ერთი რიგითი გულშემატკივრის ღია წერილი გურამ კაშიას

ერთი რიგითი გულშემატკივრის ღია წერილი გურამ კაშიას

ლადო გოგოლაძის ბლოგი

გამარჯობა გურამ. შენ მე არ მიცნობ ან რატომ უნდა მიცნობდე, მე ხომ ერთი რიგითი გულშემატკივარი ვარ იმ ათასობით ადამიანიდან, ვინც შენ გიჭერს მხარს. გურამ, მინდა გითხრა, ძალიან ამაყი ვარ იმ ფაქტით, რომ ჩემი ქვეყნის ეროვნული გუნდის წევრი ხარ. ვამაყობ იმითაც, რომ ჩემი ქვეყნის სახელი ღირსეულად გაგაქვს მსოფლიოში და ბევრმა სწორედ მას მერე გაიგო საქართველოს შესახებ, როდესაც შენი თამაში ნახა.

ამ ბოლო დროს, ძალიან ბევრი უმიზეზო ლანძღვა შეგხვდა, იმის გამო რომ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგი. სამწუხაროა, რომ შენ ამ ნაბიჯს ასეთი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგმა ისიც კი თქვა - კაშიამ ქვეყანა შეარცხვინაო, არადა ამ ხალხს არ გახსენებიხარ, მაშინ როცა ჰოლანდიის თასის მოგებას ქართული დროშით ზეიმობდი, არც მაშინ ახსოვდი, როდესაც ეროვნულ გუნდში თავი არასოდეს დაგიზოგავს და ბოლომდე ერთგულად თამაშობდი, მაგრამ ხომ იცი, გვიყვარს ქართველებს წარმატებული ხალხის ჯიჯგვნა. ჩვენ ვერ მივაღწიეთ წარმატებას და იმას ვინც მიაღწია, რაღაც ფორმით ხომ უნდა გადავუაროთ?! ჰოდა მოგდგნენ შენ, იმის ნაცვლად გახარებოდათ, რომ მთელმა ჰოლანდიამ გაიგო - საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი დისკრიმინაციას ეუბნება არას!

კაშიამ, ქართულ ფეხბურთს შეუარცხყოფა მიაყენაო, ლგბტ ფერებში გადაწყვეტილი, კაპიტნის სამკლაური გაიკეთაო - ამას წერს ხალხი, ვინც წლებია ეროვნული გუნდის თამაშს არ დასწრებია (არაფერს ვამბობს ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე), ეროვნულ გუნდზე რომ ჰკითხო რამე, გეტყვიან - უჰ, მკვდრები არიან, მაგათ თამაშზე რა წამიყვანსო, ტელევიზორში რუსეთის ნაკრების თამაშს რომ ჩართავს და მათი საშემსრულებლო მანერით ბედნიერი იქნება. ჰოდა, აი ეს ხალხი ამბობს, რომ შენ მიაყენე შეურაცხყოფა ქართულ ფეხბურთს.

გურამ, ბევრი წელი გავა, დარწმუნებული ვარ, შენ მსგავსად ბევრი ქართველი ფეხბურთელი ეტყვის დისკრიმინაციას უარს, ხვალ-ზეგ შეიძლება ისევ გალანძღონ ამის მთქმელები, მაგრამ აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ყველა ერთად ვიტყვით ამ "არას". წლების მერე, შეიძლება შენი ეს ნაბიჯი არავის ახსოვდეს, მით უფრო არავის ემახსოვრება ის ხალხი, ვინც ამ ნაბიჯის გამო გლანძღა, მაგრამ გურამ კაშია, როგორც კარგი სპორტსმენი, აუცილებლად დარჩება ქართული სპორტის ისტორიაში!

მალე, ნოემბერში ეროვნულ გუნდს აქვს თამაში. არ ვიცი შენ (შენობით ფორმაზე ისე გადავედი, თქვენობით არც მომიმართავს. რატომღაც საყვარელ სპორტსმენებს თქვენობით არ მიმართავენ და მეც ამიტომ მოვიქეცი ასე) ითამაშებ თუ არა, ძალიან მინდა რომ ითამაშო, რადგან მინდა ნახო, რომ მლანძღველები ძალიან ცოტანი არიან და სტადიონზე გამოსული გურამ კაშია გულშემატკივრისაგან ისევ იმ სიყვარულს მიიღებს, რომელსაც აქამდე იღებდა!

გურამ, ახლა დაგემშვიდობები, არ ვიცი წაიკითხავ თუ არა ამ წერილს, მაგრამ თუ წაიკითხავ იცოდე, რომ ძალიან მაგარი და სამაგალითო სპორტსმენი ხარ.

პატივისცემით, ერთი რიგითი გულშემატკივარი - ლადო გოგოლაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი