაში შეიძლება, გაყიდვას გადაურჩე?

- ქალაქ ანკარაში, ავტობუსების ტერმინალში არის დასაქმების ბიურო, სადაც ქართველები მუშაობენ და ალბათ ისინი უფრო სანდოები არიან, მაგრამ მათ პატიოსნებაზეც ვერ დავდებ თავს.

- დასაქმების ბიურო დასაქმების მსურველ ადამიანს კონტრაქტს თუ უფორმებს?

- არანაირი კონტრაქტი არ ფორმდება. რაიმე ფურცელზე რომც მოგაწერინონ ხელი, ის ნოტარიალურად არ მოწმდება და იურიდიული ძალა არა აქვს. მეც დეიდაჩემის პროტექციით მოვეწყვე ქარხანაში, სადაც არანაირ ხელშეკრულებაზე არ მომიწერია ხელი. საკმაოდ დიდი საწარმო იყო, რომელიც ბლოკნოტებს, ყურანის სურებს (თავებს), მათ ჩასადებ ჩანთებსა და ამა თუ იმ ქალაქის რუკებს აწარმოებდა. მე ბლოკნოტებში კალმების ჩადება მევალებოდა და ამაში 450 ლირას ვიღებდი, თურქებს კი იმავე სამუშაოსთვის 700 ლირაზე მეტს უხდიდნენ. მოკლედ, რადგან ქართველები ვიყავით და მუშაობის უფლება არ გვქონდა, ექსპლუატაციას გვიწევდნენ.

იქ ყოფნისას გავარკვიე, რომ მთელი დასავლეთ საქართველო თურქეთშია გახიზნული. როცა აქეთ მოვდიოდი, ერთი ბებო მეჯდა გვერდით, რომელმაც მითხრა: 72 წლის ვარ და უკვე 7 წელია, რაც ბოდრუმში ვცხოვრობო... იქ ყოფილა გათხოვილი. თავიდან შვილები ძალიან გამინაწყენდნენ, მაგრამ მათ ჩემი თურქი მეუღლე ისე ეხმარება, რომ ბედს შეეგუენო. ქალს ხახვი და კარტოფილიც კი თურქეთიდან მოჰქონდა.

- ქეთი, რატომ არავინ უჩივის იმ ადამიანებს, რომლებიც ქართველებს საქონელივით ყიდიან?

- ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან და საქართველოში რომც უჩივლო, მათ წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობ. თან, გამართლება აქვთ - ძალით არავინ მიჰყავთ, საქართველოში არც ჩამოდიან - ინტერნეტის მეშვეობით "ქაჩავენ საქონელს" თავისთან.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"