არჩევნების მეორე ტური: საინტერესო ინფორმაცია იმ რეგიონების ამომრჩევლებისთვის, რომლებიც დღეს მერს ირჩევენ

 არჩევნების მეორე ტური: საინტერესო ინფორმაცია იმ რეგიონების ამომრჩევლებისთვის, რომლებიც დღეს მერს ირჩევენ

დღეს თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში და 5 თვითმმართველ თემში - მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში მერის არჩევნების მეორე ტური იმართება. აღნიშნულ ქალაქებში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი, რის გამოც არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო.

ბორჯომის მერობისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან ლიპარტია და "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძემ იბრძვიან.

ოზურგეთში მეორე ტური "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს ბეგლარ სიორიძესა და დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს შორის იმართება.

ხაშურში მეორე ტურში მონაწილეობენ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე.

ყაზბეგის მერობისთვის კი "ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" კანდიდატი სანდრო ყამარაული იბრძვიან.

მარტვილში - მეორე ტურში მონაწილეობენ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი მამუკა დანელია.

ქუთაისის მერობის არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ქუთაისსა და მარტვილში მეორე ადგილზე გასული "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც არიან წარმოდგენილი.

"საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, კანდიდატს უფლება აქვს, თავისი კანდიდატურა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღისა მოხსნას, მაგრამ წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება.

ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე.

ანა მიქელაძის თქმით, რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ჯამში არის - 328 272 ამომრჩეველი.

"მეორე ტურებში სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში მონაწილეობს 6 საარჩევნო სუბიექტი, რომელთაგანაც 2 საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია. არჩევნების დღეს ამომრჩევლები მიიღებენ მხოლოდ 1 საარჩევნო ბიულეტენს მერის ასარჩევად. საერთო ჯამში, მეორე ტურის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდა 299 450 ბიულეტენი", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, დილის 08:00 საათზე უბნები მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი