რა პირობებში ცხოვრობენ ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში?

რა პირობებში ცხოვრობენ ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში?

თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი მიუსაფარი ადამიანებისთვის, 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს. მოსკოვის პროსპექტზე განლაგებული კარვების შემდეგ, ეს სივრცე პირველია, სადაც მიუსაფარი ადამიანების ცხოვრებისთვის საჭირო პირობაა შექმნილი.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა მდგომარეობაა თავშესაფარში და რა პირობებში უწევთ იქ მყოფ პირებს ცხოვრება. ნინო ბისეიშვილი, თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორის მოადგილეა, მან გვიმასპინძლა და დეტალურად დაგვათვალიერებინა მთელი შენობა.

თავშესაფარი 240 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა, ამ ეტაპზე ცენტრის მომსახურებით 99 ადამიანი სარგებლობს. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 22 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული კი 84-ის.

თავშესაფარი აღჭურვილია ყველა საჭირო პირობით. ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე ფლიგელებში არიან განთავსებულნი. შენობაში რამდენიმე სველი წერტილი და სამრეცხაო სივრცეა. თითოეული ოთახი 10 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა, ამ ეტაპზე ცენტრი გადატვირთული არ არის, შესაბამისად ოთახებში 5-7 ადამიანი ერთად ცხოვრობს.

"1 წელი და 8 თვეა, რაც ჩემს შვილთან ერთად ვცხოვრობ თავშესაფარში. გვაქვს თავის მოვლის საშუალებები. გვყავს ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები. ძალიან კარგ პირობებში ვართ იმ მხრივ, რომ კარგი დასუფთავებაა" - ამბობს ერთ-ერთი ბენეფიციარი დარეჯან ნუნიკაშვილი.

ცენტრში მოსახვედრად, რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო: თავშესაფრის მსურველი პირის სახელზე არ უნდა ირიცხებოდეს უძრავი ქონება; მას არ უნდა ჰქონდეს ისეთი შემოსავალი, რომ საცხოვრისით უზრუნველყოფა შეეძლოს; არ უნდა ჰქონდეს გადამდები დაავადება და შეეძლოს საკუთარი თავის მოვლა. თავშესაფარში რამდენიმე შშმ პირიც ცხოვრობს.

როგორც ნინო ბისეიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ხშირ შემთხვევაში, მიუსაფარი პირები თავშესაფარში სამართალდამცველებს მიჰყავთ. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც თავშესაფარში ცხოვრების უფლება მერიისგან მოითხოვა, შესაბამისმა კომისიამ განიხილა მათი საკითხი და დააკმაყოფილა.

ცენტში, ფუნქციონირებს პირველადი სამედიცინო დახმარების კაბინეტი. კომპანია, რომელიც ამ მომსახურებას უწევს ცენტრს, სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზეა დაქირავებული.

"ოპერაცია გავიკეთე, ძალიან დამეხმარნენ. ახლაც ცოტა მაწუხებს რაღაცეები და მეხმარებიან. ყოველკვირეულად თავის მოვლის საშუალებებს გვაძლევენ. ყველაფერი გვაქვს, უბრალოდ, თუ მენიუ შეიცვლება კარგი იქნება" - ამბობს შალვა ნიკოლაიშვილი, ბენეფიციარი.

რაც შეეხება სამზარეულოსა და კვების რეჟიმს, ბენეფიციარები ორჯერადი კვებით სარგებლობენ, დილით 10 საათსა და საღამოს 5 საათზე. თავშესაფარს საკვებით, სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზე, ერთ-ერთი კერძო კომპანია ამარაგებს.

მიუსაფარ პირებს, მუშაობის შესაძლებლობა აქვთ, ისინი არ არიან შეზღუდულები, დღის განმავლობაში მათ უფლება აქვთ დატოვონ თავშესაფრის შენობა, თუმცა განსაზღვრულ დროს უნდა დაბრუნდნენ.

ნარიტა ჩხაიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი