"ტელეფონს არ ვუპასუხე... აღმოჩნდა, რომ 2017 წლის "ჰიუნდაის" ვიგებდი" - როგორ შეცვალა "უიღბლო ზარმა" ახალგაზრდა მწვრთნელის ცხოვრება

"ტელეფონს არ ვუპასუხე... აღმოჩნდა, რომ 2017 წლის "ჰიუნდაის" ვიგებდი" - როგორ შეცვალა "უიღბლო ზარმა" ახალგაზრდა მწვრთნელის ცხოვრება

"ჩემი სამსახური ძალიან მიყვარს, მწვრთნელი ვარ. ბავშვებთან მუშაობა რთულია, რადგან ძნელია, რამე გამოაპარო, მათი სიყვარული მოიპოვო, სპორტი შეაყვარო და კარგ ადამიანად ჩამოყალიბებაში დაეხმარო... აკადემიაში ასეთი წესია, ვარჯიშის მიმდინარეობისას ტელეფონზე საუბარი არ შეიძლება, მეც ვემორჩილები, წესების კაცი ვარ, ბავშვებსაც მაგალითს ვაძლევ, სხვაგვარად დისციპლინას ვერ ისწავლიან. დღესაც მოუთმენელმა ლოდინმა ჩაიარა და სანატრელ ვარჯიშზე ავედი. 21:23-ზე ტელეფონმა დამირეკა. სამჯერ არ ვუპასუხე"... - ეს ამონარიდია ბექა ჭყოიძის სტატუსიდან, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამბავს უცნაური და ამაღელვებელი გაგრძელება აქვს.

10 წუთის შემდეგ, ბექამ შემოსულ ნომერზე დარეკა. აღმოჩნდა, ერთ-ერთი გათამაშებიდან ურეკავდნენ, მისი ნომერი ამოვიდა, პრიზი - 2017 წლის "ჰიუნდაი აქცენტი" იყო. ეს ამბავი აქ არ სრულდება, დანარჩენს ბექა თავად გვიამბობს.

- ხარაგაულში დავიბადე და გავიზარდე. პროგრამისტობა მინდოდა და დღეს კალათბურთის მწვრთნელი ვარ. სანამ მწვრთნელი გავხდებოდი, ჩემს ცხოვრებაში იყო "კავეენი", შემდეგ სცენარისტად ვმუშაობდი, მერე ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩავაბარე და მესამე კურსზე ვარ.

- ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში როგორ აღმოჩნდი?

- კალათბურთი ჩემს ცხოვრებაში უეცრად არ გაჩენილა. მთელი ცხოვრება სპორტის ამ სახეობით ვიყავი გატაცებული. მიუხედავად იმისა, რომ სცენარისტად მუშაობის პერიოდში, შინ მხოლოდ დასაძინებლად მივდიოდი, ღამე კალათბურთის თამაშებს ვუყურებდი. არდადეგების დროს ხარაგაულში ჩავდიოდი. იქ მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი", კალათბურთის პოპულარიზაციას ვეწეოდით, ტურნირებს ვატარებდით. ადრე კალათბურთს სულ 5-6 ბავშვი თუ თამაშობდა, წელს ზაფხულზე ჩემპიონატი რომ ჩავატარეთ, 10 გუნდი დიდებში გვყავდა, 8 - პატარებში და თითო თამაშს 300-მდე მაყურებელი ესწრებოდა. მოედანი საკუთარი ხელით მოვაწყვეთ, ფარიც თავად ავაწყვეთ. ხარაგაულში არის სპორტის სასახლე, რომელიც არა მხოლოდ რეგიონში, დასავლეთ საქართველოში საუკეთესოა. ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა ივარჯიშონ.

ძალიან მინდოდა, კალათბურთში ჩემი ცოდნა მხოლოდ მოყვარულის დონეზე არ დარჩენილიყო, მეტად გამეღრმავებინა. მწვრთნელის ლიცენზია რომ ამეღო, სამწვრთნელო გამოცდილება უნდა მქონოდა.

არსებობენ სკოლები, სადაც შეგიძლია, ლიცენზიის გარეშე იმუშაო, გამოცდილება დააგროვო და შემდეგ გამოცდაზე გახვიდე. მე არავინ მყოლია ისეთი, ვინც დამეხმარებოდა და სადმე "გამჩითავდა".

ერთ დღეს საქართველოს ნაკრების ასისტენტ მწვრთნელ კოტე ტუღუშს, სოციალურ ქსელში მივწერე, რომ მწვრთნელად მუშაობის სურვილი მქონდა. ანაზღაურების გარეშე მუშაობაზე თანახმა ვიყავი. გამოხმაურებას დიდად არ ველოდებოდი, მაგრამ ბატონმა კოტემ დამირეკა და მითხრა, მყავს მეგობარი, რომელიც ყურადღებას მოგაქცევს და ცხოვრებაში კარგ შანსს მოგცემსო. მან ამ აკადემიის ერთ-ერთ წარმომადგენელს შემახვედრა. იმ პერიოდში სამსახურიდან წამოსული ვიყავი, ვსწავლობდი, თან ახალ სამსახურს ვეძებდი, შემოთავაზებაც მქონდა, 3 დღეში მუშაობა უნდა დამეწყო, არც თუ ურიგო ადგილზე, ნორმალური ანაზღაურებით.

შევხვდი ირაკლი შანიძეს, ვილაპარაკეთ და მითხრა, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია შენნაირ ახალგაზრდებს ეძებს, მთავარია, სურვილი გქონდეს. საწყის ეტაპზე ეს მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე იქნებაო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

ერთი წერილი კოტე ტუღუშთან, ერთი ზარი მისგან, ერთი შეხვედრა და მე უკვე კალათბურთის აკადემიაში ვიყავი. ეს შოკი იყო, ოცნებები სრულდება. ნაშოვნ სამსახურზე უარი ვთქვი. შევხვდი აკადემიის დირექტორს, მთავარ მწვრთნელს და მეორე დღესვე ვარჯიშზე მწვრთნელის დამხმარედ მივედი. თბილად მიმიღეს, კომფორტულ ზონაში აღმოვჩნდი. 3 თვის შემდეგ მწვრთნელად დავიწყე მუშაობა. წელს 6 გუნდს ვავარჯიშებ, 4 გუნდი 12 წლამდე მოზარდები არიან და 2 გუნდი - 16 წლამდე ბიჭების.

- ახლა იმ დღეზე მიამბე, რა მიზეზითაც ჩვენი შეხვედრა მოხდა.

- ვარჯიშზე ზარებს არ ვპასუხობ, ტელეფონი იმისთვის შემაქვს, რომ დრო ვაკონტროლო, წამმზომის ფუნქციას ვიყენებ. იმ დღესაც ასე იყო, ტელეფონზე ზარი შემოვიდა, ქალაქის ნომრიდან იყო და არ ვუპასუხე. მეორედაც დარეკა... ვარჯიშიდან გამოსვლის შემდეგ შემოსულ ნომერზე დავრეკე და გავარკვიე, რომ ერთ-ერთი გათამაშებიდან მირეკავდნენ. 4 ბილეთი მქონდა. სულ სამი პრიზი თამაშდებოდა: 1000 ლარი ერთჯერადად, აიფონ X და ავტომობილი... აღმოჩნდა, რომ მე 2017 წლის "ჰიუნდაი აქცენტს" ვიგებდი. ის ღამე არ მიძინია, წამიერად ჩამთვლემდა, უაზრო სიზმრებს ვნახულობდი, მეღვიძებოდა. სრული შოკი მქონდა. სოციალურ ქსელში სტატუსი დავწერე, რომ არ ამომეთქვა, გული გამისკდებოდა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი