ლაშა ტუღუში "საზმაუსთან" დაკავშირებულ პროექტზე: "რატომ სურს მედიაბაზრის ჯიბეში ხელის ჩაყოფა და მცირე ფინანსების წართმევაც, გაუგებარია"

ლაშა ტუღუში "საზმაუსთან" დაკავშირებულ პროექტზე: "რატომ სურს მედიაბაზრის ჯიბეში ხელის ჩაყოფა და მცირე ფინანსების წართმევაც, გაუგებარია"

"არასდროს შევეგუებით ისეთი კანონის მიღებას, რომელიც ქვეყანაში მედიაგარემოს გააფუჭებს" - ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, რითაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მომზადებულ ცვლილებებს აფასებს.

როგორც ტუღუში განმარტავს, საზოგადოებრივ მაუწყებელს უკვე აქვს საკმარისი და რაც მთავარია, გარანტირებული ფინანსური რესურსი განვითარებისთვის, ამიტომ დამატებითი თანხის მოძიება ღირებული პროდუქტის შესაქმნელად ნამდვილად აღარ სჭირდება.

"ისედაც შეზღუდულ სარეკლამო ბაზარზე, თანაც, მაშინ, როდესაც ამ ბაზრის ნახევარზე მეტი უკვე შენია, კიდევ ფინანსების წართმევა უსინდისობაა. საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო არხებს შორის თანაფარდობა ისედაც მნიშვნელოვნადაა დარღვეული.

არასდროს შევეგუებით ისეთი კანონის მიღებას, რომელიც ქვეყანაში მედიაგარემოს გააფუჭებს, თანაც, გარდა კომერციული დროისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი სტარტაპების დაფინანსებასა და თანამშრომლების უაპელაციოდ გათავისუფლების უფლების მინიჭებას ითხოვს. რატომ უნდა აფინანსებდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი სტარტაპებს? ვინ გააკონტროლებს, გამჭვირვალე იქნება თუ არა ეს პროცესი? ან საერთოდ, რა კავშირშია ეს საკითხი ტელევიზიის ფუნქციონირებასთან? პარლამენტშიც განსხვავებული შეხედულებებია საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნების შესახებ და საბედნიეროდ, გამოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც მსგავს ცვლილებებს მხარს არ უჭერენ", - აცხადებს ტუღუში.

გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს რეალურად ყოველწლიურად ისედაც გაზრდილი ბიუჯეტი აქვს, შესაბამისად, მისი განხილვა როგორც კომერციული ბაზრის მოთამაშისა, არასწორია.

"იცით, რა არის ალოგიკური? ყოველწლიურად საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იზრდება, რადგან ის მიბმულია ქვეყანაში ეკონომიკის ზრდაზე. ანუ, რეალურად მათ ყოველწლიურად ისედაც გაზრდილი ბიუჯეტი აქვთ. შესაბამისად, მისი განხილვა როგორც კომერციული ბაზრის მოთამაშისა, არასწორია. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ამ ფინანსური ჭიდილის გარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ უნდა იღებდეს დაფინანსებას ბიუჯეტიდან. რატომ სურს კიდევ ერთხელ მედიაბაზრის ჯიბეში ხელის ჩაყოფა და მცირე ფინანსების წართმევაც, გაუგებარია, თანაც, მსგავსი კანონის მიღება არა მხოლოდ კერძო ტელევიზიებს, გაზეთებს, ჟურნალებსა და რადიოებსაც საფრთხეს შეუქმნის, რადგან მათ აუცილებლად დააკლდებათ ისედაც მცირე ფინანსები და დაემატება 50 მილიონზე მეტი დაფინანსების მქონე საზოგადოებრივ მაუწყებელს.

როდესაც პარლამენტში განხილვა მიმდინარეობდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ წარმოადგინა მყარი არგუმენტები, თუ რამ განაპირობა დამატებითი თანხების მობილიზების აუცილებლობა. გვეუბნებიან, დიდ ბრიტანეთში ასე ხდებაო, მეც პატივს ვცემ ბრიტანულ ღირებულებებს, თუმცა იქნებ დავფიქრდეთ, საქართველოს რეალობა როგორია? ყოველთვის არ არის მართებული სხვა ქვეყანაში არსებული მოდელის საქართველოში ერთი-ერთზე გადმოტანა, თუ ის ჩვენს ქვეყანაში არსებულ კონტექსტს არ ითვალისწინებს", - აღნიშნავს გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი.

წაიკითხეთ: "საზმაუმ" 5 წელში ბიუჯეტიდან 203 503 700 ლარი მიიღო - რას დააფინანსებდა სახელმწიფო ამ ფულით

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი