"მისი მაჯა ხელში მეჭირა და ბოლო პულსიც შევიგრძენი..." - რას ყვება მამა გაბრიელზე ერთადერთი ექიმი, რომელსაც წმინდანმა საკუთარი ჯანმრთელობა ანდო

"მისი მაჯა ხელში მეჭირა და ბოლო პულსიც შევიგრძენი..." - რას ყვება მამა გაბრიელზე ერთადერთი ექიმი, რომელსაც წმინდანმა საკუთარი ჯანმრთელობა ანდო

2 ნოემბერი წმინდა ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელ-სალოსის გარდაცვალების დღეა. ის 22 წლის წინ, 1995 წლის 2 ნოემბერს აღესრულა. მამა გაბრიელი ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად ცოტა ხნის წინ შერაცხა. იგი დღეს უამრავი ადამიანის შემწეა და ამის გამო ყველას თავის მამა გაბრიელი ჰყავს. თუმცა, ალბათ მათთვის, ვისთანაც ცხოვრებაში ახლო ურთიერთობა ჰქონია, გამორჩეული ადამიანია.

როგორი იყო წმინდანის ცხოვრების ბოლო წლები, რა პირობებში გააატა ის, რაზე ფიქრობდა და ვინ მკურნალობდა - ამაზე მამა გაბრელის ექიმი, საპატრიარქოს სოციალური დაცვის ხელმძღვანელი, ექიმი ზურაბ ვარაზი გვესაუბრება:

- განსაკუთრებული შემთხვევა და შეგრძნებაა, როცა მას ცხოვრებაში იცნობდი. დიახ, გაბრიელ აღმსარებელს ვესაუბრებოდი, ხელითაც შევხებივარ, მისთვის ოპერაცია გამიკეთებია, სისხლი ავუღე და ეს ადამიანი დღეს წმინდანია, მისი ლოცვა-კურთხევით და მეოხებით ყველა ქრისტიანი სარგებლობს, მის სახელს ბევრი სასწაული უკავშირდება. მის საფლავთან, ხატთან ბევრი გაკურნებულა, ბევრი ადამიანის სულიერი მდგომარეობა, ცხოვრების წესი შეცვლილა და ეს სასწაული არის გულისხმისყოფისთვის, რწმენაში განმტკიცებისთვის...

ზურაბ ვარაზი

- როგორი იყო მასთან პირველი შეხვედრა?

- პატრიარქის აღსაყდრების შემდეგ სიონის ტაძარში ხშირად დავდიოდი, მერე მრევლიც გავხდი და მაშინ ვხედავდი ხოლმე სიონში - მოდიოდა, გულზე რამდენიმე ჯვარი ეკიდა, ლოცვის დროს ხან ტიროდა, ხან ხმამაღლა ვიღაცას ამხელდა, ისე დაიყვირებდა, ყურადღებას მიიპყრობდა. ვინც იცნობდა, ყოველთვის უკან დაჰყვებოდნენ, ძალიან კეთილი იყო და გულისხმიერი. მეც მივსულვარ მასთან სიონში და მითხოვია, დამლოცეთ-მეთქი... თავზე ხელს დამადებდა და იტყოდა: ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს და გაკურთხოს...

იხილეთ ვიდეო: მამა გაბრიელის მოღვაწეობის უცნობი კადრები - სრული ვერსია

- იმ პერიოდში სამთავროს მონასტერში იყო უკვე?

- ვინაიდან მამა გაბრიელი საბჭოთა მთავრობის მიერ იდევნებოდა, ერთსა და იმავე ადგილას დიდხანს არ ჩერდებოდა, მგონი, სამ-სამი დღე შეეძლო სხვადასხვა მონასტერში ეცხოვრა. ამიტომ, მონასტრიდან მონასტერში ფეხით მიდიოდა... შემდგომ, როდესაც მას დავუახლოვდი, მოყოლილი აქვს, რომ საქართველოს ყველა ტაძარში იყო ნამყოფი. ეკლესია-სამლოცველო თავის სახლშიც ჰქონდა და იქაც არ ასვენებდნენ, იქაურობას უნგრევდნენ. ხანდახან სასაფლაოზე ეძინა, ან წავიდოდა რომელიმე მორწმუნესთან და შეეფარებოდა. დევნილი იყო...

მაშინ ეჩვენებოდათ, რომ უცნაური იყო. სხვათა შორის, ნანახი მაქვს მისი ჯანმრთელობის ცნობა, რომელიც ფსიქიატრიული საავადმყოფოს მიერ იყო გაცემული, ცნობის ნომერი 666-ია (ამან მაშინვე მიიქცია ყურადღება). იქ ეწერა, რომ ის არის ფსიქოპათიური პიროვნება და ეჩვენება, რომ არსებობს ღმერთი, ანგელოზები, ბუტბუტებს თავისი სიტყვებით, ლოცულობს... რასაც მამა გაბრიელი, როგორც სასულიერო პირი აკეთებდა, ამას ავადმყოფობად უთვლიდნენ, რადგანაც საბჭოთა ადამიანი ასეთი მორწმუნე არ შეიძლებოდა ყოფილიყო.

კოშკი სამთავროში, სადაც მამა გაბრიელი ცხოვრობდა

- აღნიშნეთ, რომ მისთვის ოპერაციაც გაგიკეთებიათ. როგორ და როდის მოხდა ეს?

- ეს მისი ცხოვრების ბოლო ეტაპი იყო, ბოლო წელიწადს. მამა გაბრიელი დაეცა და მენჯ-ბარძაყის სახსარშიდა მოტეხილობა მიიღო, ამიტომ, იწვა, სიარული უჭირდა, მერე გაურთულდა, რადგანაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სხვადასხვა პრობლემა ჰქონდა - მუცლის ღრუში წყალმანკი, სითხეც დაუგროვდა. პერიოდულად სისხლს აღებინებდა, საყლაპავის ვენები იყო გაფართოებული... ერთხელ, ძალიან ცუდად რომ იყო, მონასტრის მონაზვნებმა სთხოვეს, ექიმს მოვიყვანთ, - უარი უთქვამს, - არ მოვიდეს, არ მინდა, ექიმს არ მივიღებო. იქ ჩემი მეუღლის ნათესავები იმყოფებოდნენ და უთქვამთ, - ჩვენი სიძე საპატრიარქოში საქმიანობს, მორწმუნეა, ექიმია, ათონის მთაზეა ნამყოფი. ეს რომ გაუგია, - მშვიდობით მობრძანდესო. სულიერად გიცნო და მოგიხმოო, - მითხრეს... ჩავედი სამთავროში. მის კელიაში რომ შევედი, იწვა და ვთხოვე: დამლოცეთ მამაო-მეთქი. "დახე, ექიმი მოვიდა და პირველად ლოცვა-კურთხევას ითხოვს. აქ ვინც მოდის, ყველა მეუბნება - რა გაწუხებს? ვეუბნები - არაფერიც არ მაწუხებს, ბერი ვარ, რა უნდა მაწუხებდეს? ჩემი ძონძი სხეულიო..."

მოკლედ, ვნახე, რომ ძალიან კრიტიკული მდგომარეობა ჰქონდა, ვეღარ სუნთქავდა, ორგანიზმში ბევრი სითხე ჰქონდა და ვუთხარი, გამოღებაა საჭირო-მეთქი. იქვე ჩავატარეთ ეს პროცედურა. დიდი რაოდენობით სითხე გამოვიღეთ... იმის მერე, მასთან მთელი წელიწადი დავდიოდი. სითხე უგროვდებოდა, გამოვუღებდი, წვეთოვან გადასხმებს ვუკეთებდი. იმ დროს მასთან არაერთი საინტერესო საუბარი და შეხვედრა მქონია. ჩემს მეხსიერებაში, როგორც კინოფილმი, ისე დევს ეს ყველაფერი და ვყვები ისე, როგორც იყო, რაც მასზე გამოცემულ წიგნებშიც დაიწერა...

- ასე რომ, თქვენ იყავით ერთადერთი ექიმი, რომელსაც ის ენდო...

- კი ბატონო... არ იყო ადვილად დასაყოლიებელი პაციენტი... ერთხელ ასეთი შემთხვევა იყო, მისთვის სისხლი უნდა ამეღო ანალიზისთვის. არ აგაღებინებსო, - თქვეს. გავრისკე და ვუთხარი: მამა გაბრიელ, სისხლი უნდა აგიღოთ-მეთქი. რათა? - მკითხა. ანალიზი უნდა გავაკეთოთ-მეთქი. რისი? - ისევ მკითხა. ჰემოგლობინი გვაინტერესებს, ღვიძლის ფუნქცია, სინჯებია საჭირო-მეთქი. ეგ თქვენი გემაგლობინები მე სულ არ მაინტერსებს. მე მაინტერებს-მეთქი. ჰოდა, შენ გამოიღე სისხლიო. რამე რომ მოგივიდეს, ღმერთი დამსჯის შენი გულისთვის ღმერთს ჩემს თავს ნუ დაასჯევინებ-მეთქი. დახე, რა მითხრა? აიღე შვილო, რამდენიც გინდა... ავიღეთ სისხლი, მაგრამ მაშინ არ ვიცოდით, რომ ის სისხლი 4 წლის განმავლობაში არ გაიხრწნებოდა.

სინჯარა, რომელშიც წმინდანის უხრწნელი სისხლი ინახება

- რა მოხდა?

- სინჯარაში მოვათავსეთ 10 გრამი სისხლი, რომელსაც თავის საცობი გავუკეთეთ. ჩემთან ერთად იყო ექიმი ნათია არაბიძე. იქიდან რომ წამოვედით, ისე მოხდა, რომ ნათიას გზაში სინჯარა ხელიდან გაუვარდა, დაბლა დაეცა, საცობი მოძვრა, სისხლი დაიქცა და შიგ მხოლოდ 2 გრამი დაჩა. საცობი ისევ მოვარგეთ და წამოვედით, რადგან შეუძლებელი იყო, მივბრუნებულიყავი და მეთქვა, სისხლი ისევ უნდა ავიღოთ-მეთქი... დარჩენილი 2 წვეთი ლაბორატორიაში მივიტანეთ, მაგრამ ცოტაა და არაფერი გამოვა, არ გვეყოფაო. მერე ნათიამ სინჯარა შეინახა, რადგანაც ვუთხარი, შეიძლება, სადმე მიკროანალიზს აკეთებენ და იქ მივიტანოთ-მეთქი.

2 დღის შემდეგ მამა გაბრიელის მდგომარეობა გაუარესდა, დამძიმდა, მარცხენა საზარდულის თიაქარი ჩაეჭედა. დამირეკეს, ჩავედი და ვუთხარი, - სასწრაფო ოპერაცია გჭირდება-მეთქი. არავითარ შემთხვევაშიო. მერე შევეცადე, თიაქარი ხელით ჩამესწორებინა, თუმცა ვუთხარი, შეიძლება გაგიმეორდეს და საოპერაციო გახდე-მეთქი. თუ ოპერაცია მაინც გარდაუვალი იქნება, მოვიტანთ ყველაფერს და აქ გაგიკეთებთ, როგორც სამხედრო ქირურგები, საველე პირობებში ვიმოქმედებთ-მეთქი. კვლავ უარი მივიღე. მეორე დღეს, განმეორდა თიაქრის ჩაჭედვა, უფრო დიდი მასშტაბით. გამოიბერა და ტკივილისგან ძალიან შეწუხებული იყო. ოპერაციაზე კვლავ არ დამთანხმდა და თქვა: "12 წლიდან მოგდევ უფალო, დავიღალე, ამოიღე სული!". მივხვდი, არაფრის გაკეთება არ შემეძლო, თუმცა ჩაჭედილი თიაქრის გამო, რომ ადამიანი არ გადარჩეს, შეუძლებელია, მაგრამ ოპერაციაზე უარი მივიღე.

მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა, დღის 3 საათიდან აღარ ლაპარაკობდა, თვალმოუშორებლად წმინდა ნიკოლოზის ხატს უყურებდა. ეს მდგომარეობა საღამოს 9 საათამდე გაგრძელდა. იმ დროს მეუფე დანიელი მობრძანდა. მკითხა, - როგორ არის? ვუთხარი, - მდგომარეობა ტერმინალურია, აგონიური... მეუფე დანიელმა სულის გათავისუფლების ლოცვა წაიკითხა. ნახევარი საათის შემდეგ მამა გაბრილმა გაიღიმა და სული განუტევა... მისი მაჯა ხელში მეჭირა და ბოლო პულსიც შევიგრძენი... პულსი აღარც საძილე არტერიაზე იყო.

- გამოდის, სული თქვენ ჩაგაბარათ...

- ასე აღმოჩნდა. შემდგომ კურთხევანის მიხედვით, მეუფე დანიელის ლოცვით მოხდა მისი, როგორც სასულიერო პირის, ბერის განმოსვა, სხეულის განწმენდა და შემოსვა. სხეული შავ სუდარაში გავახვიეთ, იმავე ქსოვილის ლენტიბით ჯვრები გავაკეთეთ, სახეზე, გულმკერდზე და ფეხების არეში დავუმაგრეთ. ბოლოს კი მისივე თხოვნით, ჭილოფში გავახვიეთ. იმ დროს დედა პარასკევა მოვიდა, რომელიც მისი მესნეულე გახლდათ, ავადმყოფს უვლიდა, რომელმაც თქვა, - როგორ ვერ ვნახე მამაო შენი სახე და აღმოაჩინა, რომ გულზე ჯვარის გაკეთება დაგვვიწყნია. ასე დაკრძალვა არ გამოვაო. მეუფემ კურთხევა მისცა იქ მყოფებს, შეხსნეს სუდარა, სახე გამოუჩინეს და ჯვარი გაუკეთეს. დედა პარასკევამ თქვა, - მამა გაბრიელმა ისე არ დამტოვა, სახე კიდევ ერთხელ მაჩვენაო.

- ბატონო ზურაბ, დარჩენილ 2 გრამ სისხლს რა ბედი ეწვია?

- 4 წლის მერე თეამ მოიტანა სინჯარაში მოთავსებული სისხლი და მითხრა, რომ ისევ ისეა, როგორც 4 წლის წინო. ამაში თავადაც დავრწმუნდი. არც შედედებულიყო, არც ფერი შეეცვალა. ვერ მოვითმინე და წვეთი შუშაზე გავუსვი, ნაცხი გავაკეთე, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში გავაგზავნეთ. არც გვარი, არც სახელი, ასაკი მიგვიწერია და არც ის გვითქვამს, რომ 4 წლის სისხლი იყო. წარმოიდგინთ, რომ ფორმულა რიგზე იყო - ლეიკოციტები, ერითროციტები... სისხლმა ჰემოლიზი არ განიცადა, უჯრედები არ დაიშალა, არ გაიხრწნა. იმ პასუხით აკადემიკოს თამარ დეკანოსიძესთან (პათოლოგანატომი) მივედით და ყველაფერი ვუთხარით. გაოცდა. მოდი, კიდევ გააკეთეთ ერთი ნაცხი სისხლის გადასხმის ინსტიტუტშიო. იქაც იგივე პასუხი მოვიდა. ბოლოს პატრიარქთან მივედი და ყველაფერი ვუამბე, უწმინდესი არასოდეს არის სენსაციებზე გამოკიდებული, ფრთხილია და მითხრა: დავაკვირდეთ ამ საკითხს, სისხლი შეინახეთ და ყველაფერი გამოჩნდება, რასთან გვაქვს საქმეო.

შემდეგ სატატია დაიწერა, სადაც ჩემი მოსაზრება დავაფიქსირე, - შესაძლოა, ადამიანის ასკეტურმა ცხოვრებამ, ლოცვამ, ღმერთთან სიახლოვემ და მისმა მეოხებამ გამოიწვია ის, რომ სისხლი განუხრწნელი გახდა-მეთქი. ეს ყველაფერი მამა გაბრიელთან დაკავშირებით რომ მოხდა, არ გამკვირვებია, არ იყო ორდინალური ადამიანი. მისი გარდაცვალების შემდეგ, სამთავროს მონასტრის ეზოში, საფლავთან უამრავი მლოცველი ჩადიოდა, სადაც ადამიანები იკურნებოდნენ, ამ ამბებს დედა პარასკევა მიყვებოდა ხოლმე. ბევრი რამ მოხდა და მომწიფდა საკითხი, რომ მამა გაბრიელის კანონიზაცია მომხდარიყო. ამას მიემხრო მთელი სინოდი და მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება, "ჩემს საფლავზე მილიონი ადამიანი მოვა" - ახდა. მისი საფლავიდან აღმოყვანების დროს ვერ გეტყვით, იქ რა რაოდენობის ადამიანი იყო. შემდგომ სამებაში, სადაც დასვენებული იყო, დღე და ღამე რიგი არ წყდებოდა. ასეთი რამ ხელოვნურად არ ხდება, ხალხს სურვილის გარეშე ვერსად მიიყვან.

...ერთხელ, მის თავთით ვიჯექი, რაღაცებს გვიყვებოდა, ცოტა გაგვეხუმრა, გაგვაცინა კიდეც და უცბად სერიოზული სახე მიიღო, შეხედა მაცხოვრის ხატს, ხელები აღაპყრო, გაირინდა, 10 წუთი არ ინძრეოდა. დედა პარასკევას ვკითხე: - რა მოხდა? ცუდად ხომ არ არის-მეთქი? მან თითი მიიდო ტუჩებზე და მანიშნა, - გაჩერდიო. მამა გაბრიელმა მერე ხელები ჩამოუშვა, გულზე დაიკრიფა და თქვა: უფალი მოდის. მთელი კოსმოსი ძრწის მის წინაშე, მატერიალური არსებობა მთავრდება. ამ ხალხს ჰგონია, რომ სულ ასე ტაშ-ფანდურაში იქნება. ეს ყველაფერი მალე დამთავრდება. თქვენ ამას მოესწრებით. მე თქვენს სიყვარულს ღმერთთან ავიტან. ტანში დამბურძგლა და სუნთქვა გამიჩერდა, - ისეთი უცნაური რამ იყო. დავინახეთ, რომ ადამიანი ხედავდა კოსმოსს, ღმერთმა ამისთვის თვალი გაუხსნა და რომ ამის დანახვა ჩვენ არ შეგვეძლო, ეს გვაუწყა.

- დღეს რა ადგილი უკავია წმინდა გაბრიელ სალოსს თქვენს ცხოვრებაში?

- ყველა ადამიანის მეოხი და შემწეა, მათ შორის, ჩემი. მამა გაბრიელს ერთხელ, გაჭირვების ჟამს ვთხოვე, - შემეწიე, ცუდად ვარ, არ ვიცი, რა გავაკეთო-მეთქი. ოჯახის წევრს მძიმე ოპერაცია ჰქონდა გადასატანი, შეწუხებული ვიყავი. გამომეცხადა, მოვიდა: ღამის 4 საათი იყო, წყალი დამალევინეო. წყალი დიდი ჭიქით გამოვუტანე და დავალევინე. სახეზე გავარდისფრდა, თავზე ხელი დამადო და როგორც იცოდა ხოლმე, მითხრა - ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს და გაკურთხოს. ჩემს ბუხართან, სადაც ხატების კუთხე მაქვს იქ იდგა. ფანჯარაში ისმოდა ხმები, გუგუნი - მამა გაბრილელი აღდგა! გადავიხედე და ხალხი იქ მართლაც იყო, ბახტრიონის ქუჩა გავსებული გახლდათ ადამიანებით და ზევით იყურებოდნენ შეძახილით: მამა გაბრიელი აღდგა! გაოცებულმა მზერა ისევ მამა გაბრიელისკენ, ოთახში გამოვაპარე და იქ აღარ იყო და ხალხიც ქუჩიდან გაქრა. მივხვდი, რომ ეს იყო ხილვა და არა სიზმარი. არ მეძინა, ფეხზე ვიდექი. მაშინვე სანთელი დავუნთე... დიახ, მან მანიშნა, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა. ჩემი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა თავის თავზე აიღო.

...მეორედაც გამომეცხადა, 90-იანი წლები იყო, მეგობარი ისანში, საგარეჯოს ავტობუსთან მივაცილე. იქიდან რომ წამოვედი, ჩემი ძლივს რომ დაღოღავდა ისეთი "ზაპოროჟეცი" ჩამიქრა. ვუტრიალე და ვერაფერი გავუგე. ვიფიქრე, ამას ახლა დავაგდებ და და წავალ-მეთქი. იმ დღეს ეკლესიაში სათლები, ხატები და მამა გაბრიელის კალენდარი მქონდა ნაყიდი. ყველაფერი მანქანაში მედო. უეცრად იმ კალენდარს თვალი მოვკარი და წამომცდა: მიშველე, მამა გაბრიელ, გამაგიჟა ამ მანქანამ-მეთქი. ის იყო მანქანიდან უნდა გადმოვსულიყავი და სინათლემ მომანათა. მანქანა მომიახლოვდა, მძღოლი გადმოვიდა, ჩემთან მოვიდა, ფანჯარასთან დადგა და მეუბნება, - გაგაგიჟა ამ მანქანამ? მეც მქონდა ასეთი და ეგრე მაგიჟებდა. ავტომობილიდან არც კი გადამიყვანა, კაპოტი ახადა, ჩაიხედა, აკუმლატორი იქნება დამჯდარი, ტროსით გავქაჩოთ და დაიქოქებაო. ყველაფერი თვითონ გააკეთა, ხელი არ გამანძრევინა, შენ მხოლოდ პედალს მიაჭირეო. მოკლედ, დაიქოქა. მერე ისე არ დაგტოვებთ, სად ცხოვრობ, სახლამდე მიგაცილებთ (მეუღლესთან ერთად იყო), იქნებ კიდევ ჩაგიქრესო. სახლამდე, საბურთალოს ქუჩამდე მიმიყვანა. მერე ვუთხარი, მამა გაბრიელს დახმარება შევთხოვე და აი, ასე უცბად დამეხმარა-თქო. მან მითხრა, არ ვიცი, მაგ "სასტავს" არ ვიცნობ, მაგათთან კავშირი არ მაქვს, მე გაჭირვებულ კაცს დავეხმარეო. ცოლმა უთხრა, - როგორც ჩანს, მაგ "სასტავში" ყოფილხარ და ვერ გაგიგიაო... მამა გაბრიელი თვითონ კი არ მოვიდა, შენ მოგცა ის აზრი, რომ ასეთი სიკეთე გაგეკეთებინა. აქ მეტი არაფერიც არ ხდება-მეთქი, - ვუთხარი მე...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი