გაიცანით ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მასწავლებლები, რომლებიც ბავშვებს ხშირად ურთულეს პირობებში ასწავლიან

გაიცანით ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მასწავლებლები, რომლებიც ბავშვებს ხშირად ურთულეს პირობებში ასწავლიან

მურმანი, თამარი, აკაკი და ირინე - ამ ოთხ ადამიანს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან საერთო ინტერესი და ასაკი აერთიანებს. ისინი საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა მასწავლებლები არიან.

ირინე ბერიძე, 23 წლის

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ოქრუაშვილებში და სოფელ ჩაოში ინგლისურის ერთადერთი მასწავლებელი ყავთ. ეს ირინე ბერიძეა, რომელიც ჯერ მხოლოდ 23 წლის არის და უკვე უფროსი მასწავლებელია.

პროფესია ადრეულ ასაკში აირჩია. ინგლისური ენის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაამთავრა. ასევე გაიარა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. დაახლოებით ერთი წლის წინ ოჯახი შექმნა და ბათუმიდან სოფელ ოქრუაშვილებში გადავიდა საცხოვრებლად. დილის 7 საათზე უკვე ფეხზეა. კვირაში სამჯერ გაკვეთილებს სოფელ ჩაოში ატარებს. 10 კილომეტრის გავლა ხშირად ფეხით უწევს, ამიტომ სახლიდან დილით ადრე გადის.

"ვასწავლი უფროსკლასელებს. არც დილით ადრე ადგომა და არც კილომეტრების გავლა მიჭირს. მასწავლებლის პროფესია შესაძლებლობას გაძლევს, საკუთარი თავი სხვა მხრიდან დაინახო. საკუთარი ცოდნა ბავშვებს გაუზიარო და მათი ერთი დღე უკეთესობისკენ შეცვალო",- გვეუბნება ირინე. ახალგაზრდა პედაგოგს მენტორი მასწავლებლის წოდებამდე ჯერ კიდევ რამდენიმე საფეხური აქვს გასავლელი.

მურმან ჩიხლაძე, 23 წლის

მურმანი, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლაში გეოგრაფიას ასწავლის. სკოლაში, სადაც ამჟამად 33 მოსწავლეა, ახალგაზრდა მასწავლებელი 4 წლის წინ მივიდა.

"ჩემი ყოველი დილა 8-ის ნახევარზე იწყება. მანძილი სოფლიდან სკოლამდე 7 კილომეტრია. მართალია, სიარული მანქანით მიწევს, მაინც ვცდილობ არ დავაგვიანო და სკოლაში ადრე მივიდე. გაკვეთილები, კვირაში 4 დღეზე მაქვს გადანაწილებული. ასევე სკოლაში საქმისმწარმოებელი ვარ".

23 წლის მურმანმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. იმ დროს, სოფელ ძეძილეთის სკოლაში, გეოგრაფიის მასწავლებელს ეძებდნენ. ასე აღმოჩნდა სკოლაში, სადაც მასწავლებლებს შორის ასაკით ყველაზე უმცროსია. "ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს ბავშვებთან ურთიერთობა. იყო ძლიერი ფსიქოლოგი და გქონდეს კარგი განათლება - ეს არის ორი უმთავრესი პირობა, რომელსაც ყველა მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს. არ არის მარტივი, მაგრამ მე მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ" - აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან საუბარში მურმან ჩიხლაძე.

თამარ ყატაშვილი, 23 წლის

თამარ ყატაშვილი რუსთაველია. ქართულს როგორც მეორე ენას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის საჯარო სკოლაში ასწავლის. ორშაბათიდან-ოთხშაბათამდე მარნეულში, მოსწავლის ოჯახში ცხოვრობს. ოთხშაბათს საღამოს ოჯახის წევრების სანახავად რუსთავში ბრუნდება. უკვე ხუთშაბათს დილით, ყულარის სკოლაში ბავშვებს ქართულის გაკვეთილს უტარებს.

"პირველ გაკვეთილზე სანამ შევიდოდი, აზერბაიჯანული მისალმება ვისწავლე და ასე გავაცანი მოსწავლეებს თავი. არასდროს დამავიწყდება მათი ფართოდ გახელილი თვალები და ის ემოცია, რაც იმ დროს განვიცადე. აზერბაიჯანული ყველა სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი, ამიტომ ხშირად ინფორმაციას ჟესტიკულაციებითა და მიმიკებით ვაწვდი" - ამბობს 23 წლის მასწავლებელი.

თამარი კონკურსის წესით მოხვდა პროგრამაში  "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის". პროექტის დასრულების შემდეგ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მისი მაგისტრატურაში სწავლის ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფს.

მოსწავლის ოჯახში, სადაც თამარი ცხოვრობს, სამი ბავშვია. სკოლიდან დაბრუნების შემდეგ, მათ გაკვეთილების მომზადებაში ეხმარება. ბედნიერია, როცა შედეგს ხედავს და მოსწავლეები მისგან მიღებულ ცოდნას ავლენენ. კვალიფიკაციის ამაღლება და ტრენინგების გავლა, მისი სამომავლო გეგმებია.

აკაკი გელაშვილი, 23 წლის

აკაკი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლაში, ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს ასწავლის. სკოლაში, 2015 წელს მივიდა. ახსოვს, როგორ ღელავდა პირველი გაკვეთილის ჩატარების დროს. დღეს, ბავშვებთან ურთიერთობა ყველაზე მეტად მოსწონს. ამბობს, რომ მათგან ბევრს თავადაც სწავლობს.

"სკოლა 2012 წელს დავამთავრე. სწავლა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორია-არქეოლოგიის ფაკულტეტზე გავაგრძელე. ახლა პარალელურად "აიტი აკადემიაში" ვსწავლობ. ორშაბათს სკოლაში გაკვეთილების ჩატარების შემდეგ, თბილისში ლექციებზე მოვდივარ. ხუთშაბათს სოფელში ვბრუნდები და პარასკევს ისევ გაკვეთილებს ვატარებ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა" - აღნიშნავს თორნიკე.

თორნიკე ამჟამად პრაქტიკოსი მასწავლებელია. აპირებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და ახალგაზრდებს მასწავლებლობისკენ მოუწოდებს. "კარგი იქნება თუ მეტი ახალგაზრდა მასწავლებელი გამოჩნდება. სკოლაში ბევრ ცხოვრებისეულ საკითხს სწავლობ. ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა", - გვეუბნება ახალგაზრდა პედაგოგი.

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

როცა მეუფე პეტრემ დაინახა, როგორი იყო სინოდის განჩინება, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა - მიტროპოლიტი სტეფანე

"ისე უხამსად მოიქცა სინოდის სხდომაზე, იძულებულნი გავხდით ხელით გაგვეყვანა" - როგორ აფასებენ სასულიერო პირები მე­უ­ფე პეტ­რეს განცხადებას

"უნდა დატოვოს ყველამ საპატრიარქო, პირველ რიგში პატრიარქმა - ისინი ვერ მართავენ ეკლესიას" - თეოლოგი ბექა მინდიაშვილი