რა უნდა იცოდეთ, როცა გაყინულ ხინკალს და პელმენს ყიდულობთ

რა უნდა იცოდეთ, როცა გაყინულ ხინკალს და პელმენს ყიდულობთ

ნახევარფაბრიკატები ძალიან გვიმარტივებს სამზარეულოში ტრიალს. საკმარისია, ცხელ წყალში მოხარშოთ მაღაზიაში შეძენილი ხინკალი, ან პელმენი, შეწვათ ნაყიდი, გაყინული კოტლეტი, ან ქათმის ნაგეთსი და გემრიელი სადილიც მზადაა, თუმცა რამდენად აისახება ასეთი საკვები ჩვენს ჯანმრთელობაზე და ფიგურაზე? რა უნდა გაითვალისწინოთ აღნიშნული პროდუქტების შეძენისას, რა პირობებში უნდა მზადდებოდეს ნახევარფაბრიკატები - "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს.

რა საშიშროებას შეიძლება წარმოადგენდეს მსგავსი პროდუქტები?

საფრთხე პირველი: ნახევარფაბრიკატები ძირითადად იმპორტირებული ხორცით მზადდება, რომელიც შესაძლოა ჰორმონებით იყოს გაჯერებული. ბევრ ქვეყანაში, მაგალითად ბრაზილიაში ცხოველების ჰორმონალური პრეპარატებით გაზრდა დასაშვებია იქაური კანონმდებლობით, ჰორმონალური პრეპარატებით გაზრდილი ცხოველის ხორცის რეგულარულად მირთმევამ კი შესაძლებელია ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები გამოიწვიოს.

საფრთხე მეორე: გაყინული ხორცის დარღვევით ტრანსპორტირება, მისი რამდენჯერმე გალღობა და გაყინვა, შესაძლოა პროდუქტში მიკროორგანიზმებისა და ბაქტერიების გამრავლების მიზეზი გახდეს.

იხილეთ ექსპერიმენტი: სანამ პილმენს მოხარშავთ დააკვირდით ხორცის ზომას

საფრთხე მესამე: ნახევარფაბრიკატები, ნახევრად მზა პროდუქტებია, რომლის დამზადებისას შესაძლოა არ იყოს დაცული ჰიგიენური ნორმები. ეშერიხია კოლი - ბაქტერია, რომელიც ცხოველის ნაწლავში ბინადრობს, ნახევარფაბრიკატების წარმოებისას ჰიგიენური პირობების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა პროდუქტში აღმოჩნდეს, მართალია 100 გრადუს ტემპერატურაზე, რამდენიმე წუთში, ის კვდება და აღარ წარმოადგენს საშიშროებას ადამიანისთვის, თუმცა საკვების არასწორად მომზადების შემთხვევაში შესაძლოა ის ორგანიზმში მოხვდეს და ინტოქსიკაციაც გამოიწვიოს.

თუ კი ისეთ ნახევარფაბრიკატებს შეიძენთ, რომელიც არ იცით რა პირობებში მომზადდა, უმჯობესია კარგად მოხარშოთ და შეწვათ ის, რადგან ბაქტერიები 100 გრადუს ტემპერატურაზე კვდება, შეეცადეთ ხარშოთ იმდენი ხანი, რომ მაღალმა ტემპერატურამ პროდუქტის შიგნით შეაღწიოს და არსებობის შემთხვევაში გაანადგუროს ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერიები.

ასევე უნდა იცოდეთ, რომ შესაძლოა ნახევარფაბრიკატი, სულაც არ იყოს ხორცისგან დამზადებული და მის მაგივრად მწარმოებლები სხვადასხვა პროდუქტებს, მათ შორის ყველაზე ხშირად სოიო იყენებდნენ. ამიტომ კარგად დააკვირდით შეფუთვას და შემადგენლობაში ჩამონათვალის რიგითობას. ის, რაც ყველაზე დიდი პროცენტულობითაა პროდუქტში, შემადგენლობის თავში უნდა ეწეროს.

თუ ასაწონ ნახევარფაბრიკატებს ყიდულობთ, უფლება გაქვთ მოითხოვოთ ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის პროდუქტის შემადგენლობა, წარმოების თარიღი და ვადა. პროდუქციის ეტიკეტზე ასევე ხშირად მითითებულია კატეგორიები, მაგალითად A კატეგორიის ხორციან ნახევარფაბრიკატებში 80% ხორცია, B კატეგორიაში 60%. რაც უფრო შორს მიდის ანბანის ასოები, მით ნაკლებია ხორცი პროდუქტში.

იხილეთ ვრცლად "არცოდნა აკრძალულია" - ყველაფერი ნახევარფაბრიკატების შესახებ

მთავარი ფოტო: momxmarebeli.ge