ვინ იქნებიან მენტორები, რომლებიც მედიაჰაკათონზე ინოვაციური პროექტების შექმნას უხელმძღვანელებენ

ვინ იქნებიან მენტორები, რომლებიც მედიაჰაკათონზე ინოვაციური პროექტების შექმნას უხელმძღვანელებენ

ახალი პროექტები, იდეები და ტექნოლოგიური რესურსები, რომლებიც მედიას საქმიანობაში - კონტენტის შექმნაში, მის მონეტიზაციასა და მომხმარებელთა ჩართულობის ზრდაში დაეხმარება - ეს იქნება პროდუქტი, რომელიც საქართველოში პირველ მედიაჰაკათონზე შეიქმნება. ღონისძიება, სახელად "მედიაინოვაცია"22-24 დეკემბერს "სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში გაიმართება. ღონისძიების ღირებულებას ზრდის მაღალკვალიფიციური მენტორები, რომლებიც 3 დღის განმავლობაში მონაწილე ჯგუფებთან იმუშავებენ და მათ იდეების დახვეწასა და განხორციელებაში დაეხმარებიან. ჯგუფები მესამე დღეს მუშაობის შედეგს საკონკურსოდ წარადგენენ. ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომელთაც 4 500 დოლარის ოდენობის გრანტი გადაეცემათ.

წარმოგიდგენთ მენტორებს, რომელთა დახმარებითაც მალე ინოვაციური მედიაპროდუქტები შეიქმნება.

ოლეგ განტი - პროექტის Teplitsa for social good მთავარი რედაქტორია. მას ოცწლიანი გამოცდილება აქვს ტელე, რადიო, ფოტო და ბეჭდურ ჟურნალისტიკაში, ჟურნალისტურ ტრენინგებში, მენეჯმენტსა და სარედაქციო საქმიანობაში. ოლეგ განტს შექმნილი აქვს 22 მედია საიტი, დაფუძნებული აქვს ვებგამოცემა newreporter.org. მისი შექმნილია პოპულარული ვებკურსები ჟურნალისტებისთვის, ფოტოგრაფებისა და მარკეტერებისთვის.

ალექსანდრ (საშა) კრივეცი - UX დიზაინერია უკრაინიდან. განათლებით ჟურნალისტი, 6 წელია, ვებ-დიზაინერად მუშაობს. თანამშრომლობდა სხვადასხვა ციფრულ სააგენტოებთან და დიზაინ სტუდიებთან, ასევე, კომპანიებთან Revo Ukraine, Danone Ukraine, Palazzo Bandinelli, Eurovision Song Contest 2017. ამჟამად მუშაობს კანადის მთავრობის კონსულად საპატრულო პოლიციის რეფორმის პროექტში, კერძოდ დახმარებას უწევს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვის-ცენტრების, ვებ - გაყიდვების და ვებ - სერვისების შემუშავებაში.

კონსტანტინე სტალინსკი - ინტერნეტ ტექნოლოგიების სპეციალისტი. სახელმძღვანელოს "ინტერნეტი და ჟურნალისტიკა"(2014 წლის გამოცემა) ავტორი. 2001 წლიდან ეხმარება საქართველოს რეგიონულ მედიასაშუალებებს რომ გადავიდნენ ინტერნეტ სივრცეში. სოციალური მედიის კონსულტანტი, ტექნიკური და მულტიმედია პროექტების რედაქტორი. არის თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტის ავტორი (2016). ჩატარებული აქვს ტრენინგები საინფორმაციო ტექნოლოგიების და ვებ სტრატეგიის მიმართულებით. ამჟამად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენტორია.

ნოდარ როკო დავითური - ციფრული მედიის და ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტი 2006 წლიდან სხვადასხვა მედია-საშუალებაში ციფრულ მიმართულებებზე მუშაობს. იყო ტელეკომპანია "იმედის"ვების მენეჯერი და ტელეკომპანია PIK-ის ვებ-განყოფილების უფროსი. ამჟამად არის საიტის მენეჯერი ტელეკომპანია "ტაბულაში", "ომედიას"დირექტორი და On.ge-ს მთავარი პროდიუსერი. "ომედიას"ფარგლებში, მონაწილეობა აქვს მიღებული 200-ზე მეტი ვებსაიტის შექმნასა და განვითარებაში.

ელენე ასათიანი -  ახალი მედიის სპეციალისტი, კინოდოკუმენტალისტია, ინტერნიუსი-საქართველოს პროექტის "დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში" რეგიონული რედაქტორია; 2014 წლიდან ხელმძღვანელობს GIPA Media-ს კროსმედია პროექტებს. 2009-12 წლებში მუშაობდა ჟურნალებში "ლიბერალი" და "ცხელი შოკოლადი".

ნინო მაჭარაშვილი - მუშაობდა "ჯამპსტარტ ჯორჯიაში" მონაცემთა ჟურნალისტად და პროექტების კოორდინატორად. 2017 წლის მაისში თავის გუნდთან ერთად დააარსა "ფორსეტი"- კომუნიკაციების ორგანიზაცია, რომლის მიზანია მონაცემების, დიზაინისა და ტექნოლოგიების დახმარებით, კომუნიკაციის ეფექტურობის ზრდა. ნინო, ასევე, Digital Communication Network-ის ბორდის თავმჯდომარეა. ის ასწავლის მონაცემთა ჟურნალისტიკას საქართველოს უნივერსიტეტებში.

გიორგი გოგუა - 2010 წლიდან სხვადასხვა ბეჭდურ და ონლაინ გამოცემაში მულტიმედია რეპორტიორად მუშაობს. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროა ინტერნეტისთვის, უფრო ზუსტად კი სოციალური ქსელისთვის, ადაპტირებული ვიზუალური მასალის შექმნა, მათ შორის ე.წ. სოციალური ვიდეოები (ფეისბუქისთვის გათვლილი მოკლე ინფორმაციული ვიზუალური მასალა), ინფოგრაფიკა, ინტერაქტიული რეპორტინგი. 2014 წლიდან აქვს საკუთარი პროექტი, MyAngle - ვებგვერდი, რომელიც განკუთვნილია სამხრეთ კავკასიაში ამბის თხრობის სხვადასხვა სფეროში მომუშვე ადამიანების (ფოტოგრაფების, ვიდეოგრაფების, მწერალი ჟურნალისტების, გრაფიკოსების, მხატვრების და ა.შ.) ერთმანეთთან დასაკავშირებლად და თანამშრომლობის ხელშესაწყობად.

დავით მაკარიძის - ინიციატივით 1980-იანი წლების ბოლოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მულტიმედიის კვლევის ჯგუფი შეიქმნა. 1990 წლიდან ქმნის კომპიუტერული გრაფიკის განყოფილებას ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის გამოთვლით ცენტრთან. თანამშრომლობდა დამოუკიდებელ ტელეკომპანია "მერმისთან".

1995 წელს მონაწილეობდა თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (MAC) დაფუძნებაში.

1998 წლიდან მუშაობს ააიპ "ინტერნიუსი - საქართველოში"კომპიუტერულ ვიდეო გრაფიკაში და ვებ დეველოპმენტში. თანამშრომლობდა რამოდენიმე ონლაინ მედია რესურსთან, მათ შორის media.ge, "ცხელი შოკოლადი", "ლიბერალი", agenda.ge, "ინდიგო", სხვადასხვა რეგიონულ მედიაგამოცემასთან. 2014 წლიდან მიყავს კურსი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლაში "კიბერკულტურა"და "კომპიუტერული არტი". აფუძნებს სარეკლამო კომპანია "TV+-ს".

ირაკლი თევდორაშვილი - "პალიტრა მედიის"გენერალური დირექტორი და დამფუძნებელია. დღესდღეობით ჰოლდინგი "პალიტრა მედია" მოიცავს როგორც ბეჭდურ მედიას, ასევე 20-ზე მეტ ინტერნეტ პორტალს, რადიოს, ტელევიზიას, საინფორმაციო სააგენტოსა და ლიტერატურის საგამომცემლო სახლს. ჰოლდინგის ნაწილია სარეკლამო, ელექტრონული კომერციისა და ვებ-განვითარების კომპანიები.

ლევან ტაბატაძე - 2009 წლიდან სარეკლამო კომპანია "ედლაინში"მუშაობს WEB DESIGN,-ზე, MONTION DESIGN-სა და UX DESIGN-ზე. 2013 წლიდან მუშაობს "პალიტრა მედიის"NEWSROOM-სა და მარკეტინგის დეპარტამენტში მულტიმედიური პროექტების მიმართულებით. ამჟამად ანხორციელებს მედიაჰოლდინგში შემავალი პლატფორმების რედიზაინსა და რებრენდინგს. ასევე, მონაწილეობს კონკურსებისა და სპეცპროექტების შექმნასა და განხორციელებაში. არის საბავშვო-საგანმანათლებლო თამაშის "გორგასალისა"და 12-მდე მინი თამაშის ავტორი. შექმნილი აქვს 2000-ზე მეტი რიჩ მედია, მულტიმედია, ინტერაქტიული და ანიმაციური ვებ რეკლამა. არის 10-ზე მეტი ანიმაციური ვიდეორეკლამის ავტორი. არის სარეკლამო პლატფორმა QBANNERS.GE-ის ავტორი და მენეჯერი.

შავლეგ კაპანაძე - 2009 წლიდან ვებინდუსტრიაშია დასაქმებული. ის არის პროექტის მენეჯერი, ბიზნესანალიტიკოსი და მოყვარული დეველოპერი. მეორე წელია, ჰოლდინგ "პალიტრა მედიის"ვებგანვითარების გუნდს ხელმძღვანელობს.

გიორგი ავალიანი - შემოქმედებით კომპანია ლივინგსტონში სარეკლამო კამპანიების, დიზაინისა და ციფრული პროექტების კრეატიული დირექტორობის გარდა, საკუთარი შეგნებული ცხოვრების დიდ დროს ჭაჭა "ბოდიშის"ჩამოსხმა-დისტრიბუციასა და "შეტევის"სამოყვარულო არხის გაღვივებაში აბანდებს. გიორგის შრომის მხარდამხარ ლივინგსტონი ქვეყნის ყველაზე დიდ და უხვად დაჯილდოვებულ სააგენტოდ გადაიქცა, კანის სარეკლამო ფესტივალის 2 ლომითა და სხვა 100-ზე მეტი ჯილდოთი - მათ შორის ევრობესტის ახალგაზრდა შემოქმედთა კონკურსის ოქროს მედალი და awwwards.com დღის საიტის პრიზები რამდენიმე ციფრული პროექტისთვის. ახლაც, როდესაც ამ სტრიქონს კითხულობთ, დიდი ალბათობით გიორგი ლივინგსტონის შემოქმედებით გუნდთან ერთად რომელიმე საინტერესო ქართული ბრენდისთვის ციფრულ მედიაში ახალი ხმაურის შექმნაზე ფიქრობს - ისეთი ხმაურის, მილიონობით გულს რომ ააძგერებს და მსოფლიოს ყურადღებასაც მიიქცევს.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი