რატომ ეწინააღმდეგება დეპუტატების ნაწილი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს?

რატომ ეწინააღმდეგება დეპუტატების ნაწილი "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს?

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილეს.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში, ნაცვლად 6 წუთისა 12 წუთს.

კანონის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობაა საპარლამენტო უმრავლესობაში. უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "სამწუხარო" უწოდა იმ ფაქტს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს წამყვანი კომიტეტის - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მხარდაჭერა არა აქვს. როგორც კობერიძემ სესიაზე განაცხადა, ასეთი კანონი თანხმობის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული და გადაწყვეტილების მიღება ხმათა უმრავლესობის პრინციპით არ უნდა ხდებოდეს.

"გაუგებარია კომერციული რეკლამის დამატების თემა. თუკი ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დაფინანსების დამატება, კანონში არის მითითებული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება შეიძლება იყოს მშპ-ს არანაკლებ 0.14%, რაც გვაძლევს იმის უფლებას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაბუთების შემთხვევაში, უფრო მეტი თანხა გამოვყოთ, ვიდრე არის 0.14%. იმის დაფიქსირება, რომ საზოგადოერბივი მაუწყებლის მხრიდან მოხდება ჟურნალისტების სტიმულირება, ჩემთვის ცოტა გაუგებარია კომერციული რეკლამიდან გამომდინარე", - განაცხადა ლევან კობერიძემ.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამაც კრიტიკული პოზიცია გამოხატა. კაკულიას თქმით, პარლამენტის დარგობრივ საკითხთა კომიტეტი მხარს არ უჭერს და სათანადოდ მომზადებულად არ მიიჩნევს ინიცირებულ კანონპროექტს.

"რეკლამასთან დაკავშირებით ჩვენ აბსოლუტურად გაგებით მოვეკიდეთ იმ მოტივაციას, რომელიც წარმოდგენილია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ. ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის დამყარება პოტენციური რეკლამის მომწოდებლებთან. ასევე გასაგებია, რომ ჟურნალისტების სტიმულირებისათვის ერთ-ერთი კარგი მეთოდი შესაძლებელია იყოს მათი ჩართვა ხელფასის ნაწილში, რეკლამიდან მოპოვებული შემოსავლებით, თუმცა ჩვენთვის, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისათვის, ამოსავალია საკითხისათვის კონკურენციის კუთხით შეხედვა.

ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტია ის, რომ ზიარად სარეკლამო ბაზარზე, განსაკუთრებით ახალშექმნილი ტელევიზიებისათვის სამართლიანი მიდგომა არ იქნებოდა. ჩვენ ასევე გადავხედეთ საერთაშორისო პრაქტიკას და იმედი გამოვთქვით, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის განვითარების დონე და კომერციული ტელევიზიები თვისობრივად მაღალ სტანდარტზე იქნება, ჩვენ სამომავლოდ შეგვიძლია ასეთ მიდგომაზე ვიმსჯელოთ", - განაცხადა რომან კაკულიამ.

გარდა კომერციული რეკლამის დაშვებისა, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ასევე უარყოფითად აფასებს სტარტაპებთან დაკავშირებულ ინიციატივასაც. რომან კაკულიამ აღნიშნა, რომ "გამონაკლისების დაშვება, ორმაგი სტანდარტის წინაშე დადგომის საფრთხეს შექმნის". კობერიძის თქმით, საზოგადოერივი მაუწყებლისთვის მსგავსი ფუნქციის დამატება აზრსმოკლებულია, როცა სახელმწიფოს ასეთი პროგრამა აქვს.