"ქიმიოთერაპიის შედეგად საკვერცხეები და ვენები აქვს დამწვარი..." - რაში ადანაშაულებს ექიმს 7 წლის გოგონას ოჯახი და რას პასუხობს ბრალდებებს "ბერი ანდრიას ფონდი"

"ქიმიოთერაპიის შედეგად საკვერცხეები და ვენები აქვს დამწვარი..." - რაში ადანაშაულებს ექიმს 7 წლის გოგონას ოჯახი და რას პასუხობს ბრალდებებს "ბერი ანდრიას ფონდი"

7 წლის ლიზი ტორჩინავას სიცოცხლე საფრთხეშია. რამდენიმე წლის წინ, გოგონას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს, მდგომარეობა მძიმეა. საქართველოში და თურქეთში ჩატარებული ოპერაციებით ვერაგი დაავადება ვერ დაამარცხეს. ლიზი 12 თვის მანძილზე ქიმიოთერაპიის კურსს იტარებდა, მაგრამ ოჯახმა რამდენიმე კვირის წინ, ოპერაციის გასაკეთებლად გერმანიაში წაიყვანა. ბოლო ოპერაცია ბავშვს რამდენიმე საათის წინ ჩაუტარდა, ის ახლაც ნარკოზის ზემოქმედების ქვეშაა.

ლიზი ტორჩინავას ოჯახი წარუმატებელ მკურნალობაში ექიმს და "ბერი ანდრიას ფონდს" ადანაშაულებს. უფრო დეტალურად ამის შესახებ, AMBEBI.GE-ს ლიზის ბებია, ნაილი ტორჩინავა ესაუბრა.

- ბავშვს ორი წლის წინ წანაზარდი გაუჩნდა თავზე და "ნიუ ჰოსპიტალში" ოპერაცია გაუკეთეს. გამოკვლევის გარეშე ჩატარდა ოპერაცია, სამ დღეში გაწერეს სახლში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისევ გაუჩნდა წამონაზარდი თავზე, ისევ გაუკეთდა ოპერაცია. მაგრამ მდგომარეობა გაუარესდა, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. შოკში ჩავვარდით... სასწრაფოდ დავურეკე თემურ ჭყონიას, რომელმაც თანხა ჩაგვირიცხა და თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში წავიყვანეთ ლიზი. თურქი ექიმები შეშფოთდნენ, როგორ შეიძლებოდა გამოკვლევების გარეშე ოპერაციის გაკეთებაო. ქართველმა ექიმმა კი განაცხადა, თითქოს ოჯახმა თქვა უარი ბავშვის გამოკვლევებზე და პირდაპირ ოპერაციას დათანხმდა.

დახმარებისთვის "სოლიდარობის ფონდს" მივმართეთ, ლიზის დედა "ბერი ანდრიას ფონდშიც" იყო. ბავშვს თურქმა ექიმებმა, ოპერაციის შემდეგ დაუნიშნეს, ქიმიოთერაპია. გადაწყდა რომ ეს პროცედურა საქართველოში ჩატარდებოდა. "ბერი ანდრიას ფონდის" წარმომადგენელმა შეახვედრა ბავშვის მშობლები ექიმს, რომელიც ფონდთან თანამშრომლობს და 12 თვის მანძილზე ლიზის ქიმიოთერაპია უტარდებოდა. მაგრამ მდგომარეობა კი არ გამოსწორდა, პირიქით გაუარესდა და ამის გამო გერმანიაში წავიყვანეთ ბავშვი.

- გერმანელი ექიმებისგან რა პასუხები მიიღეთ?

- ბავშვს ქიმიოთერაპიის შედეგად დამწვარი აქვს საკვერცხეები და ვენები. თვალიც ცუდ დღეში აქვს. ქიმიოთერაპიის დაწყებამდე უნდა დაეკონსერვებინათ საკვერცხე და ეს არ გააკეთეს. გერმანელი ექიმი ითხოვს იმ წამლების დასახელებას, რომელიც უკეთდებოდა ბავშვს და "ბერი ანდრიას ფონდი" არ გვაძლევს ამ ჩამონათვალს. ლიზის თუ რამე დაემართება ქვას ქვაზე არ დავტოვებ!

AMBEBI.GE პატარა ლიზის მკურნალ ექიმს მამუკა ჩუთლაშვილს დაუკავშირდა:

- ლიზი ტორჩინავა ჩემი პაციენტი იყო. მამამ მთხოვა ფორმა 100 და მე ეს ფორმა მივეცი ქართულ ენაზე. უნდა გადაეთარგმნა და ნოტარიულად დაემოწმებინა ბავშვის მშობელს. როგორ დავმალავდი გერმანელი ექიმებისთვის ბავშვის ისტორიას, როცა სადაზღვევოში წარსადგენად არაერთხელ მივეცი?! რომ ამბობენ შედეგი არ გამოიღო მამუკას მკურნალობამო, როგორ არ გამოიღო შედეგი? ორი წელი გამქრალი იყო სიმსივნე. ეს არის ონკოლოგია და ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს რეციდივი. მამამისი მკურნალობის დროს მადლობის მეტს არაფერს გვეუბნებოდა და გერმანიაში როცა წავიდნენ, ახლა გახდა უშედეგო ჩვენი მკურნალობა?!

სხვა შემთხვევებიც ყოფილა, როცა მე თურქეთიდან ჩამოტანილ სქემას არ დავთანხმებივარ და პაციენტთან შეთანხმებით დამიწყია ჩემი მეთოდით მკურნალობა. ბევრი მაგალითი არსებობს როცა თურქეთში დაღუპეს ბავშვი და ისევ აქ დაბრუნებულან. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, ელემენტარულად ტელეფონზე მაინც დარეკონ და თქვან პრეტენზია, ფეისბუქზე რას წერენ?!

AMBEBI.GE-მ გოგონას ოჯახის ბრალდებებზე პასუხები "ბერი ანდრიას ფონდის" წარმომადგენლისგანაც მოისმინა.

დედა თინათინი (ბერი ანდრიას ფონდის დამაარსებელი): "ლიზიკოს ოჯახი რამდენიმე წლის წინ მოვიდა ჩვენთან დახმარების თხოვნით. წლები ვეხმარებოდით, კარგად იყო ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ოპერაცია და ქიმიოთერაპია ჩაუტარდა. გოგონა ორი წელი გვყავდა კონტროლზე და ამ თანხებს ფარავდა "ბერი ანდრიას ფონდი". მშობლების მადლობის წერილები ახლაც შენახული მაქვს. ორი წლის შემდეგ კი ბავშვს განუვითარდა რეციდივი და ოჯახმა გადაწყვიტა, სამკურნალოდ გერმანიაში წავიყვანთ და თან ლტოლვილად ჩავბარდებითო.

- ოჯახი ამბობს, რომ ფონდი არ აძლევს იმ წამლების ჩამონათვალს, რომლითაც საქართველოში მკურნალობდნენ. ამ ჩამონათვალის წარდგენა მათ გერმანელი ექიმებისთვის სურდათ...

- როცა ბავშვის მამამ მითხრა გერმანიაში ჩავბარდებით დევნილად და ბავშვს იქ ვუმკურნალებთო, ვუთხარი, ფორმა 100 და ბავშვისთვის ჩატარებული გამოკვლევები გერმანულად ათარგმნინე და ნოტარიულად დაამოწმებინემეთქი. რამდენიმე დღის მერე მოვიდა და მითხრა ძალიან ძვირია, თარგმნა და ნოტარიულად დამტკიცება და იქნებ ვინმე გყავდეს ვინც გადათარგმნისო. მე გერმანული ენის სპეციალისტს არავის ვიცნობ სამწუხაროდ. მათ ყველანაირი დოკუმენტები აქვთ, რაც უნდა ჰქონდეს პაციენტის ოჯახს.

- ექიმ მამუკა ჩუთლაშვილთან ქიმიოთერაპიის გაკეთება თქვენ ურჩიეთ?

- ორი სპეციალისტი გვყავს ნინო ტოტოღაშვილი და მამუკა ჩუთლაშვილი. ვუთხარი ორივე ნახეთ და ვისთანაც გადაწყვეტთ, იმასთან იმკურნალეთ-მეთქი. თავად თქვეს ჩუთლაშვილთან მკურნალობა გვირჩევნიაო. სოლიდარობის ფონდშიც მე ვიყავი, რომ დახმარებოდნენ, ყოველთვის გვერდით ვედექი მათ. სულ მადლობებს მეუბნებოდნენ. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ვიწვევ ჩემთან, მზად ვარ ყველა კითხვას პასუხი გავცე და დავარწმუნო, რომ ეს არის ცრუ ბრალდებები.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი