ავტორი:

როგორ უნდა იკვებოთ მარხვაში, რომ ორგანიზმი არ დააზიანოთ - რეკომენდაციები ენდოკრინოლოგისგან

როგორ უნდა იკვებოთ მარხვაში, რომ ორგანიზმი არ დააზიანოთ - რეკომენდაციები ენდოკრინოლოგისგან

მართლმადიდებელ ეკლესიაში სულ ოთხი მრავალდღიანი მარხვაა: დიდმარხვა, პეტრე-პავლობის მარხვა, მარიამობის მარხვა, შობის მარხვა. ასევე არსებობს ერთდღიანი მარხვები. სულ დაახლოებით ორასი დღე წელიწადში.

მარხვის დროს იკრძალება ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება. ხშირად მემარხულეებს შორის არიან შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მქონე პაციენტები, რომლებსაც მარხვაზე არა მარტო მოძღვრისგან სჭირდებათ კურთხევის აღება, ასევე აინტერესებთ ექიმის რეკომენდაციებიც, თუ როგორი უნდა იყოს მარხვის პერიოდში მათი კვების რეჟიმი.

როგორ ვიკვებოთ მარხვაში ისე, რომ ორგანიზმი არ დავაზიანოთ, ამ თემაზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა გვესაუბრება:

- არა მარტო მარხვის პერიოდში, კვება სხვა დროსაც უნდა იყოს ჯანსაღი, რაციონალური. სწორი კვება არ ეწინააღმდეგება მარხვის პრინციპებს... თუმცა პაციენტებს, მარხვის პერიოდში, ხშირ შემთხვევაში, უჩნდებათ კითხვა - მარხვაშიც უნდა დავიცვათ დიეტა? დიეტა ჯანსაღი კვებაა, რაც ცხოვრების ნებსნიერ ეტაპზე, შესაძლებელია და, რა თქმა უნდა, მარხვის პირობებშიც.

ბოლო დროს ბევრი ე.წ. სამარხვო პროდუქტი შემოვიდა, რომლებიც სხვადასხვა ცხიმით, სხვადასხვა ტიპის დანამატით, კონსერვანტითაა გაჯერებული, რომელთა მიღება ადამინებისთვის მიზანშეწონილი არ არის - თუნდაც ეს იყოს სამარხვო კარაქი, ყველი და ა.შ. ისინი მცენარეულ ზეთებზეა დამზადებული, სამწუხაროდ, ამ პროდუქტების დასამზადებლად ძირითადად, პალმის ცხიმი გამოიყენება, რაც საბოლოო ჯამში კარცეროგენული ნივთიერებაა, არადა, ადამიანები, მარხვის პერიოდში, სწორედ ამ პროდუქტებს იღებენ...

რა არის მარხვა? სასულიერო სწავლებაში ძალიან რომ არ გადავიჭრათ, მარხვა გარკვეულ სურვილზე, სიამოვნებაზე უარის თქმაა იმისთვის, რომ სული იყოს რწმენით სავსე... მაგრამ თუ სამარხვო ნამცხვარს, ყველს, კარაქს მივირთმევთ - მაშინ სად არის მარხვის პრინციპი? მარხვა გარდა იმისა, რომ სულის გაწმენდას ემსახურება, გარკვეულწილად, ორგანიზმის განწმენდა-გაჯანსაღებაც არის...

- ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა ტიპის სამარხვო პროდუქტით, რომელთა ბაზარზე გამოტანას უმეტესად, კომერციული დატვირთვა აქვს და მათთვის მარხვის პერიოდში იმ პროდუქტის გაყიდვა მნიშვნელოვანია.

- დიახ, ასეა, მაგრამ მარხვის პერიოდში ამ პროდუქტების მიღებას, ხილისა და ბოსტნეულის მეტი რაოდენობით მიღება, ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა ჯობია. იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ მარხვის პერიოდში არც ორგანიზმს და არც სულს ვავნოთ.

შობის მარხვა საკმაოდ ხანგრძლივია, რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში ისეთი აუცილებელი კომპონენტების მიღება არ გვიწევს, როგორიცაა ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძის ნაწარმი, რაც ცილების, ამინომჟავების (ხორცში 9 ტიპის ამინომჟავა შედის, რაც ორგანიზმში არ წარმოიქმნება და არც რომელიმე სახვა პროდუქტიდან შეიძლება მისი მიღება) გარკვეულ დეფიციტს ქმნის, ასევე წონის კლებასა და მეტაბოლური პროცესების დაბალანსებასაც ხელს უშლის. ამდენად ისეთ პროდუქტებს მივირთმევთ, რომლებიც რეკომენდებული არ არის და ორგანიზმს პრობლემებს შეუქმნის.

- ძირითადად პურეულისა და ბურღულეულის მიღება ხდება...

- ცომეულის გარდა, კარტოფილის და მსგავსი ტიპის პროდუქტების, რაც მეტაბოლურ ცვლას არღვევს, იწყება ინსულინრეზისტეტობა იმიტომ, რომ ორგანიზმში დიდი რაოდენობით ნახშირწყლები შედის. ხშირ შემთხვევაში, ამ კვებამ შეიძლება ორგანიზმს გარკვეული ზიანი მიაყენოს.

იმის გამო, რომ ცილოვანი პროდუქტების ჩანაცვლება ამ პროდუქტებით გვიწევს, რა თქმა უნდა, ცილოვანი საკვების ჩანაცვლება სრულად ვერ ხერხდება, ამიტომ მცენარეული საკვებითაც შეგვიძლია მისი შეცვლა, - მაგალითად, ქათმის ხორცს შევუნაცვლოთ ყველაზე მდიდარი მარცვლეული, როგორიც არის ლობიო.

- ლობიო ხორცს უწევს კონკურენციას?

- თუ 100 გრამი ხორცი 20 გრამ ცილას შეიცავს, ამ შემთხვევაში, 100 გრ ლობიოში 20-დან-25 გრამამდე ცილაა. ასევე აქტიურად შეგვიძლია ისეთი ბოსტნეულის მიღება, როგორიც არის ყვავილოვანი კომბოსტო, ბადრიჯანი, ყაბაყი - ისინი ცილოვანი კომპონენტებითაა გაჯერებული. ასევე ცილის შემცველია წიწიბურაც.

მარხვის პერიოდში აუცილებელია დავიცვათ ზომიერება. ჯანსაღი კვების პრინციპის მიხედვით, არ უნდა მოხდეს ნაყროვანება, ნაყროვანება რელიგიურადაც ცოდვად მიიჩნევა. ამიტომ, ეს ყველა ასპექტი მისაღებია ჯანსაღი ცხოვრების პრინციპებისთვის, ხოლო რელიგიური სწავლების მიხედვით კი, მიმართულია საკურნებლად სულისა და ხორცისა.

- ენდოკრინოლოგიური პაციენტებს - შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის, ავტოიმუნური დაავადებებისას რა რეკომენდაციებს მისცემთ?

- არსებობს გარკვეული ტიპის დაავადებები, რომლის დროსაც, უბრალოდ შეუძლებელია პაციენტის სხვადასხვა კომპონენტის გარეშე დატოვება.

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს მკურნალობის განსაკუთრებული მიზანი, ისევე როგორც შაქრიანი დიაბეტისას, სწორი კვებაა. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიისას ორგანიზმში კალციუმის დეფიციტიც იქმნება, რა დროსაც, კვების რაციონში აუცილებელია რძის პროდუქტების ჩართვა და ამ დროს ექიმის რეკომენდაციას სასულიერო პირებიც ითვალისწინებენ, კურთხევას რძის პროდუქტებზე აძლევენ.

რაც შეეხება დიაბეტს, მისი ძირითადი სამკურნალო საშუალება ნამდვილად არის სწორი კვება. რაც დროსაც ყველა კომპონენტი - ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალები, ვიტამინები დაბალანსებულად და რაციონალურად უნდა შევიდეს ორგანიზმში. ამ დროს შესაძლებელია, ხორცის ნაცვლად, რძისა და რძის პროდუქტების მიღება, რომ დიდი რაოდენობით ბურღულეულსა და პურეულს ავცდეთ. ეს მათ ჯანმრთელობის საფრთხეს უქნის. აქედან გამომდინარე, სამღვდელოება სამედიცინო სფეროს მოსაზრებას და პაციენტის მდგომარეობას ითვალისწინებს.

როგორც აღვნიშნეთ, მარხვა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ხორცზე, ან რძის პროდუქტზე უარის თქმა, ეს არის მტკიცე ნებისყოფისა და ჩვენი სულის სიძლიერის გამოხატულება. უარის თქმა იმისთვის, რომ ცოდვები მოვინანიოთ. შეიძლება ასე მოხდეს, მივიღოთ რძის პროდუქტი, მარხვის პერიოდი ისე განვლოთ, რომ არ ვცოდოთ, მაგრამ შესაძლებლია უარი ვთქვთ ხორცზე, რძის პროდუქტებზე, მივირთვათ მხოლოდ წყალი და პური, მაგრამ ჩვენი საქციელით და სხვა ქმედებით მარხვის პერიოდის განცდა არ გვქონდეს.

მარხვა დაბალანსებულ კვებას ნამდვილად არ ეწინააღმდეგება. მთავარია, ნებისმიერ შემთხვევაში - მარხვისას თუ არა მარხვისას გავითვალისწინოთ ზომა და წონა, რომ ჯანმრთელობას პრობლემები არ შევუქმნათ. მივყვეთ ჯანსაღი კვების რეჟიმს და ამით საკუთარ ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ.

"მიწის თხილი რომ მიირთვათ, შეიძლება უფრო მეტი ალერგია მოგცეთ, ვიდრე ვაქცინამ" - მარინა ენდელაძე საჯაროდ ვაქცინაციის შემდეგ

"პანდემიის დამარცხება მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი" - მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა

"თავს ვგრძნობ გადასარევად... ხედავთ, რომ გავიკეთე ვაქცინა და ამაში არაფერია საშიში" - რას ამბობს პაატა იმნაძე საჯაროდ ვაქცინაციის შემდეგ