ზედაშეს ტრადიცია საქართველოში - რა ვიცით "განსაკუთრებული ღვინის" შესახებ

ზედაშეს ტრადიცია საქართველოში - რა ვიცით "განსაკუთრებული ღვინის" შესახებ

ზედაშე არის ღვინო, რომელსაც ზიარების დროს ან ჯვრისწერის წესის შესრულებისას იყენებენ. ხალხურ ყოფაში მას საეკლესიო დღესასწაულისთვის საგანგებოდ შემონახულ საუკეთესო ღვინოს უწოდებდნენ. საერთოდ კი, მაღალი ხარისხის ღვინოა, შესაწირავი, რომელსაც ყურძნის მოსავლის გამორჩეული ნაწილის პირველი ნაწურისგან სალოცავის სახელზე აყენებდნენ, მოსავალი ბარაქიანი და დოვლათიანი რომ ყოფილიყო.

საზედაშე ტკბილის ჭურში ჩასხმის დროს სანთელს აანთებდნენ, დაილოცებოდნენ, ღმერთს წყალობას შესთხოვდნენ და ხატს დღეობაზე მიართმევდნენ.

შეწირული ღვინის გასესხება, გაყიდვა ან სხვა დღეებში მოხმარება შეუძლებელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხატი გაწყრებოდა.

საზედაშე ღვინის დაყენების ტრადიცია, სავარაუდოდ, სათავეს იღებს წარმართული ეპოქიდან და ღვინის კულტს უკავშირდება, რაც შემდეგ ქრისტიანობამ კიდევ უფრო გააღრმავა... საზედაშე ქვევრების მოვლა-პატრონობასა და სარიტუალო საქმიანობაში მხოლოდ მამაკაცი მონაწილეობდა. ამ ინფორმაციას ნ. თოფურიას "ღვინის ზედაშეები" გვაწვდის. საინტერესოა, რა ხდება დღეს ქართულ რეალობაში, არსებობს თუ არა ასეთი ქვევრები და სრულდება თუ არა ისეთივე რიტუალები, თუნდაც საშობაოდ, როგორც ძველად.

ამ თემაზე გვესაუბრება, თიკა დუღაშვილი - ჟურნალისტი, მუსიკისმცოდნე, ადამიანი, რომელმაც პაპისეული მარანი ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში ოჯახთან ერთად აღადგინა, სადაც საზედაშე ქვევრებიც საკმარისად აქვთ.

- ჩვენი ღვინის ეზოს მარანში 6 ზედაშე გვაქვს, ეს პატარა საგვარეულო ქვევრებია, რომელსაც დიდი ისტორია აქვს - რამდენიმე თაობა გამოიარა. სამწუხაროდ, პაპა ცოცხალი აღარ არის, მაგრამ როგორც თავად გვიყვებოდა, ზედაშე ქვევრი განსაკუთრებული თიხისგანაა დამზადებული. მას ოჯახში ყველაზე საპატიო ადგილი ეკავა. მახსოვს, რამდენად გულმოდგინედ უვლიდა მათ - წმენდდა, ასუფთავებდა. მასში განსაკუთრებულ ღვინოს აყენებდა. დღესასწაულებზე და შაბათ დღეს სანთელს ანთებდა.

- ყოველი ასეთი ქვევრი ამა თუ იმ ვერსიის მიხედვით, ქრისტიანულ დესასწაულებზე უნდა გახსნილიყო, განსაკუთრებით კი, ქრისტეს შობაზე. თქვენთვისაც ასე იყო?

- რაც პაპას მონათხრობიდან შემიძლია გავიხსენო, ეს არის საგვარეულო და საშობაო ზედაშეები. სამწუხაროდ, საბჭოთა პერიოდში ეს ტრადიცია დაიკარგა, თუმცა, მრავალი წლის შემდეგ, ჩვენთან წელს პირველად იხსნება საშობაო ზედაშე.

მართალია, არასდროს მომისმენია, მაგრამ კახეთში ზედაშეს გახსნას თურმე საგალობელიც ახლდა. ერთ-ერთი ვერსია გიგი გარაყანიძეს აქვს ჩაწერილი, ვაპირებ, ვისწავლო, ვიმღერო და ტურისტებიც ვამღერო... კონსერვატორიაში მუსიკისმცოდნეობაზე ვსწავლობდი, ეთნოგრაფია, ფოლკლორი უცხო არ არის და ცოტას ვმღერი კიდეც, რაც ამ საქმეში დამეხმარება.

- როდის არის ქვევრები მარანში ჩაყრილი?

- ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან რაც თავი მახსოვს, სულ იყო და არის, თუმცა როგორც გითხარით, დღეს უკვე ახალი სიცოცხლე შეიძინა... როგორც პაპა იტყოდა, ალბათ ყველაზე მადლიანი და გემრიელი ამ ქვევრში ჩამდგარი ღვინოა... როგორც სხვადასხვა წყაროდან აღმოჩნდა, მახარებს ფაქტი, რომ ნამდვილ მარნად ის ითვლება, სადაც ზედაშეა. ამ მხრივ კი, ძალიან გაგვიმართლა... მინდა ჩვენი ოჯახის სახელით შობა-ახალი წელი სრულიად საქართველოს მივულოცო! სიკეთე, ხვავი, ბარაქა და ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი