"გაძლევთ ძალიან კარგ შანსს..." - ვის და რატომ უხმობს ნიკა ქავთარაძე

"გაძლევთ ძალიან კარგ შანსს..." - ვის და რატომ უხმობს ნიკა ქავთარაძე

იუმორისტი ნიკა ქავთარაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლითაც იუმორის მქონე ადამიანებს, ვისაც სხვების გაცინება შეუძლიათ და მიაჩნიათ, რომ დღეს ცნობილი იუმორისტები ამას მათზე ცუდად აკეთებენ, აძლევს შანსს, თავად გააცინონ პუბლიკა.

საქმე ეხება კომედიური ჟანრის ერთ-ერთ ფორმატს, როემელსაც "სთენდაფკომედი" ჰქვია და რომელიც მთელ მსფლიოში პოპულარულია.

რატომ უხმობს ნიკა ქავთარაძე იუმორისტებს თავისთან, არის თუ არა საქართველოში იუმორის აღნიშნული ფორმატი გავრცელებული და საერთოდ, რა არის იუმორი, Ambebi.ge-ს ამ თემაზე სწორედ ნიკა ქავთარაძე ესაუბრა:

"საქართველოში "სთენდაფკომედი" არც ისე ახალი მიმართულებაა, სატელევიზიო ფორმატში მასზე თვითონაც მიმუშავია... იუმორისტი ან კომიკოსი დგას სცენაზე და რაღაც თემაზე მონოლოგს კითხულობს. ეს ძირითადად ხდება კლუბებში, დიდ დარბაზებში, სადაც კომიკოსები მაყურებლებს საკუთარ ხედვას, წარმოდგენას, სარკაზმს, სხვადასხვა ფორმით სთავაზობენ. "სტენდაფის" დადებითი მხარე ისაა, რომ უშუალო კონტაქტი მყარდება მაყურებელთან, რომელიც ჩართულია ამ პროცესში და შეუძლია ნებისმიერმა სთენდაფკომიკოსმა მას პასუხი დარბაზიდან გასცეს. ეს კი, ყველას მეტ თავისუფლებას ანიჭებს,'' - განმარტავს რესპონდენტი.

- როგორ ფიქრობ, არსებული სატელევიზიო იუმორისტული შოუები არ არის თავისუფალი?

- პრობლემა იმაშია, რომ არსებული ფორმატები, რომლებშიც ქართველ იუმორისტებს უწევთ ხუმრობა, ძალიან "მკაცრია," გაკვეულწილად განსაზღვრული... სთენდაფკომედიში კი არანაირი შეზღუდვა არ არსებობს - შეგიძლია იხუმრო, როგორც მეუღლის მიერ გაკეთებულ სუპზე, ისე რელიგიაზე...  საერთოდ, ვფიქრობ, ხუმრობა ნებისმიერ რამეზე შეიძლება, - ადამიანის ნებისმიერ არჩევანზე, მსოფლმხედველობაზე, გარდა ერთისა, როცა ადამიანს რაიმე ისეთი აქვს, რაც მას არ აურჩევია და მის დაბადებამდე გადაწყდა, ვთქვათ, ყოფილიყო ასეთ...

სხვა დროსაც მითქვამს, მაგალითად, შიდსიან ადამიანზე ხუმრობა შეიძლება მაშინ, თუ მას სასაცილო ფეხსაცმელი აცვია, მაგრამ არა იმაზე, რაც მას სჭირს.

- გამოდის, სთენდაფკომედი გარკვეულ აკრძალვებს მაინც აწესებს...

- ზოგადად, იმიტომ კი არ უნდა იხუმრო, რომ რა მაგარი ხარ... მთავარია, ის, რაზეც ხუმრობთ!.. "სთენდაფში" ყველაფერი მკაფიოდ და მძაფრად ჩანს, რადგან მაყურებელს ცხვირწინ ჰყავხარ... მთავარია ასევე, თუ რამდენად მზად ხარ თემის გარშემო სასაუბროდ. იმის გამო, რომ იუმორი ადამიანის მსოფლმხედველობის ნაწილია, არავის მივცემ უფლებას, გარკვეული ფაშისტური ხუმრობები აკეთოს, რადგანაც საზოგადოება ამისთვის მზად არ არის...

ნიკა მიიჩნევს, რომ დღეს იუმორი ის პროდუქტია, რომელიც ტელევიზიის გარეთ არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით აქა-იქ ჩატარებულ ერთჯერად კონცერტებს, რომელიც დარბაზში იმართება. ამიტომ მისი და მისი მეგობრების მიზანია, მაყურებელს კვირაში რამდენჯერმე შესთავაზონ ის იუმორი, სადაც ადამიანებს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად, საშუალება ექნებათ, მივიდნენ კონკრეტულ ადგილზე და მუდმივად ახალ-ახალი იუმორისტული, სასაცილო შოუ იხილონ.

- ნიკა, რამდენად არის საზოგადოება მზად იმისთვის, რომ კვირაში რამდენჯერმე იუმორისტულ შოუებზე იაროს?

- მოსახლეობა ხშირად წუწუნებს, რომ ბევრ ისეთ რამეზე უწევთ ფულის დახარჯვა, რაშიც უკეთესი ალტერნატივა რომ ჰქონდეთ, არ დახარჯავდნენ. გართობა ჩვენს ქვეყანაში იმდენად ერთფეროვანია, რომ თუ ალტერნატივას შევთავაზებთ, აუცილებლად მიიღებენ. თუმცა მთავრი მაინც ის არის, რომ ადამიანებს ძალიან სასაცილო წარმოდგენა დავახვედროთ. თუ მაგრად გავაცინებთ, კიდევ გაუჩნდება შემდეგში მოსვლის სურვილი...

როგორ წრეშიც არ უნდა ვიყო, საკუთარ თავზე ხუმრობები მებადება, იმიტომ, რომ ჩემს თავს შორიდან წარმოვიდგენ - სამ განზომილებაში ვუყურებ მას... დღეს კომიკოსისთვის გარშემო იმდენი საბაბი არსებობს, იმდენი სასაცილო რამ ხდება, რომ მათი ასეთი ხედვა ამ ყველაფერს ტრაგიზმს ნამდვილად დააკლებს და სიტუაციას შეამსუბუქებს.

- და თქვენი სლოგანიც - "სთენდაფი" გადარჩენს საქართველოს!" ბოლოს და ბოლოს ამუშავდება....

- კი, რადგან მრეწველობამ ჯერ ვერ გადაარჩინა ქვეყანა... კარგია, როდესაც თვითონ იგონებ ახალ-ახალ ფორმებს, ქმნი ახალ ფორმულებს და აოცებ ადამიანებს. მოკლედ, ჩვენი მიზანია, მოტივაცია გავზარდოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანში. მიხარია, რომ ინტერესი უკვე გაუჩნდათ და საკმაოდ ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა, მოვიდა. მოძრაობას ვიწყებთ.

- ასაკი განსაზღვრულია?

- კი, მხოლოდ ზედა ასაკი, იუმორისტი ზრდასრული უნდა იყოს და ისეთ თემებზე ხუმრობდეს, პუბლიკა დააინტერესოს. ჩვენი ჯგუფი ახალ წევრებს მუდმივად დაიმატებს, ცოცხალი პროცესი იქნება. ეს არის საშუალება, საკუთარი თავი გახადო პროფესიონალი და საზოგადოების გაცინება შეძლო ისე, რომ შენი ნახვა მეორედაც მოუნდეს.

- ჩვენს მკითხველს რას ურჩევდი?

- თუ თქვენი მკითხველიდან ვინმეს შეუძლია, ხალხი გააცინოს, შეგვეხმიანოს და ეს შანსი გამოიყენოს. ჩემს დროს ასეთი შანსი არ იყო, ჩვენით უნდა გვეპოვა ადგილი. მე და ჩემი მეგობრები მსურველებს ვაძლევთ შანსს, გახდნენ იუმორისტები.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

რატომ დატოვა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა და   სად გააგრძელებს საქმიანობას - პირველი არხის ყოფილი გენდირექტორის პირველი კომენტარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

აპირებს თუ არა მაღლაფერიძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას? - რას წერს "საზმაუს" სამეურვეო საბჭოს წევრი