ადამ, იგივე გურამ გუმაშვილის მამიდა ისანში სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულებს შორის მისი ძმისშვილის ყოფნას გამორიცხავს.
თინა გუმაშვილი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებ პირს, რომლის ლიკვიდაციაც ხდება და აღნიშნა, რომ ეს ადამ გუმაშვილი არ არის.
"მე ვნახე ფოტოები და ვიდეო, მაგრამ ვინც იქ ჩანს, ის ჩემი ძმისშვილი არ არის. ჩემს ძმისშვილსა და ვიდეოში ნაჩვენებ პიროვნებას შორის არანაირი მსგავსება არ არის. ფიზიკურად სულ სხვანაირია ადამ გუმაშვილი", - განუცხადა "ინტერპრენიუსს" თინა გუმაშვილმა.
ამასთან, თინა გუმაშვილი ამბობს, რომ ადამ გუმაშვილი არის "ისლამური სახელმწიფოს" "იუსტიციის მინისტრი", ის ამჟამად სირიაში იმყოფება და საქართველოში ჩამოსვლას ვერ შეძლებდა.
მისივე თქმით, გუმაშვილის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით აქვს ინფორმაცია, რომ ის სირიიდან ოჯახს დაუკავშირდა.
"რუსთავი 2"-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი ადამ გუმაშვილია.