"ყველა სკოლასთან, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მეთვალყურეობას გააძლიერებენ"

"ყველა სკოლასთან, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მეთვალყურეობას გააძლიერებენ"

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლასთან, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მეთვალყურეობას გააძლიერებენ.

ამის შესახებ ჩხენკელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე განცხადებით, ასევე ფუნდამენტურად გადაიხედება მანდატურის სამსახური და მისი გაძლიერება მოხდება.

"მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საზოგადოებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია არასოდეს განმეორდეს. როგორც მოგეხსენებათ, მე შევხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს და გადავწყვიტეთ, შეიქმნას უწყებათაშორისი ჯგუფი, სადაც შევლენ სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის, რასაკვირველია, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, კულტურის და სპორტის სამინისტროები, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდობის თემატიკით არიან დაკავებულები, რომ მოხდეს სტრატეგიის ჩამოყალიბება და მსგავსი ტრაგედია არასოდეს განმეორდეს.

პირველ რიგში, საკითხი ეხება სკოლებში უსაფრთხოებას. მინდა გითხრათ, რომ მანდატურების სამსახურის ფუნდამენტური შესწავლა მოხდება, გადაიხედება. მანდატურის სამსახური გაძლიერდება და რაც მთავარია, მჭიდრო კავშირი დამყარდება მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის. რაც შეეხება საპატრულო პოლიციას, მისი დანიშნულება იქნება სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაკვეთილების დამთავრების შემდგომ. კონკრეტულ დეტალებს, თუ როგორ მოხდება პატრულირება, რასაკვირველია, გაცნობებთ. ჩვენი მიზანია, უკვლებლივ ყველა სკოლა იყოს უსაფრთხო. მიმდინარეობს მუშაობა, თუ როგორ მოხდეს პატრულირება, როგორი მარშრუტი იქნება, რათა გაკვეთილების დასრულების შემდეგ, როდესაც მოსწავლეები სახლში ბრუნდებიან, გაძლიერებული იქნება პატრულირება", - განაცხადა ჩხენკელმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი