ავტორი:

უნდა აბანაოთ თუ არა ბავშვი ჩუტყვავილას დროს და რატომ იკრძალება მისი სასეირნოდ გაყვანა - პედიატრის განმარტება

უნდა აბანაოთ თუ არა ბავშვი ჩუტყვავილას დროს და რატომ იკრძალება მისი სასეირნოდ გაყვანა - პედიატრის განმარტება

ჩუტყვავილა ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ფიქსირდება, თუმცა ციკლურად მატულობს და მისი შემთხვევები ზამთრის სეზონზე ყოველთვის ბევრია.

დაავადების თავიდან არიდების საუკეთესო პრევენცია ვაქცინაციაა, თუმცა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გეგმიური აცრების სიაში არ შედის და ვაქცინის შეძენა სხვადასხვა კერძო კლინიკაშია შესაძლებელი. ვაქცინა საკმაოდ ძვირი ღირს - კლინიკების ნაწილში მისი ღირებულება 200 ლარია.

როგორ უნდა მოვუაროთ ბავშვს, თუ ჩუტყვავილათი დაავადდება, უნდა ვაბანაოთ თუ არა ყოველდღიურად და გავასეირნოთ თუ არა ეზოში - AMBEBI.GE-ს კითხვებს პედიატრმა, ექიმმა-ინფექციონისტმა თინათინ ქორიძემ უპასუხა:

"კანის და პირის ღრუს ჰიგიენა არის უმთავრესი. ბავშვი აუცილებლად უნდა ვაბანაოთ, თუმცა არა ღრუბლით, რომ გამონაყარი მექანიკურად არ დავაზიანოთ. ბავშვს უნდა გადავავლოთ ქაფიანი წყალი და შემდეგ წყლით მოვაშოროთ ქაფი, თუმცა არა შხაპის საშუალებით, არამედ - ტოლჩით დავასხათ წყალი, რომ ბუშტუკები არ დაზიანდეს.

რაც შეეხება გამონაყარს - ბუშტუკები, ანუ შიგთავსიანი, სითხიანი გამონაყარი უნდა დავამუშავოთ ბრილიანტის მწვანით. მხოლოდ ბუშტუკი და არა თვითონ პირველადი ელემენტი, რომელიც სიწითლის სახით ჩნდება კანზე.

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გამონაყარი არ მოიქავოს ბავშვმა, ექიმის რეკომენდაციით უნდა მივცეთ საჭირო დასამშვიდებელი საშუალებები, რომ ქავილის შეგრძნება შევამციროთ," - ამბობს თინათინ ქორიძე.

რაც შეეხება ჩუტყვავილათი დაავადებული ბავშვის ჰაერზე გასეირნებას, პედიატრი აცხადებს, რომ მისი გარეთ გაყვანა კატეგორიულად არ შეიძლება.

"პირველი 7 დღე, როდესაც გამონაყარის აქტიური პერიოდია, ეპიდემიოლოგიურად საშიშროებას წარმოადგენს გარშემომყოფთათვის. როგორც კი შეწყდება გამონაყარი, დაავადება მისგან აღარავის გადაედება, თუმცა ახლა უკვე თავად ბავშვისთვის წარმოადგენს ხალხმრავალი ადგილები საფრთხეს, რადგან იმუნიტეტი დასუსტებული აქვს და სხვა ტიპის ვირუსის თანდართვა შესაძლოა, მოხდეს", - განმარტავს პედიატრი.

ჩუტყვავილას ჰერპეს ზოსტერის ვირუსი იწვევს. ინფექციის წყაროა ჩუტყვავილათი დაავადებული ადამიანი გამონაყარის დაწყებამდე 2 დღით ადრე და გამონაყარიდან 5-7 დღის განმავლობაში. ინკუბაციური პერიოდი 7-21 დღეა. ინფექცია გადაეცემა როგორც ჰაერით (დაავადებული ლაპარაკის, ხველის, ცხვირის დაცემინებისას გარემოში გამოყოფს უმცირეს წვეთებს, მასში არსებული ვირუსები კი ჩასუნთქულ ჰაერთან ერთად ხვდება მეორე ადამიანის ორგანიზმში) ისე კონტაქტური (ამ შემთხვევაში ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებულის ნახმარი ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები) გზით.

თინათინ კაკიაშვილი, AMBEBI.GE

" შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, ცილისწამებას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი" - პატრიარქი

შეხვდა თუ არა ივანიშვილი ვასაძეს - უმრავლესობის წევრების კომენტარები

„თბილისი ენერჯი“ : სპეციალისტებმა ოქტომბერში დედაქალაქში 7053 სასიკვდილო დანადგარი ჩახსნეს ქსელიდან