მიწისქვეშა გადასასვლელებში ქვეითი პატრული იმოძრავებს

მიწისქვეშა გადასასვლელებში ქვეითი პატრული იმოძრავებს

თბილისის მასშტაბით არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში უახლოეს მომავალში სათვალთვალო კამერები დამონტაჟება, მანამდე კი ქვეითი პატრულირება დაწესდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განუცხადა.

მისი თქმით, შემუშავებულია სპეციალური პროექტი, რომელიც მთლიანად დედაქალაქში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში, სკვერებსა და ბაღებში სათვალთვალო კამერის მოწყობას ითვალისწინებს. ლევან ჯღარკავას თქმით, ამ ყველაფერს ერთიან მონიტორინგს შსს-ს სპეციალიზირებული დეპარტამენტი გაუწევს.

"დაჯარიმება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მოწესრიგების შემდეგ დაწესდება ფეხით პატრულირება, ვიდრე კამერებს დავამონტაჟებთ, მერე კი კამერის პრინციპით ვიმოქმედებთ. ამას ერთიან მონიტორინგს შსს-ს ახლად შექმნილი სპეციალიზირებული დეპარტამენტი გაუწევს. მათთან გვაქვს კონსულტაციები და კამერის მახასიათებლებიც იქიდან უნდა ავიღოთ. თუმცა, პირველ რიგში, პრიორიტეტული მიწისქვეშა გადასასვლელები იქნება. როდის მოხდება ეს, ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა შესწავლის პროცედურები დაწყებულია", - განაცხადა ჯღარკავამ.

იხილეთ ვიდეო

რაც შეეხება კონკრეტულად გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასავლელს, რომელთა დაკავშირებითაც თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ "თბილსერვის ჯგუფს" მოწესრიგება დაავალა, ჯღაკავას თქმით, ღამის განათების სისტემის მონტაჟი გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ნახევარზე მეტ ადგილას სამუშაო პროცესი დასრულდა, მთლიანად კი განათების მონტაჟი, ხვალისთვის დასრულდება. მისივე თქმით, მიწისქვეშა გადასასვლელი სპეციალური ხსნარითაც მოირეცხა. როგორც ჯღარკავამ აღნიშნა, ამ მიწისქვეშა გადასასვლელში განათების სისტემა ადრეც დამონტაჟდა, თუმცა დაფიქსირდა ვანდალიზმის ფაქტი.

"თბილისში 55 მიწისქვეშა გადასასვლელი გვაქვს, საიდანაც 33 მიწისქვეშა გადასასვლეში ფართები იჯარით არის გაცემული. ამასთან, ასევე არის იმ მიწისქვეშა გადასასვლელთა რაოდენობა, სადაც პრივატიზებული ფართებია, კანონმდებლობით კი, მათ ეკუთვნით თავიანთი ფართების მოწესრიგება და ეს გარკვეულ საჯარიმო სანქციებსაც ითვალისწინებს. ყოველთვის პრობლემატური იყო გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი. მას შემდეგ, რაც მიწისქვეშა გასასვლელები "თბილსერვის ჯგუფს" გადაეცა, ორჯერ დავამონტაჟეთ განათების სისტემა და ვანდალიზმის ფაქტი იმავე დღესვე დაფიქსირდა. პირველი, რაც გავაკეთეთ, არის ის რომ, რა თქმა უნდა, იწმინდებოდა და ირეცხებოდა. იქ საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ არის და გუშინაც, რომ მივედით, ვნახეთ, უბრალოდ, იყო სუნის პრობლემა და ვიცით, რა მიზეზებზეა საუბარი. გმირთა მოედანს ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ თითქმის ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი, რაც გადმოგვეცა, მას შემდეგ გავარემონტეთ, საიჯარო ფართები ვისაც ჰქონდა, ის ნაწილიც. გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი სპეციფიური იყო იქიდან გამომდინარე, რომ იქ განათების სისტემის მხრივ ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა, რაზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრულია. გუშინ კი, ცხადია, რომ კიდევ ერთხელ მოირეცხა სპეციალური ხსნარებით, თუმცა საბოლოოდ პრობლემის მოგვარებას კონტროლის დაწესება სჭირდება. ვგულისხმობ, პატრულირებას, კამერების დამონტაჟებას და ა.შ". - აღნიშნა ჯღარკავამ.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, კახა კალაძემ "თბილსერვის ჯგუფს" მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით 10 დღის ვადაში ერთიანი სტრატეგიის შემუშავება სთხოვა. ლევან ჯღარკავას ინფორმაციით, ამ ერთიან სტრატეგიაზე მუშაობა დაწყებულია.

"ერთიანი სტანდარტი რამდენიმე კატეგორიად იყოფა. პირველ სტანდარტში შედის მიწისქვეშა გადასასვლელები, რომელიც "თბილსერვის ჯგუფის" მოვლა -პატრონობაშია და მოწესრიგებაც მას ევალება. მეორე, არის მეიჯარეებთან ვალდებულებების საკითხის გაყოფა და მესამე - კომერციული ფართები. ამ სამი მიმართულებით ვფიქრობთ, რომ სტანდარტი დავაწესოთ და ამაზე მუშაობა დაწყებულია", - განაცხადა ჯღარკავამ.

გარდა ამისა, ლევან ჯღარკავას თქმით, დაიწყება ე.წ. ქუჩის მოხატვის პროცესი, ასევე მოიხატება ის მიწისქვეშა გადასასვლელები, რომელიც იჯარით არ არის გადაცემული.

"ასევე, ვფიქრობთ, რომ დავიწყოთ ე. წ. ქუჩის მოხატვა, რომელიც "სთრით არტის"" მიმდინარეობაა. ვაკე-საბურთალო მოხატულია, ეს ჩვენი პროექტია და ვამაყობთ, რომ კარგი გამოგვივიდა. ასევე, ამ მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვას "სთრით არტის" დიზაინში გავაგრძელებთ, კერძოდ კი იმ ნაწილს, რომელიც იჯარით არ არის გადაცემული", - აღნიშნა მან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი