"დავიძინეთ თბილისში და გავიღვიძეთ ლონდონში" - რამ გამოიწვია ქალაქში ნისლი

"დავიძინეთ თბილისში და გავიღვიძეთ ლონდონში" - რამ გამოიწვია ქალაქში ნისლი

7 იანვარს, საღამოს თბილისში ჩამოწოლილმა უჩვეულო ნისლმა დედაქალაქელები დააბნია. დაბნეულობასთან ერთად, ამან აეროპორტის მგზავრებს დიდი დისკომფორტიც შეუქმნა: ძლიერი ნისლის გამო თბილისის აეროპორტიდან 10 ფრენა გაუქმდა - თეირანის მიმართულებით გაუქმდა 2 ფრენა, სტამბოლის მიმართულებით - 5, მიუნხენის, ბაქოსა და დუბაის მიმართულებით თითო-თითო ფრენა.

სოციალურ ქსელში უამრავი სტატუსი დაიწერა და კითხვა დაისვა, რამ გამოიწვია ქალაქში ნისლი. ნისლიანმა თბილისმა ფეისბუქ-მომხმარებლები რომანტიკისა და ლონდონური განწყობის ხასიათზე მოიყვანა:

"ლონდონია რა... მე ასეთი ნისლი მარტო კონან დოილთან მახსოვს. პატრულმა გამაჩერა, პროფილაქტიკის მიზნით და რატომღაც მეგონა ლესტრეიდი ან გრეგსონი იქნებოდა გვარად"

"თბილისში ასეთი ნისლი პირველად ვნახე ცხოვრებაში... თან დიდ დიღომში - ქარების საბრძანებელში შემოიპარა ნისლი... ჰო, და ზღარბი შემხვდა ფუთით, დათვს ეძებდა..."

"დღეს ისეთი ლამაზი და დიადი იყო ნისლი. ვიჯექი, ყავის ჭიქით ხელში, და გავცქეროდი მის მოახლოებას. ვხედავდი როგორ ჩამოდიოდა ციდან და შარავანდედად ეფინებოდა ამ ცივ და ნესტიან მიწას. მალე მისმა სითეთრემ ყველა სხვა ფერი შთანთქა, ყველა სხვა ფერზე აღზევდა..."

"ამხელა მოვიყარე და ასეთი ჯადოსნური ნისლი თბილისში კი არა, საერთოდ არ მინახავს"

"დავიძინეთ თბილისში და გავიღვიძეთ ლონდონში" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები ფეისბუქში.

დავინტერესდით, რეალურად რამ გამოიწვია თბილისში ნისლიანობა, მით უმეტეს, რომ ეს ბოლო თვეში პირველი შემთხვევა არ არის. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, თბილისში ძლიერი ნისლის მიზეზი კასპიის ზღვიდან შემოსული ნოტიო და შედარებით ცივი ჰაერის მასები გახდა.

"ყველა მოვლენას აქვს თავის მიზეზი. შემოდგომასა და ზამთარში ნისლიანი ამინდი ხშირად ფიქსირდება აღმოსავლეთ საქართველოში, როცა კასპიის ზღვიდან ვრცელდება ნოტიო და შედარებით ცივი ჰაერის მასები და ძალიან მაღალია სინოტივე. ტემპერატურული კონტრასტი, მაღალი სინოტივე - ეს ყველა ფაქტორი ერთად იწვევს ნისლს. ნისლი ჩვენ ამ კვირის პროგნოზშიც გვქონდა და ეს სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. რა თქმა უნდა, შემაწუხებელია და საშიშ მოვლენად ითვლება, განსაკუთრებით ავიაციისთვის", - განუცხადა AMBEBI.GE სვეტლანა ნიორაძემ.

მთავარი ფოტო: ქეთი ტორიაშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი