"კინაღამ მოკლეს მოსკოვში... პისტოლეტით დაადგა ვიღაც მთვრალი" - რას ყვება პატრიარქის მოსაყდრის მოსკოვურ ცხოვრებაზე მისი მეგობარი

"კინაღამ მოკლეს მოსკოვში... პისტოლეტით დაადგა ვიღაც მთვრალი" - რას ყვება პატრიარქის მოსაყდრის მოსკოვურ ცხოვრებაზე მისი მეგობარი

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ რამდენიმე დღის წინ დაასახელა, 48 წლისაა. მეუფე, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი, თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ის 53-ე სკოლაში სწავლობდა და როგორც ამბობენ, ვირტუოზი მუსიკოსია - სწავლობდა კონსერვატორიაში, უკრავს ჩელოზე. თუმცა, სწავლა მუსიკალური მიმართულებით აღარ გააგრძელა და 24 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა. მისი ბავშვობისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო დეტალებს იხსენებს ჟურნალ "თბილისელებთან" საუბარში პატრიარქის მოსაყდრის ბავშვობის მეგობარი, რეჟისორი გიო მგელაძე. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- როგორი იყო მეუფე შიო ბავშვობაში?

- წესიერი, ზრდილობიანი, არისტოკრატიულად აღზრდილი, კეთილი, ნათელი, მშვიდი, საყვარელი... 53-ე სკოლა, ქუჩა, ძველი ბიჭები - მე ვიყავი ასეთი და ელიზბარი იყო ჩემი მფარველი ანგელოზი. ბავშვობიდან ჩელოზე უკრავდა და საქართველოში ყველა კონკურსს იგებდა. გავიდა საერთაშორისო კონკურსზე და იქაც მოიგო. ბავშვობაში კონცერტებს ვუშლიდით ხოლმე. მუსიკოსებს ხომ "წიკები" აქვთ და ელიზბარსაც ჰქონდა. ჩვენ, ბავშვები კი, შტერები, წინა ადგილზე ვისხედით და რომ გამოდიოდა ელიზბარი დიდი ჩელოთი, სიცილისგან ვიხოცებოდით. მერე დედამისმა გვთხოვა: ყველა კონცერტზე ბოლო ადგილას დასხედითო.

წაიკითხეთ: "პატრიარქს ის ძალიან უყვარს..." - როგორ აღიკვეცა ბერად კონსერვატორიის სტუდენტი ელიზბარ მუჯირი

- როდის დაიწყო მეუფე შიომ ეკლესიური ცხოვრება?

- ერთმანეთის ყოველთვის ძალიან გვჯეროდა და გვჯერა. ჩვენ ფორმალური ნათლიაობა, ან მეჯვარეობა არასდროს გვქონია. ერთ დღეს მოვიდა და მეუბნება: სასულიერო სემინარიაში უნდა ჩავაბაროო. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ, მეუფე შიოს წინაპრების ალბომებს რომ დაათვალიერებ, თაობა არ არის, ერთი-ორი სასულიერო პირი არ ჰყავდეს. ვკითხე: რად გინდა სასულიერო სემინარია-მეთქი, თეოლოგია უნდა ვისწავლოო. იმ დროს შიო მღვიმის მონასტრიდან ახალი ჩამოსული ვიყავი. ვუთხარი: ელიზბარ, მოდი, შიო მღვიმის მონასტერში წადი. იქ იყავი რამდენი ხანიც გინდა, ბიბლიოთეკაა, ყველაფერი და მერე გადაწყვიტე-მეთქი. წავიდა და პირველად, 5 წლის შემდეგ ჩამოვიდა. ჯერ მორჩილებაში იყო, მერე კაბა ჩაიცვა და ნელ-ნელა მოხდა ყველაფერი. მშობლები ძალიან განიცდიდნენ, მაგრამ შემდეგ, მთელი ოჯახი მორწმუნე გახდა. მეც ხშირად ვაკითხავდი, ვრჩებოდი.

- როგორი ემოცია გქონდათ, როცა გაიგეთ პატრიარქის გადაწყვეტილების შესახებ?

- თვითონ არ იცოდა და მე ეს ვიცი 5 წელია, მაგრამ ინფორმაციულად არა, შინაგანად. პატრიარქს უყვარს მეუფე შიო. გუშინ რამდენჯერმე ვესაუბრე და რომ ვუთხარი, ვიცოდი-მეთქი, იცი, როგორ გაუკვირდა: საიდან იცი, მე გუშინ გავიგე, მოულოდნელი იყო ჩემთვისო. რომ ლაპარაკობენ მის მოსკოვში სწავლაზე, არ უნდა ესწავლა? ასეთი სასწავლებელი ბევრგან არის? სადაც იყო, იქ წავიდა. ჩემს სიძესთან ცხოვრობდა: მიდიოდა სასწავლებელში და მოდიოდა სახლშიო, ისეთია, აუცილებლად გაგიჩნდება პატივისცემა - რაფინირებული ინტელიგენტი, საინტერესო ადამიანი და ვინმეს თუ მოეწონა მოსკოვში, ეს რამეს ნიშნავს? დარწმუნებული ვარ, ყველას მოეწონებოდა და შეუყვარდებოდა.

ცოტა ხანს მოსკოვში, ქართული ეკლესიის წინამძღვარი იყო, მაშინაც ჩემს სიძესთან ცხოვრობდა, დის ქმართან, ბინა ჰქონდა იქ. ერთხელ კინაღამ მოკლეს მოსკოვში - თავზე პისტოლეტით დაადგა ვიღაც მთვრალი: "ბლოგოსლავი ბატიუშკაო" (დამლოცე მამაო). მრევლმა უცბად განაიარაღა, გაკოჭა… ერთხელ კოპენჰაგენში მივფრინავდი, ევროკინოაკადემიაში. რუსეთში, "ტამოჟნიაზე" დააპატიმრეს ჩემი ფილმი. აღარ წავედი, ვინერვიულე, ვსვამდი ბევრს და გავხდი ცუდად, ვკვდებოდი. მოსკოვში, სასტუმროში ვიყავი, მამა შიოს დავურეკე. მგონი, ვკვდები-მეთქი. ამ დროს ნომერში შემოდის მაღალი, შავანაფორიანი კაცი და ორი, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ფითქინა ექიმი. ვიფიქრე, მოვკვდი-მეთქი… სამი დღე და ღამე არ გასულა ნომრიდან. მივლიდა, სასწრაფო-სასწრაფოზე მოყავდა...

ნათია უტიაშვილი

ჟურნალი "თბილისელები"

წაიკითხეთ: ვინ არის მიტროპოლიტი შიო, რომელიც პატრიარქის მოსაყდრედ დასახელდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი