ვინ არის ქალი, რომელსაც "შატილის ასულო" მიეძღვნა - "მა­ღა­ლი, ტა­ნა­შოლ­ტი­ლი გო­გო ვი­ყა­ვი"

ვინ არის ქალი, რომელსაც "შატილის ასულო" მიეძღვნა - "მა­ღა­ლი, ტა­ნა­შოლ­ტი­ლი გო­გო ვი­ყა­ვი"

18 წლის ყოფილა ფატიმა წოტოიძე, როდესაც მასზე გამიჯნურებულ თანასოფლელს - იოსებ ლონგიშვილს მისთვის ლექსები მიუძღვნია. სწორედ მაშინ დაწერილა "შატილის ასულო, ლერწამო ფატიმა"... იმ დროს ალბათ ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ეს ლექსი მალე "ამღერდებოდა" და სახალხო გახდებოდა. თანაც, იმდენად სახალხო, რომ წლების შემდეგ სასამართლოში დასჭირდებოდათ იმის მტკიცება, თუ ვინ იყო მისი ავტორი. ფატიმა წოტოიძე ახლა 75 წლისაა და სოფელ ზემო ალვანში შვილთან, რძალსა და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. დამაინტერესა ამ წყვილის სიყვარულისა და ლექსის შექმნის ისტორიამ და ფატიმა ბებოს ალვანში ვესტუმრე.

- აქაური, ალვანელი ქალი ვარ. დედაჩემი პირველად 13 წლის გაუთხოვებიათ, 14 წლისა კი დაქვრივებულა. ზუსტად ერთ წელიწადში ნათესავებს ხელმეორედ გაუთხოვებიათ - მიმხედი და პატრონი გჭირდებაო. 7 წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა. მახსოვს, მუხლებამდე ვწვდებოდი. შირაქში მუშაობდა, კოლექტივის კამეჩების ფერმაში. თავიდან თქვეს, წყალში დაიხრჩოო, მერე კი ხმა გამოვიდა, ამხანაგებმა ფულის გამო გაწირეს და მოკლესო. მრავალშვილიანი ოჯახი გვქონდა და დედას ძალიან უჭირდა ჩვენი გაზრდა. ხელმოკლედ, დიდ გაჭირვებაში ვცხოვრობდით. სკოლის დამთავრების შემდეგ "საექთნოზე" ვაბარებდი. რატომ, ახლაც არ ვიცი - ნემსისა და წამლის დანახვაზე გული მიწუხდებოდა, მაგრამ ვერ ჩავაბარე. ჰოდა, უსაქმოდ რა გამაჩერებდა ახალგაზრდა ქალს და მეურნეობა რომ დაარსდა, 1961 წელს, დიდი და პატარა სამუშაოდ გავედით. წოტოიძე ჩემი გვარია. რომ გავთხოვდი, ქმარმა მითხრა: ქმრის გვარზე უნდა გადმოხვიდეო და საბჭოში ხელის მოსაწერად რომ წავედით, ლონგიშვილი გავხდი. მართალია, გაჭირვებითა და ვაი-ვაგლახით გავიზარდე, რა მემღერებოდა, მაგრამ სიმღერა და მოლხენა მაინც ძალიან მიყვარდა. საკრავი არ მქონდა და ვერც ერთ ინსტრუმენტზე ვერ ვუკრავ, მაგრამ სიმღერა - გიყვარდეს!.. კარგი აღნაგობის ვიყავი ახალგაზრდობისას, სუფრა ისე არ ჩაივლიდა, არ მემღერა და ვინმეს ყურადღება არ მიმექცია, ბევრს მოვწონდი კიდეც... ერთხელ ერთმა ბიჭმა მითხრა, - ახლა რომ გაგიტაცო, რას იზამო? სხვა წყევლა-კრულვას მიაყრიდა, მე კი ვუთხარი: გამიხარდება, თუ გიყვარვარ, რაღას ვიზამ-მეთქი? (იცინის).

- ალბათ იოსებიც ამით მოიხიბლა, ხომ?

- კი არ ვტრაბახობ, მაგრამ მაღალი, ტანაშოლტილი გოგო ვიყავი. როგორც გითხარი, ისე არ ჩაივლიდა ქეიფი, ვიღაცას არ მოვწონებოდი. ეტყობა, იოსებმაც შემამჩნია და მოვეწონე. ლექსების წერის სურვილი, მუზა გაუჩნდა ჩემი გაცნობის შემდეგ და მთხოვნელებიც მომიგზავნა. უარზე ვიყავი, ასაკით ბევრად უფროსია და არ გავყვები-მეთქი. 16 წლით იყო ჩემზე უფროსი. ხან ვის ვეკითხებოდი, რამდენი წლისაა-მეთქი, ხან - ვის, მაგრამ არავინ მეუბნებოდა სიმართლეს. ერთხელ, მაშინ უკვე დაოჯახებულები ვიყავით, სტუმრები გვყავდა და იოსები სადღეგრძელოს ამბობდა: 1942 წელს მე ბატკანში ვიყავი, პატარა მებატკნე (ანუ მეცხვარე) ვიყავიო და მე აღარ ვაცადე დასრულება, დავუძახე: ნეტავ, მაშინ სად გყავდა-მეთქი მეუღლე. ისე გაბრაზდა... ასაკს ხაზს რომ ვუსვამდი, არ მოსწონდა.

- აბა, როგორღა გადაწყვიტეთ მასზე გათხოვება?

- ერთ ზაფხულს მთაში წავედი - ალაზნის თავში. ისეთი ლამაზია იქაურობა, მართლა ცასთან ახლოს გეგონება თავი... იქიდან რომ ჩამოვედი, მეგობრებმა მითხრეს, შენზე ლექსია დაწერილიო. რა ლექსი, ვინ დაწერა-მეთქი? - გამიკვირდა. - რა ლექსი და "შატილის ასულო, ლერწამო ფატიმაო". - იქნებ სხვაზეა-მეთქი დაწერილი, - ვიუარე. თურმე მართლა ჩემზე დაუწერია. სოფლელებმა უცებ აიტაცეს და შეიყვარეს ლექსიცა და სიმღერაც, მაგრამ მერე სხვა, კიდევ უფრო უკეთესი ლექსებიც დამიწერა. "პირიმზის ეშხი, სიტურფე მის ღიმილს დაუფარიაო" - ერთ ლექსში ასე წერს ჩემზე. მესიამოვნა, ესე იგი, ჩემი ღიმილიც მოსწონს-მეთქი... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი