"სუფრიდან ისე უნდა ამდგარიყო ქართველი, ფეხი არ არეოდა..." - ქართული სუფრის ტრადიციები, რომლებიც დამახინჯდა

"სუფრიდან ისე უნდა ამდგარიყო ქართველი, ფეხი არ არეოდა..." - ქართული სუფრის ტრადიციები, რომლებიც დამახინჯდა

ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქართული ტრადიციებიდან ბევრი რამ შესაცვლელია ან საერთოდ დასავიწყებელი, ვინაიდან თანამედროვეობასთან არ არის შესაბამისობაში. ამ საკითხებს სოციალურ ქსელშიც აქტიურად განიხილავენ.

სანამ კონკრეტულ ტრადიციებს შევეხებით, მანამდე იმაზე, თუ რა არის ზოგადად ტრადიცია, რაზეც ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, როლანდ თოფჩიშვილი გვესაუბრება: "ტრადიცია არის ისტორიულად ჩამოყალიბებული ქცევის მტკიცე წესები, შეხედულებები, გემოვნება, რომელიმე ეთნოსის ზნე, წეს-ჩვეულება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და რომელიც მისი კულტურის მემკვიდრეობითობასა და ერთობას უზრუნველყოფს. ხალხები ერთმანეთისაგან არა მხოლოდ ენით, არამედ ტრადიციებით, ეთნიკური კულტურითაც განსხვავდებოდნენ და განსხვავდებიან".

ეთნოლოგის თქმით, ტრადიციას ევოლუციონისტებმა და მარქსისტებმა ტერმინი გადმონაშთი დაუპირისპირეს, რაშიც საზოგადოებისთვის შეუფერებელ წეს-ჩვეულებებს გულისხმობდნენ. საბჭოთა ეპოქაში ასეთ ტრადიციებს ანუ გადმონაშთებს ბოლშევიკებმა ბრძოლა გამოუცხადეს - განსაკუთრებით დაუნდობელნი იყვნენ რწმენის მიმართ. 1970-იან წლებში საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ ხელახლა გამოუცხადა ბრძოლა ე.წ. მავნე ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, რამაც უკუშედეგი გამოიღო და საზოგადოებისთვის მიუღებელი ბევრი ნოვაცია გაჩნდა. ტრადიციაზე, თუ ის ხალხისთვის მიუღებელია, საზოგადოებამ უნდა თქვას უარი.

"ქართველ ხალხს სრულად არ მოუტანია დღემდე ის წეს-ჩვეულებები, რასაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა. იქმნებოდა ინოვაციებიც. ინოვაცია ესაა ეთნიკური კულტურის ახალი მოვლენა, რომელიც ეთნოსის განვითარების წინა სტადიაზე არ არსებობდა, მაგრამ გამოჩნდა შემდეგ და მისი ორგანული ნაწილი გახდა" - ამბობს როლანდ თოფჩიშვილი და მიიჩნევს, რომ ზოგიერთი რამ ქართველ ხალხს შესაცვლელი აქვს, გლობალიზაციისა და მოდერნიზაციის ეპოქა გარკვეულ მსხვერპლსაც მოითხოვს, რაღაცები თანამედროვე საზოგადოებისთვის მიუღებელია, მაგრამ მათი აკრძალვა ნეობოლშევიზმი იქნება. საბჭოთა პერიოდში ბევრი ტრადიცია შეირყვნა და მიუღებელი ნოვაცია გაჩნდა, რაც იმ სისტემისათვის ერთგვარი პროტესტის გამოხატულებაც იყო.

- დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ქართული ტრადიციაა, თუ ტრადიციის დამახინჯება?

- ალკოჰოლიზმს, სასმელის განუზომელი რაოდენობით სმას, ტრადიციებთან არავითარი საერთო არა აქვს. ქართულ ტრადიციულ საზოგადოებაში სასმელს ზომიერად მიირთმევდნენ. ვის ეცალა მუდმივად ამისთვის? ლოთი და განუზომლად სმის მოყვარული ხალხი ასეთ სუფრულ სიმღერებს შექმნიდა? ტრადიციულად, ქართველებმა ჭამაც ზომიერი იცოდნენ. აკადემიკოსი გ. ჩიტაია აღნიშნავს: "ჭამის დროს ქართველები თავშეკავებულები არიან. ქართული ანდაზის მიხედვით "ვაჟკაცს უნდა შეეძლოს ცხრა სუფრის გამოცვლა და ისევ იყოს ჭამისაგან მოუყირჭებელიო" ან კიდევ "ჭამის შემდეგ ხილობაო, არის გვარიშვილობაო" და სხვ."

- ზოგჯერ თამადა სუფრასთან დიქტატორი ხდება, ე.წ. თამადობის ინსტიტუტზე რას იტყვით? რა ფორმით არსებობდა ის წარსულში?

- თამადის ინსტიტუტი ნამდვილად ქართული ტრადიციაა. თამადად ირჩევდნენ მჭერმეტყველ, პატივსაცემ და ასაკოვან ადამიანს. კარგი თამადის მოსმენას არაფერი სჯობდა. სუფრაზე უფროსები უმცროსებს ზრდიდნენ, კაცობის, პატიოსნების მაგალითებს აჩვენებდნენ. თამადა ხშირად იხსენებდა წარსულს, საგმირო ამბებს - ამით მტრის ხშირი თავდასხმების ეპოქაში თამადის მსმენელი ახალგაზრდები პატრიოტებად იზრდებოდნენ. უმცროსები უფროსებისადმი მოწიწებას სწავლობდნენ.

ქართული სუფრა ერთგვარი სპექტაკლიც იყო. კარგი თამადა მჭერმეტყველი, ენამახვილი და იმპროვიზატორიც გახლდათ. საქართველოში ვის როგორც შეეძლო, ისე და იმდენ ღვინოს მიირთმევდა. თამადა არასდროს არავის აძალებდა სასმელს. ვინც კარგი მსმელი იყო, ისინი უფრო დიდხანს რჩებოდნენ სუფრასთან და შეიძლება ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კიდეც სმაში. მაგრამ, ვიმეორებ, სუფრიდან ისე უნდა ამდგარიყო ქართველი, ფეხი არ არეოდა და სახლში სხვისი მისაყვანი არ გამხდარიყო.

სადღეგრძელოს აუცილებლად მოსდევდა სიმღერა, სიმღერას - ლექსი, ლექსს - ცეკვა. სადღეგრძელო, სიმღერა, ლექსი, ცეკვა, ხუმრობა ჩვეულებრივი ამბავი იყო და ქორწილში ისე დაათენდებოდათ, რომ გალეშილი ამ ქორწილიდან არავინ გამოვიდოდა. XVII საუკუნის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, თბილისში ბატონიშვილის ქორწილს რომ დაესწრო, ქართულ სუფრაზე არსებული წესრიგითა და სისტემატიურობით გაოცდა. ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ "სუფრაზე სამი ევროპელი ვიყავით და ჩვენ უფრო მეტს ვხმაურობდით, ვიდრე ყველა ასორმოცდაათი კაცი, რომელიც სეფაში იყო". აგრეთვე, მამაკაცების უმეტესობამ იცოდა თავის ნორმა. მე ვიცი, რომ პაპაჩემი ორ ლიტრზე მეტს არ სვამდა. ორი ლიტრის შემდეგ ფეხი აერეოდა და სირცხვილი იყო სუფრიდან ასე ამდგარიყო. ოქროს სტუმარი რომ მოსვლოდა, ბოდიშს მოიხდიდა, ეტყოდა: ჩემი ნორმა მე უკვე მივიღე და თუ სტუმარი გააგრძელებდა სმას, ის სუფრაზე რჩებოდა, მაგრამ მეტს აღარ სვამდა. ასეთი იყო ქართველი მამაკაცების უმრავლესობა.

ქართულ სუფრაზე როდესაც ადამიანს ადღეგრძელებენ, ხშირად მას აღმატებით თვისებებს მიაწერენ, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის - ვისაც ამას ეუბნებიან, უბრალოდ ახსენებენ, რომ სასურველია, ასეთი იყოს. ესეც აღზრდის, ადამიანზე ზემოქმედების ერთ-ერთი საშუალებაა. ასეთი სუფრები - ქორწილების, დღეობების, ხატობების, საგვარო თავყრილობების, ქელეხების - ინახავს ძველ ადამიანურ ურთიერთობებს, ნათესაობას არ ავიწყებს. ადამიანები ერთმანეთის მიმართ გაუცხოვებულნი არ ხდებიან. სხვათა შორის, ქართული ტემპერამენტის ჩამოყალიბებაში ღვინოს (ნივთიერებებს, რომლებიც მასში შედიოდა) განუსაზღვრელი როლი აქვს ნათამაშევი, იგივე შეიძლება ითქვას ქართულ მრავალხმიან სიმღერებსა და ცეცხლოვან ცეკვებზე, რომლითაც ვამაყობთ.

- დღეს ქეიფის დროს მამაკაცები პატივისცემის ნიშნად ერთმანეთს ეხვევიან და კოცნიან. რამდენად იყო ეს ჩვენთვის ტრადიციული?

- არც ეს იყო საქართველოში მიღებული. მხოლოდ პატივსაცემ პიროვნებებს, ასაკით უფროსებს მხარზე ეამბორებოდნენ. მამაკაცების მიერ ერთმანეთის კოცნა შეხვედრისა თუ ქეიფის დროს საბჭოთა პერიოდში დამკვიდრდა. ასაკით უფროს ადამიანებს, ალბათ, ახსოვთ როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს კომუნისტური პარტიის "ბელადები" პარტიულ შეკრებებზე და ურთიერთშეხვედრის დროს. ერთმანეთის კოცნის ეს სენი მაშინ შეეყარა ქართულ საზოგადოებას. სხვათა შორის, საქართველოში სულ რაღაც სამი თაობის წინ, მშობლების მიერ შვილების კოცნაც კი არ იყო მიღებული. ისე, სიტყვა "ქეიფი" ქართული არაა. ის აღმოსავლური "კაიფის" ვარიანტია. ეს ლექსიკური ერთეული სულხან-საბა ორბელიანმა არ იცოდა. საქართველოში მხოლოდ ნადიმობა ანუ მეჯლისები იცოდნენ. ნადი თუ სამუშაკოდ შეყრა იყო, ნადიმი - ტრაპეზზე შეყრა.

ქართველმა ხალხმა ვფიქრობ, გვერდში უნდა ამოიყენოს ტრადიციების შემსწავლელი მეცნიერება - ეთნოლოგია, რომ ტრადიციების სახელით ზოგიერთ მახინჯ და მიუღებელ ნოვაციას ადვილად დააღწიონ თავი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მოდერნირებას და ევროპულ ოჯახში შესვლას, ტრადიციები ხელს არ უშლის. საამისოდ იაპონელები, კორეელები და ჩინელები შეიძლება გავიხსენოთ, რომლებმაც საზოგადოების მოდერნიზაცია ტრადიციების შენარჩუნებით მოახდინეს.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ძლიერი წვიმა და სეტყვა - როგორია დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

"როცა რუსეთთან მიმართებაში საერთო სამოქმედო გეგმა არ გაგვაჩნია, ერთი ადამიანის ლანძღვა არასწორია" - არველაძე შენგელიას ცსკა-ში გადასვლაზე

"გიორგის მშობლებმა წარმოუდგენელი სულგრძელობა გამოიჩინეს... ამბობდნენ, ღმერთო მიუტევეო" - ხეჩიკაშვილის ემოციური ეთერი