ნათია კუპრაშვილი: "თუ 50-მილიონიანი ბიუჯეტით "საზმაუმ" ვერ შექმნა პროდუქტი, რატომ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ დამატებით 2 მილიონით სასწაულს ჩაიდენს?"

ნათია კუპრაშვილი: "თუ 50-მილიონიანი ბიუჯეტით "საზმაუმ" ვერ შექმნა პროდუქტი, რატომ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ დამატებით 2 მილიონით სასწაულს ჩაიდენს?"

საზოგადოებრივი მაუწყებელი საეთერო ბადეში კომერციული რეკლამის დამატებით განთავსების უფლების მინიჭებას ითხოვს - შესაბამის კანონპროექტს პარლამენტში აქტიურად განიხილავენ. ინიციატივას კერძო ცენტრალური და რეგიონული ტელევიზიები ეწინააღმდეგებიან. მათი წარმომადგენლების განცხადებით, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეკლამების განთავსების კუთხით სხვა ტელევიზიებთან თანაბარ პირობებში იქნება, მაშინ რა საჭიროა ის 50-მილიონიანი დაფინანსება, რომელსაც ის ყოველ წელს ბიუჯეტიდან იღებს. ზემოხსენებული კანონპროექტის შესახებ პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობაა.

კოალიცია მედიაადვოკატირების კოორდინატორი ნათია კუპრაშვილი ამბობს რომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნა, კომერციული რეკლამის ეთერში განთავსების დრო სამიდან ექვს წუთამდე გაზარდოს, სამართლებრივადაც გაუმართლებელია, რადგან ქვეყნის მთავარ დოკუმენტში ხაზგასმით წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი კომერციული გავლენისგან.

იხილეთ: "საზმაუმ" 5 წელში ბიუჯეტიდან 203 503 700 ლარი მიიღო - რას დააფინანსებდა სახელმწიფო ამ ფულით

"საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელს სარეკლამო ბაზრის ნახევარზე მეტი სახელმწიფოსგან აქვს გარანტირებული - მსგავსი რამ არც ერთ ევროპულ სახელმწიფოში არ ფიქსირდება. ნაცვლად იმისა, რომ ეს რეალობა შეგვეცვალა და საზოგადოებრივ მაუწყებელს ევროპული სტანდარტების შესაბამისად მუშაობაზე ეფიქრა, პირიქით, უფრო მეტი თანხის წაგლეჯას ცდილობს მედიაბაზრიდან, არგუმენტად კი გვესმის, რომ თურმე უფრო მეტი სიკეთე უნდა მოგვიტანონ სხვადასხვა გადაცემის სახით. რა სიკეთე მოაქვს მაყურებლისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემებს, მაყურებელი თავადაც კარგად ხედავს ეთერში - სულ უფრო მცირდება მიუკერძოებლობის მაჩვენებელი, მინიმალურია ინფორმაცია,­ რომელიც საზოგადოების ყველა ჯგუფს დააკმაყოფილებს.

- 2017 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც განაპირობა იმან, რომ ტელევიზიის დაფინანსება პირდაპირ არის მიბმული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე - თუ ყოველწლიურად საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი მზარდია, თქვენი შეფასებით, რა მიზანი აქვს ახლა დამატებითი თანხის ბაზრიდან წაღების მცდელობას?

- ფორმულა, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება განისაზღვრება, ცალკე პრობლემაა. მართლაც, ევროპაში ძნელად იპოვით საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის დაფინანსება მთლიან შიდა პროდუქტზე იყოს მიბმული, თანაც, მაშინ, როდესაც"ქამრების შემოსაჭერად" ქვეყანაში სამინისტროებს ვხურავთ.

როდესაც ინიციატივა პირველად გახმაურდა, გამოვიკვლიე, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივას პარლამენტი დააკმაყოფილებს, ის დამატებით 2 მილიონს მიიღებს სარეკლამო ბაზრიდან. კიდევ ერთხელ დავსვათ შეკითხვა - თუ წლების განმავლობაში საშუალოდ­ წლიური 50-მილიონიანი ბიუჯეტით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ შექმნა პროდუქტი, რომელიც საზოგადოების ინტერესზე იქნებოდა მორგებული, რატომ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ დამატებით 2 მილიონი ლარის მიღების შემდგომ სასწაულს ჩაიდენს?

რასაც აკეთებენ, ხომ წლებია, ვუყურებთ? 2 მილიონი რეგიონული ტელევიზიების შემოსავლის დაჯამებული მაჩვენებელია, თანაც, ვიმეორებ, კერძო ტელევიზიებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს არ უწევს ფიქრი და ზრუნვა თანხის მოძიებაზე პროდუქტის შესაქმნელად, ან რა ფასად გაყიდის მას - საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება აქვს, რეკლამა 1 ლარადაც კი გაყიდოს. არ დაგვავიწყდეს, საქმე ეხება რიგითი მოქალაქეების, გადასახადების გადამხდელებისგან დაფინანსებულ ტელევიზიას, რომლის მთავარი მიღწევა ისაა, რომ ათასამდე თანამშრომელი ჰყავს და ჩვენს ხელფასს უხდის.

- რა არგუმენტი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს ცვლილებების განსახორციელებლად?

- ერთადერთი არგუმენტი, რაც მოვისმინეთ, დამატებით 2 მილიონის წაგლეჯა სარეკლამო ბაზრიდან პრინციპული საკითხიაო; ანუ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დღეს პრინციპული საკითხია დავა კერძო ტელევიზიებს მოუგოს? ახლა პარლამენტის როლია გადამწყვეტი და იმედია, გაითვალისწინებენ იმ მაღალ რისკებს, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნას მოჰყვება წაიკითხეთ ვრცლად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი