დღეიდან საქართველოს გზებზე "ჭკვიანი კამერები" ჩაირთო - ყველა დეტალი, რაც მძღოლებს არ უნდა გამორჩეთ

დღეიდან საქართველოს გზებზე "ჭკვიანი კამერები" ჩაირთო - ყველა დეტალი, რაც მძღოლებს არ უნდა გამორჩეთ

დღეიდან, 1-ელი ნოემბრიდან ე.წ. ჭკვიანი კამერები ამოქმედდება. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი შედის ძალაში.

შსს-ში მიმდინარე საპოლიციო ტექნოლოგიური რეფორმის ფარგლებში, 2017 წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება.

შსს-ს ინფორმაციით, ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება. დამრღვევი მძღოლი ჯარიმდება შემდეგ ფაქტებზე:

• შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;

• ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;

• სიჩქარის გადაჭარბება;

• მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;

• მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, ავტომატურ რეჟიმში ეცნობება დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, ან აპლიკაციის საშუალებით (მისი არსებობის შემთხვევაში).

ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ მართვის მოწმობის მქონე მოქალაქეებმა, რომელთა მოქმედი საკონტაქტო მობილური ნომერი არ ფიქსირდება შსს-ს მომსახურების სააგენტოში, აუცილებლად გაიარონ რეგისტრაცია სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. საყურადღებოა, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

რაც შეეხება აღსრულების ახალ წესს, ის შემდეგ გარემოებებს ითვალისწინებს:

• საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (სმს) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;

• თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;

• ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;

• საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge

• საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;

• ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;

• ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა იზრდება 1 წლამდე.

• მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით;

რატომ არ იგალობა თამრიკო ჭოხონელიძემ საშობაო ლიტურგიაზე - "არ მწყენია... დღეს აღარაფერი მიკვირს"

რა ქონებას ფლობს წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი დირექტორი

საშობაო ალილო თბილისში - სადღესასწაულო მსვლელობის ულამაზესი ფოტოები