რაზე ისაუბრეს პატრიარქმა და რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა საპატრიარქოში გუშინ გამართულ შეხვედრაზე

რაზე ისაუბრეს პატრიარქმა და რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა საპატრიარქოში გუშინ გამართულ შეხვედრაზე

რელიგიურ საკითხებზე აფხაზეთში არსებული სიტუაციის დასარეგულირებლად შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს ეკლესიების მიერ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნას. ამის შესახებ საუბარი იყო საპატრიარქოში გუშინ გამართულ შეხვედრაზე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი) მიიღო, რომელიც თბილისში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა კათოლიკო-პატრიარქს რუსეთის პატრიარქის კირილის მიწვევა გადასცა - 4 დეკემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მხარეებმა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. უწმინდესმა იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში არსებული სიტუაცია უახლეს მომავალში დარეგულირდება.

"მივიღე თქვენი მოწვევა. თუკი ჯანმრთელობა შემიწყობს ხელს, დავესწრები დღესასწაულს. ჩვენ აფხაზეთიდან გვყავს ეპისკოპოსი გრიგოლი კაცია, აფხაზეთში კი არის პიროვნება, რომელიც ასევე გვარად კაციაა. ის რელიგიურ ორგანიზაციებთან პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობას ხელმძღვანელობს. შეიძლებოდა მისი იქ გაგზავნა. ზოგიერთები გამოთქვამენ ასეთ აზრს, რომ როგორმე უნდა დავარეგულიროთ სიტუაცია აფხაზეთში", - განაცხადა პატრიარქმა.

თავის მხრივ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქის, ილია მეორესა და უწმინდეს პატრიარქ კირილთან ბოლო შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად საჭიროა, აფხაზეთში არსებული სიტაციის განსახილველად სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.

"აფხაზეთში სიახლე არაფერია. ის ჯგუფი, რომელმაც დაიპყრო ახალი ათონის მონასტერი და თავი გამოაცხადა თითქმის ავტოკეფალურ ეკლესიად, პოზიციებს ისევ ინარჩუნებს. დიახ, მათ შორის მოხდა განხეთქილება. ეს ჯგუფი ახლა მოიხსენიებს მსოფლიო პატრიარქს და მათ თავი მიტროპოლიად გამოაცხადეს. უნდა ვიფიქროთ, როგორ დავარეგულიროთ სიტუაცია. უწმინდეს პატრიარქ კირილესთან თქვენს ბოლო შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთში არსებული სიტაციის განსახილველად სამუშაო ჯგუფს შევქმნიდით. ჩვენ მზად ვართ შევუდგეთ მუშაობას, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც უნდა გადაიჭრას. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი უნდა იყოს ამ ჯგუფში? ალბათ, ორი-სამი საკმარისი იქნება. ველოდებით თქვენს პასუხს", - განაცხადა რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტმა.

კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრაზე თავის მხრივ მზაობა გამოთქვა, აფხაზეთში არსებული ვითარების დასარეგულირებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.

"მე მიყვებოდნენ, რომ მოხდა განხეთქილება ამ ჯგუფსა, ბესარიონ აპლიასა და სხვებს შორის. სწორედ ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, დავარეგულიროთ სიტუაცია. აფხაზეთის წარმომადგენელი ჩამოვიდა აქ და მიამბო ამ განხეთქილების შესახებ. მან მითხრა, რომ შეიძლებოდა მოემზადებინა იქ ჩემი სახლი. მე აფხაზეთში სახლი მაქვს. როდესაც იქ ვცხოვრობდი, მაშინ შევიძინე. ნინოშვილის 13 ნომერში. ახლა იქ ვიღაც ცხოვრობს. როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი უნდა შედიოდეს სამუშო ჯგუფში? ვფიქრობ, დიდი ჯგუფი საჭირო არ არის. ალბათ, სამი ადამიანი თითო მხრიდან. ჩვენ დავფიქრდებით და პასუხს შეგატყობინებთ", - განაცხადა პატრიარქმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი