"ყველა თანხა ამოიწურა... ახლა მამას ჩემი მეუღლე პატრონობს" - რას ყვება თაკო ჩარკვიანი ჯანსუღ ჩარკვიანის მდგომარეობაზე

"ყველა თანხა ამოიწურა... ახლა მამას ჩემი მეუღლე პატრონობს" - რას ყვება თაკო ჩარკვიანი ჯანსუღ ჩარკვიანის მდგომარეობაზე

პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახში რთული ეტაპი დგას. ბოლო წლების განმავლობაში უფროს ვაჟს, ცნობილ მუსიკოს მამუკა ჩარკვიანს 8 ოპერაცია დასჭირდა სიცოცხლის გადასარჩენად, ახლა კი თავად პოეტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე. 3 თვის წინ 85 წლის ასაკში მწვავე ინსულტით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ოჯახის წევრები იმედს არ კარგავენ, რომ უფროსი ჩარკვიანი ოჯახს გამოჯანმრთელებული დაუბრუნდება და კიდევ ბევრ ლექსს აჩუქებს თავის მკითხველს...

პოეტის ქალიშვილს, პუბლიცისტსა და მუსიკათმცოდნე თაკო ჩარკვიანს მამის მდგომარეობის შესახებ ჟურნალი "სარკე" ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"მამა ძალიან მძიმედ არის. რეანიმაციაშია, აპარატი ჯერ ვერ მოვხსენით, მართვით სუნთქვაზეა. წამოვიდა შუქი, 15-15 საათი ფილტვმა თვითონ იმუშავა. რამდენიმე დღეა, ცოტ-ცოტას თვითონ სუნთქავს... მთლიანად პარალიზებულია, მაგრამ მარცხენა ხელი ცოტათი გააქტიურდა. როცა ვესაუბრები, ვთხოვ, რომ თვალებით მანიშნოს, ჩემი თუ ესმის და მიმანიშნებს ხოლმე თვალებით. ტვინია დაზიანებული, მაგრამ ცნობიერება წამოვიდა... ვლოცულობ, რაც დიდ შვებასა და ძალას მაძლევს. დღეში ორჯერ მივდივარ მამის სანახავად და თვალებით ველაპარაკებით ერთმანეთს.

- 3 თვეა საავადმყოფოში წევს, რაც ალბათ დიდ თანხებს მოითხოვს. ფინანსურად ვინ გიდგათ გვერდით?

- სახელმწიფო დაზღვევა ამოიწურა. ასევე ამოიწურა თანხა ფონდიდან "რუსთაველის პრემია", თბილისის მერიიდანაც რაღაც პაკეტი ეკუთვნოდა და ისიც. ახლა ჩემი მეუღლე (ბიზნესმენი ჯონი გიგანი. ავტ.) პატრონობს. რაც შესაძლებელია, ყველაფერი უკეთდება...

თაკო ჩარკვიანი "სარკესთან" ინტერვიუში იმ შემთხვევასაც იხსენებს, რამაც შესაძლოა, ჯანსუღ ჩარკვიანის ინსულტის პროვოცირება მოახდინა:

"მამაჩემი, მოხუცი, ასაკოვანი ადამიანი გამოვიდა ერთ-ერთ არხზე და თავისი კვიმატური ენით თქვა, ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანებიო. ერთმა ავადსახსენებელმა კაცმა მთელი წერილი ამაზე ააწყო, თუ როგორ გაბედა მამამ ამის თქმა. მამას დაურეკეს და უთხრეს, გაზეთში წერილი დაიბეჭდაო. მეორე დღეს მამამ იყიდა გაზეთები, საღამოს გადავედი მასთან და მითხრა, რა არის ეს ცხოვრება, შეხედე რას მიწერს, შევარდნაძემ ბინა გაჩუქა, შენს ბინაში ცხენი რომ გაჭენდებაო. 1979 წელს "რწმენის კედელის" გამო კარბელაშვილმა საკავშირო ცკ-ში მიჩივლა, 1977 წელს გამსახურდიას გარიცხვას ხელი არ მოვაწერე და მათრიეს, "დათა თუთაშხიას" მერე ინფარქტი მივიღე, მერე წითელი ინტელიგენცია გავხდი, ახლა ეს მიწერს, შევარდნაძის ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობსო, არადა დედაშენის ბინაში ვკვდები, ივანიშვილის ხელფასი რომ არ მოდიოდეს მწერალთა კავშირში და შენი ქმარი ჯიბეში ფულს რომ არ მიდებდესო… მამამ ბოლოს მითხრა, წადი, წყალი მომიტანე, ბევრი ყინული ჩამიყარე, ოღონდ დედაშენს არ უთხრაო (ჯანსუღს ასთმა აქვს). წავედი მოსატანად და, რომ შევბრუნდი ოთახში, ძირს ეგდო.

დაცემის ხმა კი გავიგე, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ლოგინზე დამჯდარი მამა წაიქცეოდა. გონზე იყო, დავუწყე დამშვიდება. იმ წუთში მივხვდი, რომ ინსულტი ჰქონდა, თუმცა ბოლომდე ადეკვატური იყო. სასწრაფო დახმარება რომ მოვიდა, კიდევ შეეძლო პასუხების გაცემა. მთელი ქუჩა ჩვენ გვაცილებდა. ამ უბედურებაში დიდი შუქი დავინახე. არ ვიცოდი, ჯანსუღის მიმართ ასეთი სიყვარულის ტალღა თუ ისევ იყო..."

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი