"წელს დაბადების დღეზე ეტყვი, რომ მამა აღარ ჰყავსო..." - რას ყვება ვანო გოლოშვილის ქვრივი დაღუპული სპეცრაზმელის შესახებ

"წელს დაბადების დღეზე ეტყვი, რომ მამა აღარ ჰყავსო..." - რას ყვება ვანო გოლოშვილის ქვრივი დაღუპული სპეცრაზმელის შესახებ

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს მიღებული დაზიანების შედეგად სპეცრაზმელი ვანო გოლოშვილი დაიღუპა. იგი 9 დეკემბერს 42 წლის გახდებოდა.

გოლოშვილი დუშეთიდან იყო, სოფელ მილისწყაროდან. მას 28 წლის მეუღლე, თამუნა ხელაია და 2 შვილი დარჩა - 3 წლის გიორგი და 5 წლის მარიამი.

როგორც ამბობენ, გოლოშვილი ყველაზე წინ გაიჭრა და იმ ბინის დაზვერვა სცადა, სადაც შეიარაღებული დამნაშავეები იმყოფებდნენ. იქიდან ესროლეს, საიდანაც არ ელოდა. თავში დაჭრილმა სპეცრაზმელმა საავადმყოფოში რამდენიმე საათი იცოცხლა...

სპეცრაზმელის ქვრივმა თამუნა ხელაიამ მის ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაზე და მეუღლეზე, ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ვანო ბუნებით მებრძოლი იყო როგორც თავის საქმეში, ისე ცხოვრებაში, მეგობრებს თუ ნათესავებს გამორჩეულად უყვარდათ. მეშინოდა კიდეც, ყველას ასე ძალიან რატომ უყვარს-მეთქი. ყველას იმედი იყო. სულ მეუბნებოდა, მე გმირად უნდა წავიდე ამქვეყნიდანო. ამბობდა, რომ არ ეშინოდა სიკვდილის და ერთადერთი, რაც აშფოთებდა, ის იყო, ბავშვები როგორ გაიზრდებიან უჩემოდ, როგორი საცოდავები იქნებიანო.

- სიკვდილის მოახლოებას ასე მძაფრად გრძნობდა?

- ერთი წელია, რაც გამუდმებით ამ სიტყვებს გაიძახოდა. ჩვენი მარიამის დაბადების დღე 30 ნოემბერს არის. შარშან ამ დროს ვერ მოახერხა ბავშვის დაბადების დღეზე ყოფნა, მორიგე იყო, ბავშვი სულ ეძებდა. საბავშვო ცენტრში შევუკვეთეთ დაბადების დღის აღნიშვნა და ვუთხარი, შარშან სულ გეძებდა ბავშვი და წელს მაინც წამოდი, რომ გული არ დასწყდეს-მეთქი. იცით, რა მითხრა? წელს დაბადების დღეზე ეტყვი, რომ მამა აღარ ჰყავსო. რას ამბობ-მეთქი, გადავირიე, მაგრამ ჩაიღიმა და აღარაფერი მითხრა. ერთხელ მითხრა, იცი, რა გიჟი ვარ, არაფრის მეშინია და სულ წინა ხაზზე ვარ, როცა რამე ხდება, მაგრამ ამ ბოლო დროს თავს ვიკავებ, რამე არ მომივიდეს და ბავშვები ისე არ დამრჩნენო.

ვანო ბევრჯერ არის გადარჩენილი სიკვდილს. არაფერს ერიდებოდა, სულ წინ იდგა… არ დაიჯერებთ, მაგრამ რაც ახლა მოხდა და როგორი პატივითაც დაიკრძალა, ზუსტად ეს იყო მისი ოცნება...

წაიკითხეთ: "ბავშვის დაბადების დღისთვის ემზადებოდნენ..." - დაღუპულ სპეცრაზმელს 28 წლის მეუღლე და ორი შვილი დარჩა

- რა იცით იმ დღის შესახებ, რა გიამბეს მისმა მეგობრებმა?

- ვანოს სხვა ფანჯარასთან რაღაც საეჭვო შეუმჩნევია. კადრებიც გავრცელდა ინტერნეტში, თუ როგორ გამოეყო ყველას და დაიძრა. უმიზნებს და წინ მიდის. როგორც ჩანს, უნდოდა, ის ტერორისტი ცოცხლად აეყვანა და დაეჭრა. ამ დროს კი სხვა ფანჯრიდან ესროლეს. თავის ძვალი გაუტყდა, ჩაიფშვნა და ტვინი დაუზიანა. რომ მოასვენეს, თავში რაღაც ჰქონდა ჩადგმული და შეხვეული.

...წესად ჰქონდა, დლის 9 საათზე მირეკავდა. 5 წუთს რომ გადააცილებდა, უკვე ვღელავდი. იმ დილით არ დაურეკავს და ასე გახდა 2 საათი, ვერც შევამჩნიე. ბავშვი მყავდა წაყვანილი. ქუჩაში მოვკარი ყური, ტელევიზორში რომ რაღაც ინფორმაციას გადმოსცემდნენ, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, მეგონა, საზღვარგარეთ ხდებოდა რაღაც. ამ დროს დამირეკეს სამართალდამცავებმა, სადაც ხართ, იქ გაჩერდით და მოვალთო. წამიყვანეს საავადმყოფოში. მაშინ ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ და გული კიდევ მუშაობდა სუსტად...

წინა დღეს დილით წავიდა სამსახურში და 22-ში საღამოს უნდა მოსულიყო. ღამის 11 საათზე დამირეკა. თურმე უკვე სპეცოპერაციაზე იყო. ბავშვები მოიკითხა და უცებ გამითიშა...

- ითქვა, რომ ნაქირავებში ცხოვრობთ...

- აქამდე ასე მოვედით, ნაქირავებში, ნაგირავებში ვცხოვრობდით. მერე სესხი ავიღეთ და საერთო ეზოიან სახლში ვცხოვრობთ. მარიამს უნდოდა, კორპუსის ბინაში ეცხოვრა. ეუბნებოდა, აუცილებლად გექნებაო. ამბობდა, ბავშვებს კარგი განათლება უნდა მივცეთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებო.

- სახელმწიფომ 100 000 ლარი უნდა გადმოგცეთ.

- დიახ და იმ ფულით ალბათ სახლს ვიყიდით. ასე რომ, ახლა მკვდარი გვისრულებს დანაპირებს. ბავშვს ეუბნებოდა, სანამ გაიზრდები, გიყიდი, ისე არ მოვკვდებიო. ამ ტრაგედიის მიუხედავად, მარიამს დაბადების დღეს მაინც გადავუხდით. მამამისის სული ყველაფერს ხედავს, ბავშვს რომ ეს დაბადების დღე ჩავაშხამო, ვიცი, იქიდანაც არ მაპატიებს...

რუსუდან ადვაძე

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი