უნიკალური აღმოჩენა ისრაელში, რომელიც წმინდა მიწაზე ქართველების გავლენას ადასტურებს

უნიკალური აღმოჩენა ისრაელში, რომელიც წმინდა მიწაზე ქართველების გავლენას ადასტურებს

ქალაქ აშდოდში, ზღვის სანაპიროსთან, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, V საუკუნის მონასტრის მოზაიკა აღმოჩნდა, რომლის აშენება ქართული ქორონიკონით თარიღდება - ამ უნიკალური აღმოჩენის შესახებ საზოგადოებას პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ "ფეისბუქის" გვერდიდან ამცნო და დასძინა, რომ ეს წმიდა მიწაზე ძლიერი ქართული კოლონიის არსებობის კიდევ ერთი დასტურია და რომ ქართველები არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ ტერიტორიაზე ყველაზე გავლენიანი თემი იყო.

აღმოჩენის შესახებ სასაუბროდ AMBEBI.GE ლაშა ჟვანიას დაუკავშირდა.

"ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით, წმინდა მიწაზე უამრავი არქეოლოგიური, ჯერ კიდევ აღმოუჩენელი კულტურული ძეგლია, რომელზეც მეცნიერები ეტაპობრივად  მუშაობენ. სამი-ოთხი წელი არ გავა, რაიმე ახალი არ აღმოჩნდეს. განსაკუთრებით მდიდარია ბიზანტიის პერიოდი, ადრე ქრისტიანული ხანა. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მთელი რიგი არქეოლოგიური გათხრებია ჩატარებული, მაგრამ ისრაელის ჩრდილოეთით, აშდოდის მიმართულებით, აქამდე თითქმის არაფერი ყოფილა...

ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ, როდესაც 20 წლის წინ, იერუსალიმში გარკვეულ ტაძარზე მოზაიკა იპოვეს, მეცნიერები თარიღს ვერ ადგენდნენ. პირველი, ლეა დისეგი (პროფესორი იერუსალიმიდან) იყო, რომელმაც ქართული ქორონიკონი მიუყენა, რითაც ყველაფერი ნათელი გახდა. ამასთან ისიც, რომ ისრაელში ქართული კოლონია, ქართული თემი იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ ტაძრის აშენებისას (თუნდაც ქართველებს სულაც არ აეშენებინათ), ქართულ ქორონიკონს იყენებდნენ, რომელიც უნიკალურია და მხოლოდ ქართული ეკლესიის წიაღშია.

- აშდოდში აღმოჩენილი ახალი წარწერა, როგორც ჩანს, კარგად არის შენახული...

- დიახ და უნიკალურია იმით, რომ ქართული ქორონიკონით არის დათარიღებული და V საუკუნეს განეკუთნება. ვიმეორებ, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროს, იქ ქართველები ძლიერად იყვნენ წარმოდგენილები... ისტორიულად დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ პეტრე იბერი მაიუმის (ახლანდელი ღაზა) ეპისკოპოსი გახლდათ და როგორც იერუსალიმში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, ახლანდელ ღაზას სექტორში ეკლესია-მონასტრებს აშენებდა... აშდოდი 70 კილომეტრით არის იერუსალიმიდან დაშორებული, ხოლო პეტრე იბერის ადგილსამყოფელი 40-50 კილომეტრშია... ამიტომ, თუ არ ხარ გავლენიანი და ძლიერი თემი, შეუძლებელია ქართული ქორონიკონით თარიღდებოდეს ესა თუ ის ბიზანტიური ძეგლი. ასე რომ, ქართული თემი იყო არა მხოლოდ იერუსალიმში, ხმელთაშუაზღვის სანაპიროზეც.

- არქეოლოგიური გათხრები დასრულდა?

- ჯერ კიდევ მუშაობენ. იქ შეიძლება კიდევ ბევრი რამ აღმოჩნდეს, რომ ის ძეგლი მთლიანად ქართველების აშენებული იყოს. არ არის გამორიცხული, პირველ სართულზე ეკლესიაც აღმოჩნდეს. მოკლედ, ამ ყველაფერს ხანგრძლივი მუშაობა და კვლევა სჭირდება.

სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მაგრამ გათხრების შედეგებმა უკვე დიდი რეზონანსი მიიღო და დიდ პოზიტივსაც უნდა ველოდეთ.

ეს აღმოჩენა იმასაც შეუწყობს ხელს, რომ საქართველოში ისრაელიდან ბევრი ხალხი ჩამოვა, ჩვენ მიმართ მეტი ინტერესი გაჩნდება, განსაკუთრებულ ინტერესს გამოიწვევს კულტურული ტურიზმით დაინტერესებულებიში.

- ამ საქმეში ქართველი მეცნიერების ჩართვა ხომ არ არის აუცილებელი?

- ჩემი ახლო მეგობარია ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტის თავჯდომარე - ისარელ ხასონი, რომელსაც უკვე ვესაუბრე და საქმის კურსშია, ასევე ველაპარაკე პროფესორ თამარ მგალობლიშვილს, მას დიდი წვლილი აქვს ქართველების წმინდა მიწაზე ყოფნისა და მოღვაწეობის კვლევის საქმეში და ალბათ საჭირო გახდება (რაც შეიძლება მალე) ისრაელში ქართველ მეცნიერთა ჯგუფის გამგზავრება, რომ იმ ყველაფრის კონსერვაცია ჩვენ გარეშე არ მოხდეს...

- ისრაელში ნაპოვნი ქართული კვალის სხვა ფაქტები გავიხსენოთ...

- იერუსალიმიდან (ძველი ქალაქიდან) დაახლოებით 2-3 კილომეტრში, 2003 წელს, მეცნიერებმა გათხრებისას ბიზანტიური მონასტრის კვალს მიაგნეს და ზუსტად მოზაიკის ქვეშ ქართული მონასტერი აღმოჩნდა. კრიპტში 9 საფლავი იყო და ერთ-ერთი საპატიო საფლავი V საუკუნის ქართული წარწერით ასე იყო წარმოდგენილი: "ესე საფლავი იოჰანე ფურტაველი ეპისკოპოსისა" ("ფურტა" ძველ არამეულად ჭა-ს ნიშნავს). ფურტავი ადგილი უნდა ყოფილიყო, რომელიც არც საქართველოშია ცნობილი, არც - წმინდა მიწაზე... ფაქტი ის არის, რომ ეპისკოპოსი იყო ქართველი და წმინდა მიწას მიბარებული.

ეს ახალი აღმოჩენა, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ქართველების მოღვაწეობის ძლიერი დამადასტურებელი იყოს. ამ ფაქტით ისრაელელი მეცნიერებიც, რომლებიც გათხრებზე მუშაობენ, აღფრთოვანებულები არიან, კერძოდ, ისრაელის უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის პროფესორი აღტაცებით საუბრობს ქართველების იმ გავლენაზე, რაც მათ წმინდა მიწაზე ჰქონდათ. ეს ყველაფერი ასევე განსაკუთრებულია აშდოდელი ქართველი ებრაელებისთვის, რომლებიც იქ უხვად არიან თავმოყრილები...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

Stunning 1500-year-old Georgain church mosaic discovered in Israel